მაცოცხლებელი წყალი

ბოლოს დამატებული ბლოგები

“ჩვენი რიტუალი” - ბორჯომის და ლივინგსტონის ახალი კამპანია

“ჩვენი რიტუალი” - ბორჯომის და ლივინგსტონის ახალი კამპანია

“გახსენი, ისიამოვნე, იგრძენი სიმსუბუქე” — ის ახალი რიტუალია, რომლითაც ქართულმა მინერალურმა წყალმა “ბორჯომმა” მომხმარებელს ვიდეო რგოლი გააცნო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის წინაშე ახალი კამპანია წარადგინა.    კამპანია და ვიდეო კონცეფცია სააგენტო “Skipads-მა” შექმნა, ხოლო მის აღსრულებაზე კრეატიულმა სააგენტო “ლივინგსოტმა” იმუშავა. ბრენდის 135 წლიანი მემკვიდრეობა სხვადასხვა ეპოქით გადმოგვცა და “ბორჯომის” ისტორიული როლი შეგვახსენა.  წლების მანძილზე მინერალური წყალი გასტრონომიის უცვლელი წევრი იყო. ეს ტრადიცია კი, დღესაც გრძელდება. “ბორჯომი” ოჯახური შეკრებებისა თუ ფართოდ გაშლილი სუფრების ერთ-ერთ მთავარ გმირად რჩება. თავისი უნიკალური თვისებებით კი, ყოველ კერძს უფრო მსუბუქსა და გემრიელს ხდის.  ქართული კულტურისა და კულინარიული სამყაროს ავთენტურად საჩვენებლად გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კავკასიონის ხედებიდან შავი ზღვის სანაპირომდე “ბორჯომმა” ნამდვილი გასტრომონიული თავგადასავალი შექმნა. ემილი ქორიძე,ლივინსტონის კრეატივ დირექტორი Ბორჯომთან ერთად გადაღებები ყოველთვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსეა, იქედან გამომდინარე რომ ახალი სტრატეგიით ბორჯომი კიდევ უფრო უკავშირდება ქართულ ფესვესბს, ვცდილობთ რგოლებში აქცენტი გავაკეთოთ ქართულ ბუნებაზე, სამზარეულოზე, კულტურაზე, მუსიკაზე… რაც საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ საქართველოს ბევრი ლამაზი მხარე, გავაცოცხლოთ ყველასთვის საყვარელი ქართული მელოდიები და კიდევ ერთხელ ავსახოთ ეკრანებზე ის რაც გვიყვარს და გვეამაყება, ეს ყველაფერი კი დიდ შრომასთან და პატარ-პატარა გამოწვევებთან არის დაკავშირებული.   ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი ბორჯომი გლობალ ბრენდია, შესაბამისი სტანდარტებით. ჩვენი კამპანიები ერთდროულად რამოდენიმე ბაზრისთვის მზადდება ხოლმე, რის გამოც კამპანიის ბოლოს ვაბარებთ ასეულობით განსხვავებულ ქონთენთს. წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბია. ეს ჩვენთვის ყოველთვის ახალი პროფესიული გამოწვევა და სწავლის შესაძლებლობაა. იშვიათად შევხვედრილვარ საქართველოში ბრენდს ქონდეს ასეთი კომპლექსური და ამბიციური პროექტები.  წლევანდელი კამპანიით გვინდოდა ლამაზად და ეფექტურად გვეჩვენებინა, რომ ბორჯომი ჩვენი კულტურის, სტუმარ-მასპინძლობის და საამაყო გურმანული თავგადასავლების განუყოფელი ნაწილია. ბორჯომი საშუალებას გვაძლევს ბოლომდე ვისიამოვნოთ მრავალფეროვანი კერძებით, თანაც ისე რომ არ დავკარგოთ ლაღად მოლხენის ქართული ტრადიციული ნეტარება.   
14 მარტი, 2025
“ბორჯომის” განახლებული ვიზუალური იდენტობა

“ბორჯომის” განახლებული ვიზუალური იდენტობა

უკვე 135 წელია, რაც ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი” ისტორიას ქმნის. მდიდარი წარსულითა და უნიკალური ბუნებრივი შემადგენლობით ამაყი ბრენდი, მსოფლიოს უამრავ ბაზარზე ახალი ვიზუალური იდენტობით წარსდგება.  რედიზაინი ბრენდის მემკვიდრეობით, ტრადიციების დაფასებითა და უმაღლესი ხარისხის ხაზგასმითაა შექმნილი. სწორედ ასე აგრძელებს “ბორჯომი” ვიზუალური თანმიმდევრულობის შენარჩუნებას როგორც მთავარ, ასევე ინოვაციურ პროდუქტებში მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. განახლებული იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. ახალ შეფუთვაზე “ბორჯომის” სახასიათო სიმბოლო — ირემი, ბოთლის როგორც წინა, ასევე ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. ამაყად მდგარი ირემი “ბორჯომის” აღმოჩენის ლეგენდას გვახსენებს. ამასთან ერთად კი, სწორედ იმ სიამაყის გრძნობას გადმოსცემს, რომელიც ბრენდს საკუთარი წარსულის მიმართ აქვს. ისტორიის მანძილზე “ბორჯომის” პეიზაჟი ბოთლზე ოვალური ფორმით იყო განთავსებული. ამ მემკვიდრეობის ხაზგასასმელად ბორჯომის მთების კომპოზიცია ირემთან ერთად კვლავ ამ სახით შეგვხვდება, თუმცა, ამჯერად ოვალი თანამედროვე ვიზუალითაა შეცვლილი, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ბრენდის პრემიალურობას. განახლებული შეფუთვა ბრენდს კონსისტენტურობის შესაძლებლობასაც აძლევს — გააფართოვოს პროდუქტთა კატეგორიები ისე, რომ მათ შორის კავშირი არ დაკარგოს. ბრენდისა და ქვებრენდის ვიზუალური განგრძობითობის დასტური კი, “ბორჯომის” ინოვაციური პროდუქტი — ლიმონათია. “დიზაინ არქიტექტურის ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, უკეთ ცნობადს ხდის “ბორჯომის” სხვადასხვა პროდუქტებს, მეორე მხრივ კი, ბაზისია ახალი კატეგორიების შესაქმნელად” — ასე აღწერს განახლებას ვიზუალური იდენტობის ავტორი ოსბორნ პაიკი. დღეს “ბორჯომი” სწორედ ის ბრენდია, რომელიც თავისი ისტორიის ერთგული რჩება. ამ საამაყო ლეგენდას კი, ბრწყინვალედ გვიყვება განახლებული შეფუთვით. სწორედ ასე, საკუთარი ისტორიის სიამაყით, უმაღლესი ხარისხის გამოკვეთითა და ვიზუალური თანმიმდევრულობის შერწყმით “ბორჯომი” ახერხებს, ქართული კულტურა თითოეულ მომხმარებელს გაუზიაროს.
12 აგვისტო, 2024
ბორჯომი - ბუნების სასწაულების სამშობლო

ბორჯომი - ბუნების სასწაულების სამშობლო

ბორჯომი - საოცარი სილამაზის, ჰოლისტური და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქია.  ადგილი, სადაც ჰაერს თავგადასავლების სურნელი აქვს. აქ ნახავ ყველაფერს: ბუნების თვალწარმტაც პეიზაჟებს, მინერალურ და გოგირდოვან სამკურნალო წყლებს, მდიდარი ისტორიული წარსულის ნაკვალევს. და მაინც რა არის ის, რაც ამ ადგილს ასეთ განსაკუთრებულს და მიმზიდველს ხდის?  ბორჯომის ცენტრალური პარკი - ბორჯომის შუაგულში მდებარე ეს რეკრეაციული ზონა სიმშვიდეში ჩაძირვის და ბუნებასთან შერწყმის საშუალებას გაძლევთ. პარკის მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე სეირნობისას, შეხვდებით საოცარ სანახაობებს: მდინარის თვალისმომჭრელ ხეობებს, სურნელოვან ხეებს, ლამაზ ხიდებს, და ა.შ. ეს საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მოწყდეთ საქმიან ყოველდღიურობას და ისიამოვნოთ ბუნებასთან სიახლოვით.  ამ რეკრეაციულ ზონაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკუნეების განმავლობაში ცნობილი, თერაპიული მნიშვნელობის მქონე ლეგენდარული „ბორჯომის" მინერალური წყალი. თუ პარკს გაცდებით და ფეხით ცოტას გაისეირნებთ, აღმოაჩენთ რომ თქვენი ჰოლისტური გამოცდილება მის საზღვრებს მიღმაც გრძელდება. სიმწვანეში ჩაფლული ბილიკები ამჯერად ბორჯომის გოგირდის აუზებთან მიგიყვანთ! გოგირდის აბანოების ეს თბილი, მინერალებით მდიდარი წყლები საუკეთესოა კუნთების დამშვიდების, კანის სტრუქტურის გაუმჯობესების, რესპირატორული ჯანმრთელობისა და სტრესის მოხსნისთვის.   გოგირდის აბანოებში ჩაფლობა საუკუნოვანი რიტუალია, რომელიც ბორჯომის ყველა სტუმარმა აუცილებლად უნდა გამოცადოს.  ბორჯომის მინერალური წყალი - დედამიწის სიღრმიდან მომდინარე ეს ჯადოსნური სითხე, თავისი სამკურნალო თვისებების დამსახურებით, მთელ მსოფლიოში არის ცნობილია. „ბორჯომის" ვულკანური წარმოშობის წყალი კავკასიონის წიაღიდან - 8 000 მეტრის სიღრმრიდან მოედინება. ის 60-მდე მინერალს შეიცავს. სწორედ ამით აიხსნება მისი უნიკალური თვისებები.  „ბორჯომის" მინერალური წყალი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული საქართველოს კულტურასა და ისტორიასთან. ის ქართული სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. „ბორჯომის" მინერალური წყლის გარეშე არ ჩაივლის არცერთი სადღესასწაულო სუფრა თუ დიპლომატიური შეხვედრა. ის საქართველოს ბუნების სასწაული და ქართველი ხალხის სიამაყეა.  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი -  კავკასიონის მთებში ჩაფლული  ეს საოცარი პარკი, გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი საგანძურის სიმდიდრით. ეს სივრცე, საუკეთესო ადგილია ბუნების მოყვარულებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის და მათთვის, ვისაც სურს ქართული ლანდშაფტების ხელშეუხებელ სილამაზეს შეაფაროს თავი. პარკში არაერთი საფეხმავლო ბილიკია, რომელიც წარმოუდგენელ ხედებს, უღრან ტყეებს, თვალუწვდენელ მდელოებს და კამკამა ნაკადულებს მიუყვება. ამ მოგზაურობაში, ყოველი ნაბიჯი აღმოჩენაა, რომელიც საქართველოს ბუნების თვალწარმტაც პეიზაჟებს ასახავს. ამ საოცარ ტყეში ლაშქრობისას, შეიძლება იშვიათი სახეობის კეთილშობილ ირემს, შველს და არჩვსაც კი გადაეყაროთ.  ბუნების საოცრებების გარდა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მატარებელია. ლანდშაფტზე წარმოდგენილია უძველესი საგუშაგო კოშკები და ნანგრევები.  ისტორიული ძეგლები - ბორჯომის მხარე არა მხოლოდ ბუნების, არამედ ისტორიული და კულტურული ძეგლების სიმდიდრითაც გამოირჩევა. მათ შორისაა: ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მწვანე მონასტერი, რომანოვების სასახლე, პეტრას და აწყურის ციხეები, ტიმოთესუბნის მონასტერი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია. ეს უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა რომანოვების სამეფო ოჯახის კანცელარია იყო. მუზეუმი საუკუნეების ქრონიკებს ასახავს. მის კედლებში წარმოდგენილია ათეულობით ათასობით ექსპონატი და არტეფაქტი ბრინჯაოს ხანიდან, ადრეული შუა საუკუნეებიდან და თანამედროვე ეპოქიდან. აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ ძვირფასი კულტურული ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საგულდაგულოდ შენახული ხელნაწერები, არამედ ფლორისა და ფაუნის ნიმუშებიც. ეს ყველაფერი ერთად, მუზეუმის ვიზიტორებს ბორჯომის ევოლუციის სრულყოფილ სურათს წარმოუდგენს.  ცენტრალურ პარკში სეირნობის, მინერალური წყლის დაგემოვნების თუ ისტორიული ადგილების დათვალიერებისას, ბორჯომი თითქოს გიწვევთ რომ შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქოთ და ჩაიძიროთ ამ საოცარი ადგილების სილამაზესა და სიმშვიდეში. ბორჯომში ვიზიტი არ არის მხოლოდ მოგზაურობა. ეს არის საქართველოს ბუნების საოცრებების შეგრძნების შესაძლებლობა.  
05 მარტი, 2024
ქიმიური სასწაული

ქიმიური სასწაული

რაც ადრე ადამიანებს სასწაული გვეგონა, მეცნიერებამ ყველაფერს  მიწიერი ახსნა-განმარტება მოუძებნა. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ამით სასწაულს ფასი დაეკარგა და ნიცშესაც დაეთანხმოთ,  მაგრამ სინამდვილეში პირიქით, მეცნიერებამ სასწაულებს კიდევ უფრო დამატებითი, ღრმა განზომილება შესძინა. დღეს „ბორჯომის" შემადგენლობაზე უნდა ვილაპარაკოთ - მეცნიერულად ახსნილ სასწაულზე.  ორ ზღვას შუა ძველისძველად არც არაფერი არ იყო და ეს ორი ზღვაც სინამდვილეში იყო ერთი. გამოხდა ხანი, მიწა იძრა, გადაადგილდნენ ქანები და ზღვიდან ამოიზიდნენ მთანი მაღალნი. შავი ზღვა და კასპიის ზღვა კი ერთმანეთს დაშორდნენ. მათ შორის არსებული წყალი  კი სადღაც მიწის სიღრმეში ჩავიდა და იქ დაიდო ბინა.  დიდი ხნის ამბავს არ გიყვებით, სულ ახლახან, 1-2 მილიონი წლის წინ მოხდა. მთა რომელიც ზღვის ზემოთ მოექცა, გეოლოგიური ასაკით ძალიან ახალგაზრდად ითვლება. ახალგაზრდა მთას კი ასეთი თავისებურება აქვს, მინერალებით მდიდარია, თანაც ეს მინერალები ადვილად ირეცხება. სწორედ ასეთია „ბორჯომი" - იუვენილური, მიკროელემენტებით სავსე.  მეცნიერები 13 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს გამოყოფენ, გაგიკვირდებათ და „ბორჯომში" აბსოლუტურად ყველაა.   განკურნების სასწაული, რომელსაც ძველი ადამიანები ამოუხსნელ ძალას, ღმერთს ან ანგელოზებს მიაწერდნენ, თურმე კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, სოდის, კალციუმის, მაგნიუმის, სილიციუმის, ქლორის, ალუმინის, ტიტანიუმის, თუთიის, ფტორის, სტრონციუმის და ბორიუმის ერთობლივი მუშაობის შედეგი ყოფილა. მათი დამსახურებით უამრავი ადამიანი განიკურნა, მგონი იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებას და აღაირებას, ჰოდა მათზე ვისაუბროთ.  K - კალიუმი  კალიუმი უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უკიდურესად საჭირო ელემენტია.  ის არეგულირებს გულის ცემას, პასუხს აგებს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. კალიუმი მცირე ელექტრონული მუხტის მატარებელია, რომელსაც დანარჩენ უჯრედებსაც გადასცემს და აცოცხლებს. ამ ელემენტს ადამიანის სხეული თავად ვერ აწარმოებს, ამიტომ საჭიროა მისი გარედან მიღება, კალიუმის ძირითადი წყარო არის: ხილი, ჩირი, ბოსტნეული და რასაკვირველია „ბორჯომი"!  შემდეგი მინერალი „ბორჯომის" შემადგენლობაში Na -  ნატრიუმი ნატრიუმი სხეულში სითხის ბალანსისთვის გვჭირდება, იმისათვის რომ დეჰიდრატაციით გამოწვეული დისკომფორტი თავიდან ავირიდოთ, სწორედ ნატრიუმი უნდა გვქონდეს მწყობრში. „ბორჯომი" მისი ერთ-ერთი მთავარი წყაროა.  Ca - კალციუმი თანამედროვეობაში კალციუმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური ელემენტია. ამაგრებს ძვლებს, კბილებს, ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. არეგულირებს სისხლის წნევას. ამის გარდა სხეულს სჭირდება კალციუმი ორი რამისთვის:  ერთი - ჯეროვნად რომ ამოძრაოს კუნთები და მეორე - ნერვულმა სისტემამ ნორმალურად შეძლოს  შეტყობინებების მიტანა ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის. თუ ეს კონტაქტი მოშლილია, ჩათვალეთ, რომ თქვენი სხეული უკონტროლო მექანიზმია, რომელიც პატრონს არ ემორჩილება.  Zn - თუთია თუთია ძალების აღსადგენად გვჭირდება, ის ჭრილობების შეხორცებაში მონაწილეობს, ასევე დიდი როლი აკისრია უჯრედების გაყოფაში და იმუნიტეტის მოძლიერებაში.  Se - სელენი  ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მეტაბოლიზმის პროცესში. უჯრედებს ეფარება როგორც ფარი და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან! თავისუფალი რადიკალები მავნე უჯრედები არიან, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას იწვევენ. თანამედროვე არაეკოლოგიური ცხოვრების პირობებში ისინი ყველგან არიან: ჰაერში, საკვებში, სასმელ წყალში. სელენი ადამიანის უმნიშვნელოვანესი მეგობარია. შემთხვევით არ გვიხსენებია სიტყვა ფარი,  ის ფარისებრ ჯირკვალსაც ეხმარება მუშაობაში.  P - ფოსფორი  ბერძნულად სინათლის მატარებელს ნიშნავს. კალციუმთან ერთად ესეც უმნიშვნელოვანესია კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის.  ასევე არეგულირებს სისხლში მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას.  Mg - მაგნიუმი ეს თუ არ გვაქვს ჩათვალეთ, სხვა მინერალების დისბალანსიც თითქმის გარდაუვალია, რადგან სწორედ მაგნიუმი ეხმარება სხეულს დანარჩენი ელემენტების ათვისებაში. შესაძლოა კალციუმს იღებდეთ, მაგრამ თუ მაგნიუმის დანაკლისია, დროთა განმავლობაში კალციუმის დანაკლისიც გაჩნდება, რადგან სხეული მაგნიუმის გარეშე კალციუმს ვერ ითვისებს. გარდა ამისა, მაგნიუმი მიმდინარე 350 პროცესში მონაწილეობს!  მაგნიუმის დეფიციტი უამრავი დაავადების მიზეზია, მისი ნაკლებობა ადრე თუ გვიან სხვა მინერალების ნაკლებობასაც იწვევს. ამიტომ თვალი გეჭიროთ მაგნიუმზე და იქონიეთ ბორჯომი სიახლოვეში. S - გოგირდი  გოგირდი სამყაროში ფრიად გავრცელებული ელემენტია. ალბათ გსმენიათ, რომ სხეულის მთავარი საშენი მასალა ცილებია, მაგრამ ეს ცილებიც რაღაცამ უნდა ააშენოს.  ერთ-ერთი ასეთი გოგირდია, ის ცილის მოლეკულების სივრცობრივ აგებულებას უზრუნველყოფს. ჩართულია არაერთი აუცილებელი ამინომჟავას მეტაბოლიზმის პროცესში. ამინომჟავებზე კი პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა,  ბედნიერება და თქვენ წარმოიდგინეთ, სიყვარულიც კი.  შეგიძლიათ ამ წამს თვალები დახუჭოთ, ყურადღება სხეულზე გადაიტანოთ და ეცადოთო ეს ყველაფერი შიგნიდან  შეიგრძნოთ. სხეული, რომელსაც ახლა განვკარგავთ, სავსეა სახვადასხვა ელემენტით.  აქ და ამჟამად, ჩვენს ორგანიზმში უამრავი პროცესი მიმდინარეობს. ზოგი უჯრედი იშლება, ზოგი იბადება, ზოგი იწმინდება, ზოგს ინფორმაცია მიაქვს, ზოგს - ჟანგბადი, ზოგი პარაზიტებს ებრძვის, ზოგი დაჭრილებს კურნავს, ზოგი მეგობრებს საკვებით ამარაგებს... ჩვენი სხეული ურთულესი მექანიზმია, რომლის აშენებასაც ევოლუციამ მილიონობით წელი მოანდომა, საკმარისია ამაზე ოდნავი ყურადღების გამახვილება, უმალვე მივხვდებით, რომ სასწაული ჩვენშია.  ამ სასწაულს კი ჯეროვანი მოფრთხილება სჭირდება, ისეთი როგორსაც იმსახურებს, რადგან ამაზე ძვირფასი, ამაზე სანუკვარი შეიძლება არც არაფერი გაგვაჩნია.  გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მინერალებისა, „ბორჯომი" კიდევ 60-ზე მეტ ელემენტს შეიცავს, სწორედ  ამიტომ არის „ბორჯომი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მინერალური წყალი - მეცნიერულად დადასტურებული სასწაული! 
27 დეკემბერი, 2023
„ბორჯომის" ვიზუალური ევოლუცია

„ბორჯომის" ვიზუალური ევოლუცია

მატერიალურ სამყაროში არაფერია მუდმივი, ყველაფერი ფორმას იცვლის.  მეტიც, ფორმები არასოდეს მეორდება, თქვენ წარმოიდგინეთ, ორი ერთნაირი ფიფქიც კი არ არსებობს ბუნებაში. ყველაფერი ცვალებადია. ეს წეს-კანონები აუცილებელია არსებობისთვის, არსებობა მუდმივი განახლებაა. შეიძლება შინაარსი დარჩეს უცვლელი, მაგრამ ფორმა მუდამ იცვლება.   გამონაკლისი არც „ბორჯომია”, მაცოცხლებელი წყლის ვიზუალურმა იდენტობამ ძალიან საინტერესო  ევოლუცია გაიარა. შეიცვალა ბოთლები, ეტიკეტები, ყველა ეპოქა აისახა „ბორჯომის” ბოთლზე.     „ბორჯომის” თავდაპირველი ბოთლი ფრიად უნიკალური მოვლენა გახლდათ. უნიკალური იმით, რომ მისი ეტიკეტი პირდაპირ შუშაზე იყო გრავირებული.  ეს ბოთლები კი არც მეტი არც ნაკლები, შორეული ფინეთიდან მოდიოდა.   წარმოგიდგენიათ, რამდენად რთული, შრომატევადი და არამომგებიანი იქნებოდა მინის ბოთლების სკანდინავიიდან ტრანსპორტირება?!   სწორედ ამ მიზეზების გამო, ბორჯომში მინის ქარხანა გაიხსნა. თეთრი ბოთლები მუქი ფერის ბოთლებით ჩანაცვლდა. გრავირება არც ახალ ბოთლს აკლდა და ამჟამინდელი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, საკმაოდ ელეგანტურადაც კი გამოიყურებოდა.   მაშინდელ ეტიკეტებზე შენიშნავდით წარწერას: „ეკატერინეს წყარო“, „ევგენის წყარო“. ევგენი იყო გოლოვინი, კავკასიის მთავარმართებელი, ხოლო ეკატერინე - მისი ქალიშვილი. სწორედ ეკატერინეს განკურნების შემდეგ აღფრთოვანდა მთავარმართებელი ბორჯომის წყლის თვისებებით, მოაწყო წყაროები და ეს სახელები უწოდა.  „ბორჯომის” პოპულარობის გამო, დღის წესრიგში ექსპორტის საკითხიც დადგა. სპეციალური მოწვევით ჩამოსულმა ქიმიკოსმა, ფ. მოლდჰაუნერმა, შეიმუშავა მეთოდი, რომლის წყალობითაც, ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყალი ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს დიდხანს ინარჩუნებდა. „ბორჯომმა” იმპერიის საზღვრები გაარღვია და უცხოეთის ბაზარზე გამოჩნდა. ცხადია შესაბამისი ეტიკეტებით შემკული.   მინერალურმა წყალმა საერთაშორისო აღიარება მალე მოიპოვა და ბელგიასა და გერმანიაში სპეციალური ჯილდოებიც მიიღო. „ბორჯომი” დიდი წარმატებით მონაწილეობს გამოფენებში, მისი სახელი მთელ მსოფლიოს მისწვდა, „ბორჯომი” უკლებლივ ყველა კუთხეში ჟღერდა.    მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი სრულიად საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა, „ბორჯომი” უკვე ყველამ იცოდა. ასეთ დროს ბრენდინგში უხეში ჩარევები რეკომენდებული არ არის, ამიტომ „ბორჯომის” ეტიკეტის ცვლილებები დიდი რუდუნებით და სიფრთხილით მიმდინარეობდა.    ბოთლის ყველა ვერსიაში გვხდება: წითელი და ლურჯი ფერების კომბინაცია, „ბორჯომის” ცნობილი ბიუვეტი და რა საკვირველია, გრავირებული ირემი.    ეტიკეტის დეტალები ოდნავ იცვლება, მაგრამ მუდამ შენარჩუნებულია ბოთლის მოცისფრო-მომწვანო შეფერილობა, რომელიც, სხვათა შორის, დაცულია და „ქართული მწვანე“ ეწოდება.    ამ მახასიათებლების გამო, „ბორჯომის” ბოთლი საკმაოდ დასამახსოვრებელ ვიზუალს ქმნის და ხალხის ცნობიერებაში იბეჭდება. მისი შემჩნევა შეგიძლიათ ისეთ ცნობილ ფილმებში  როგორებიცაა:  „სოლარისი”, „ტერმინალი”, „ბორნის ულტიმატუმი” და ა.შ.    საბჭოთა კავშირის დანგრევამ, ყველაფერს დაამჩნია კვალი, მათ შორის „ბორჯომსაც“. თუმცა, ამ ნანგრევებიდან სრულიად ახალი „ბორჯომი „დაიბადა. 1995 წლიდან დაარსდა კომპანია „Georgian Glass &  Mineral Water,”  რომელმაც თავის თავზე აიღო წყლის წარმოება და ხალხისთვის საყვარელი ბრენდი, ისევ ხალხთან დააბრუნა.  2010 წელი „ბორჯომისთვის” რებრენდინგის წელია, იცვლება ეტიკეტის და ბოთლის ფორმა. „ბორჯომი”, როგორც მაცოცხლებელი წყალი, რომელიც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის, ასეთ გზავნილს აჟღერებს: „გათავისუფლდი ზედმეტისაგან.“ ეს გზავნილი კი თითქმის მთელ მსოფლიოს მისწვდა.    2019 წლიდან განახლდა „ბორჯომის“ თავსახური, დიზაინში გაჩნდა ვერცხლისფერიც, რაც ბრენდის პრემიარულობას უსვამს ხაზს. შეფუთვაზე არსებული QR კოდის მეშვეობით კი „ბორჯომის“ ისტორიის აღმოჩენაც შესაძლებელია.    წელს მაღაზიის თაროებზე “ბორჯომი” ახალი ეტიკეტით გამოჩნდა, რომელიც ბრენდის ისტორიითაა შთაგონებული. წითელი, კავკასიური ირემი მხოლოდ ბოთლზე გრავირების ფორმით იყო დღემდე წარმოჩენილი, ახლა კი თავად ეტიკეტზეც აისახა.  ასევე დაბრუნდა ოვალის ფორმა, რომელიც წლების განმავლობაში “ბორჯომის” ეტიკეტის განუყოფელი ნაწილია. “ბორჯომის” ბიუვეტი, კავკასიონის მთები და წყარო უკვე განახლებული ვიზუალური სტილითაც არის ეტიკეტზე წარმოჩენილი.   ამ შემთხვევაში ასევე ახალი და კარგად დავიწყებული ძველი სწორედ “ბორჯომის” ორენოვანი წარწერაა, რომელიც მაცოცხლებელი წყლის ქართულ წარმოშობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.  “ბორჯომი” დროსთან ერთად ვითარდება და პასუხობს თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს. ამის დასტურად განახლებულ იდენტობასთან ერთად, ალუმინის ქილაში ჩამოსხმული “ბორჯომიც” გამოდგება, განსაკუთრებით  დევიდ კომას შექმნილი დიზაინით.  ასე რომ, “ბორჯომი” არა მხოლოდ შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით, არამედ გარეგნული იერითაც მუდამ ცოცხალია. იცვლის ფორმას, გადადის ბოთლიდან ბოთლში, ქილიდან - ქილაში, მაგრამ შინაარსი მუდამ უცვლელია, სიცოცხლით სავსე იუვენალური წყალი ისევ საქართველოს მიწის წიაღიდან მოედინება.  გემრიელად მიირთვით!
27 დეკემბერი, 2023
„ბორჯომის" და საკვების შეთავსება

„ბორჯომის" და საკვების შეთავსება

სხვადასხვა კერძებისა და სასმელების შეთავსებას, არა მხოლოდ შემოქმედებითობა, არამედ მეცნიერული მიდგომაც ესაჭიროება. ისევე, როგორც, მაგალითად, ღვინის შემთხვევაში, მინერალური წყლის შეხამებასაც ცოდნა უნდა, ხოლო მინერალურ წყალზე განხორციელებული სხვადასხვა მცირე ტემპერატურული მანიპულაციაც  კი - სრულად ცვლის თქვენს გამოცდილებას.  მინერალური წყალი ამზადებს თქვენი გემოვნების რეცეპტორებს ყოველი მომდევნო ლუკმისთვის. ნაცვლად იმისა, რომ გაანეიტრალოს ან გადაფაროს კერძის გემო, ის პირიქით, ხელს უწყობს, რომ უკეთ შეიგრძნოთ გემო და სურნელი. თუმცა, თითოეულ კერძს, სხვადასხვა ტიპის წყალი უნდა შეუხამოთ.  დავიწყოთ სულ თავიდან:  არსებობს რამდენიმე სახეობის წყალი:   STILL - არაგაზირებული წყალი;  LIGHT- მსუბუქად გაზირებული წყალი;  EFFERVESCENT -  არაგაზირებულს და მსუბუქს შორის კატეგორია, ხასიათდება მინიმალური რაოდენობის ბუშტუკებით, რომელიც თითქმის შეუმჩნეველია; Classic - წყალი გაზირების ისეთი ხარისხით, როგორიც წარმოუდგენია ადამიანთა უმრავლესობას მინერალური წყლის ხსენებაზე. ძალიან ბევრი ცნობილი, მინერალებით მდიდარი გაზიანი სასმელი. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება „ბორჯომიც"; Bold - ხასიათდება ყველაზე დიდი ზომის, ხმამაღალი ბუშტუკებით. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ გაზიანი სასმელი არ უყვართ, ძირითადად სწორედ ამ კატეგორიის მინერალურ სასმელს მოიაზრებენ ხოლმე.  გაზირების გარდა არსებობს წყლის სხვა მახასიათებლებიც: მინერალიზაცია, PH ფაქტორი, იუვენილობა და სხვა მრავალი. ახლა კი - თქვენს წინაშეა „ბორჯომი"! 135 წლიანი ისტორიის მქონე იუვენილური წყალი, რომელიც 8000 მეტრის სიღრმეში ვულკანური ქანებიდან მოედინება და გზად 60-ზე მეტი ელემენტით მდიდრდება.   ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს თუ წარმოუდგენია, რომ სასმელი წყლის და საკვების შეხამებასაც თავისი ეტიკეტი აქვს.  მაგალითად, გაზირების და PH-ის  მიხედვით, „ბორჯომი" კრევეტებს და შემწვარ წიწილას უხდება.  გაზირების და მინერალიზაციის მიხედვით კი - გრილზე შემწვარ ბატკნის ხორცს. ხოლო, გაზირების მიხედვით, ყველაზე მეტად ინდაურის ხორცსა და გრილზე შემწვარ საქონლის ხორცს შეესაბამება. თუ თევზების და მიდიების მირთმევა გადაწყვიტეთ, „ბორჯომიც" აუცილებლად დააყოლეთ, რადგან მისი მჟავა-ტუტოვანი ბალანსით იდეალურად სწორედ ამ ორ კერძს ერწყმის.   თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც წყალს საკვებთან და ღვინოსთან ერთად მიირთმევთ, თამაშის წესები ცოტათი იცვლება. ამ შემთხვევაში, წყალი უნდა შეუსაბამოთ ღვინოსაც და საკვებსაც, რათა მათ შორის იყოს ჰარმონია და არა - კონკურენცია. ეს ცოდნა განსაკუთრებით საჭირო გახდა, მას შემდეგ, რაც „ბორჯომმა" ქართულ სუფრაზე შეუცვლელი ადგილი დაიკავა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შევათავსოთ ქართული სუფრის სამი საგანძური: კერძები, ღვინო და „ბორჯომი". თუ ღვინო და საკვები სწორად გაქვთ შეთავსებული, მისაღებია მხოლოდ still წყლის დალევა. თუმცა თეთრი და წითელი ღვინის შემთხვევაში, არსებობს პატარა განსხვავება:  თეთრ ღვინოსთან უმჯობესია შეახამოთ წყალი დაბალი მინერალური შემცველობით და ნეიტრალური ph-ით. წითელი ღვინის შემთხვევაში კი - საშუალო ან მაღალი მინერალური შემცველობით და ნეიტრალური Ph-ით. ბორჯომი განსაკუთრებით წითელ ღვინოს უხდება, თუმცა ცხადია კონფლიქტში არც თეთრთან მოდის.  საუკუნეების განმავლობაში, ადამიანები წყალს თავისი ბუნებრივი ტემპერატურით მიირთმევდნენ. ღვინის შემთხვევა რომ განვიხილოთ, თითქმის ყველა მარანში ტემპერატურა არის 13°C, თუმცა ხშირად ცქრიალა ღვინოს 6°C-მდე აგრილებენ, ზოგიერთ ღვინოს კი 18°C-ზეც კი მიირთმევენ. ამ მანიპულაციებს მიმართავენ იმისთვის, რომ გაამძაფრონ ღვინის გემო.  ბევრი წყაროს წლის ტემპერატურაც სწორედ 13°C-ია. ეს მსგავსება ალბათ იმით არის განპირობებული, რომ მარანიც მიწისქვეშ მდებარეობს და წყალიც მიწის სიღრმიდან მოედინება.  ზოგადად, ფაქტობრივად დასაშვებია ნებისმიერი ტემპერატურის  წყლის სერვირება , თუმცა, თუ გეცოდინებათ როგორ დაარეგულიროთ წყლის ტემპერატურა, უკეთ მოახერხებთ  სასმელის და საკვების შეხამებას. მაგალითად, ტემპერატურის აწევას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს bold დიდ და ხმამაღალ ბუშტუკებიან  წყალზე, ხოლო რაც უფრო ცივია წყალია მით უფრო კონცენტრირებულია ის.  როგორც ხედავთ, „ბორჯომი" თავისი უნიკალური შემადგენლობით, არა უბრალოდ სასმელი, არამედ თქვენი კერძის კულინარიული პარტნიორია. „ბორჯომისა" და კერძების თავსებადობის გათვალისწინება კი თქვენს გასტრონომიულ გამოცდილებას სულ სხვა საფეხურზე აიყვანს. 
27 დეკემბერი, 2023
ბორჯომის ციფრული მუზეუმი

ბორჯომის ციფრული მუზეუმი

ბორჯომის ციფრული მუზეუმი ერთ-ერთი პირველი ვირტუალური მუზეუმია საქართველოში, რომლის ანალოგიც არ არსებობს. ის წარმოადგენს ხიდს წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც გაგაცნობთ როგორც ბორჯომის წარმოშობისა და ევოლუციის გზას, ისე - მის ადგილს თანამედროვეობაში.    ციფრული მუზეუმი თანამედროვე ტექნოლოგიების და საინტერესო თხრობის ნაზავია. ის ანგრევს ფიზიკური მანძილით გამოწვეულ შეზღუდვებს და ბორჯომის ისტორიასა და კულტურის საოცარ სამყაროში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გამოგზაურებთ.    ბორჯომის ვირტუალურ სივრცეში ნავიგაცია მარტივია და კლავიატურის ისრების საშუალებით ხდება. შიგნით წარმოდგენილ ეკრანებზე დაჭერისას კი - სხვადასხვა ინფორმაციას ეცნობით. მუზეუმის ცენტრში ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანას და ბრენდის ცნობილი სიმბოლოს - ირემსაც დაინახავთ. პირდაპირ ვერანდიდან კი -  ბორჯომის ტყეების მშვენიერი ხედიც იშლება. კურსორის გამოძრავებით მუზეუმის ფარგლებს გარეთ გასვლას და ტყეში გასეირნებასაც კი შეძლებთ.    აქვე გაეცნობით ბორჯომის წყლის აღმოჩენის ცნობილ ლეგენდას, თუ როგორ განკურნა მაცოცხლებელმა წყალმა დაჭრილი ირემი, ამ სასწაულის შემყურე მონადირემ კი წყლის მაცოცხლებელი ძალა საკუთარ თავზე გამოცადა და ყველას აუწყა საოცარი მიგნების შესახებ.   ვირტუალურ მუზეუმში იმასაც შეიტყობთ, რომ წყალს თავდაპირველად, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულშიც იყენებდნენ. შემდეგ, სამწუხაროდ, ომების შედეგად მიივიწყეს და ხელახლა 1829 წელს აღმოაჩინეს. მალე იქვე მინერალური წყლების პარკიც გააშენეს და 25 წელიწადში პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობაც კი დაიწყეს.    ამ სივრცეში ასევე გამოფენილია სხვადასხვა დროს მიღებული ჯილდოები, მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ბორჯომის გამოჩენამ მთელი ევროპა გააოცა, ეს გაოცება კი საპატიო დიპლომებში აისახა, რომელსაც ციფრულ მუზეუმში იხილავთ.     გაიგებთ იმასაც, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბორჯომს არაერთი ადგილობრივი თუ უცხოელი ხელოვანი სტუმრობდა. ეს ადგილი ბევრი ცნობილი ადამიანის შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო არაერთხელ გამხდარა. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, პეტრე ჩაიკოვსკი, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, იოსებ შარლემანი და სხვანი. ჩაიკოვსკის სიტყვებით: “აქ ყველაფერი ისეთი კარგია, რომ ბორჯომზე მთლად შეყვარებული ვარ…ხანდახან, ღმერთო, სიხარულის ცრემლები მღვრიე იმ სილამაზეზე, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდება.” . ციფრულ მუზეუმში ასევე გაეცნობით ბორჯომის რეკლამის, ბრენდინგის, ეტიკეტებისა გდა ბოთლების ევოლუციას. აღმოაჩენთ იმასაც, რომ სპეციალურად მოწვეულმა ქიმიკოსმა ფ. მოლდენჰაუერმა შეიმუშავა სპეციალური მეთოდი, რომელიც ბოთლში ჩამოსხმულ ბორჯომს თავის სასარგებლო თვისებებს ხანგრძლივად უნარჩუნებდა.    გარდა ამისა, შეიტყობთ არაერთ საინტერესო ფაქტს ბორჯომის შესახებ. მაგალითად იმას, რომ უინსტონ ჩერჩილს საბჭოთა კავშირში სტუმრობის დროს ყოველთვის ედო მაგიდაზე ბორჯომი. იური გაგარინმა კი კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, პირველი რაც მოითხოვა სწორედ ბორჯომი იყო. ფილმ „სოლარისის“ გადაღების დროს კი, გადამღები ჯგუფის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფილმის რეჟისორმა, ანდრეი ტარკოვსკიმ, შორეული მომავლის ამსახველ კადრებში ბორჯომის ნამდვილი ეტიკეტი გამოაჩინა, რადგან მას სჯეროდა რომ ბორჯომი შორეული მომავლის განუყოფელი ნაწილიც იქნებოდა.  სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ბორჯომი, სხვა, თქვენთვის საყვარელ ჰოლივუდურ ფილმებშიც კი გხვდება.   ვირტუალურ მუზეუმში ბორჯომის ისტორიის, განვითარების და არაერთი საინტერესო ფაქტის გარდა, ბორჯომის წარმოების დეტალებსაც გაეცნობით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ისაა, რომ მიწისქვეშა პროცესები ბუნებრივად მიმდინარეობს და წყლის მხოლოდ ის რაოდენობა მოიპოვება, რაც ბუნებრივად განახლებადია. მე-20 საუკუნის ბოლოდან კი წარმოებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბორჯომის წარმომავლობას, როგორც ეროვნულ საგანძურს. დღესდღეობით, ბორჯომი ექსპორტზე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის და ის ქართული იდენტობის სიმბოლოა.    ბორჯომის ციფრული მუზეუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ცოდნის მიღების ამ ინოვაციურ და ინტერაქციულ ფორმას უდიდესი საგანმანათლებლო, კულტურული და ტურისტული ღირებულება გააჩნია.  აქ მიღებულმა ცოდნამ კი -  ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინერალური წყლის დალევა, შესაძლოა არაჩვეულებრივ გამოცდილებად აქციოს. ამ ყველაფრის გააზრებით აცნობირებ, რომ ხელში უბრალოდ წყალი კი არა, ათასწლეულების ისტორია გიჭირავს, რომელიც მზად არის თავისი სამკურნალო თვისებები და 8000 მეტრის სიღრმიდან ამოტანილი სასიცოცხლო მინერალები სიყვარულით გაგიზიაროს.   ეს ყველაფერი კი მუზეუმის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ თავად შეიგრძნოთ და აღმოაჩინოთ.         
19 დეკემბერი, 2023
ბორჯომი = საქართველო

ბორჯომი = საქართველო

ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რა პატარაა საქართველო და როგორი მრავალფეროვანი. ამდენი კუთხე და თითოეულს განსხვავებული ბუნება, კლიმატი, ხასიათი, ისტორია, სურნელი და ემოცია. აქ ერთმანეთს ერწყმის ყველაზე დიდი კონტრასტები: მთა და ზღვა, თანამედროვე და უძველესი, მკაცრი და რბილი.. მოდით ვიმოგზაუროთ თითოელ კუთხეში:   კახეთი - მრავალჭირნახული, მებრძოლი  და მოქეიფე. ისტორიას თუ გადახედავთ კახეთი სულ მტრებს იგერიებდა და ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. ალბათ სწორედ ამას უკავშირდება კახური სუფრის ტრადიციაც; ბრძოლით დაღლილებს კარგი მოლხენა და გამარჯვების აღნიშვნაც ხომ სჭირდებოდათ? ქართულ ღვინოზე საუბრისას, პირველ რიგში კახეთის რეგიონი გვახსენდება. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი სწორედ კახეთში იღებს სათავეს და მას იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინის კეთების ტექნიკაა. საქართველოს ღვინის წარმოების 8 000-წლიანი ტრადიცია აქვს. ეს საქართველოში აღმოჩენილი ენეოლითის დროინდელი მარნებით, ძვირფასი ლითონების ფიალებით, ქვევრებით და ღვინის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარის არსებობით დასტურდება. კახეთის ცენტრს თელავს ახლაც ეტყობა სამეფო წარსულის გავლენა - მედიდურობა, სიმშვიდე და სილამაზე. ის კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოს, ერეკლე მეორეს რეზიდენცია იყო.   თუშეთი - ყველაზე მიუვალი და ხელუხლებელი, საქართველოს წმინდა ადგილი. თუშეთისკენ მიმავალი გზა ცალკე თავგადასავალია, თავისი ექსტრემალურობით და სუნთქვისშემკვრელი პეიზაჟებით, თვალუწვდენელი მთებითა და ველებით. არც თუშეთის პირაქეთა და პირიქითა ხეობების დამაკავშირებელი გზა არის ნაკლები. ამ გზაზე ევროპაში ყველაზე მაღალი, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე სოფელსაც შეხვდებით. წარმოიდგინეთ, მთელი დღის ნამგზავრი, დაღლილი და ადრენალინით სავსე, დღის ბოლოს ცივილიზაციას კიდევ უფრო მოწყვეტილ და მშვიდ პირიქითა ხეობაში რომ მოხვდებით და დაისვენებთ. ამ საოცარი მთების ფონზე გემრიელად მიირთმევთ თუშურ კოტორს და მზის ამოსვლამდე, ციცაბო კლდეებზე დაკრეფილ ქონდრის ჩაისაც დააყოლებთ. ალბათ ასე გრძნობენ თავს ევერესტის საბაზო ბანაკში დაბრუნებული მთამსვლელები.   ქართლი - უძველესი ისტორიის და არქეოლოგიური ძეგლების საცავი. შიდა ქართლში, გორიდან სულ რაღაც 10 კმ-ში საოცარი სანახაობა გელით. ანტიკური ხანის, კლდეში ნაკვეთი, თვალუწვდენელი მისტიკური ქალაქი, რომლის დანიშნულებაზე მკვლევარებს შორის დავა არ წყდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, უფლისციხე ქურუმების და მათი მსახურების ქალაქი იყო. ქალაქის ტერიტორიაზე უამრავ წარმართულ ტაძარს, სარიტუალო დარბაზსა და საიდუმლო გვირაბს იპოვით.   უფლისციხეზე არაერთ ლეგენდას მოისმენთ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის ერთგვარი პორტალიც კი იყო და სხვადასხვა განზომილებებს ერთმანეთთან აკავშირებდა. არსებობს ასეთი ლეგენდაც, რომ უფლისციხე მონების მიერ არის აშენებული, რომელთა წერაქვს ერთ ბოლოში ოქრო ჰქონდა, სამუშაო იარაღის გაცვეთის შემდეგ კი მონას ჩუქნიდნენ თავისუფლებას და ოქროც მას რჩებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი გულითაც აშენდებოდა? არც ქვემო ქართლის არქეოლოგიური ძეგლები გაგაოცებთ ნაკლებად. აქ მდებარეობს დმანისი, სადაც 1991 წელს “პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია” აღმოაჩინეს! ისინი 1.8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე. აქვე აღმოჩენილია მათი სამუშაო იარაღები და გარეული ცხოველები. დმანისელი ადამიანები, აფრიკის გარეთ მცხოვრები უძველესი ჰომინიდები არიან.   სამცხე-ჯავახეთი - ხელუხლებელი ტყეებისა და ბუნებრივი წყლების სიმბოლო. ჩვენი საყვარელი ბორჯომიც ხომ სწორედ ამ რეგიონს ეკუთვნის. სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია. აქ შეხვდებით ფლორის და ფაუნის უიშვიათეს წარმომადგენლებს, რომელთა ათეულობით წარმომადგენელი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. ბორჯომი გამორჩეულია გოგირდოვანი აუზებისა და მინერალური წყლის საბადოების სიმდიდრით. ,,ბორჯომის‘’ ხელუხლებელი, მაცოცხლებელი წყალი 8 000 მეტრის სიღრმიდან იწყებს მოგზაურობას და ზედაპირზე ამოსვლამდე გზად 60-ზე მეტი უნიკალური მინერალით მდიდრდება. სწორედ ეს უნიკალური შემადგენლობა ხდის მას განსაკუთრებულს და სხვა წყლებისგან გამორჩეულს.   იმერეთი - ნიჭიერების და სტუმართმოყვარეობის სიმბოლო! იმერეთის ცენტრში ქუთაისში მდებარეობს გელათის მონასტერი, რომელიც იუნსკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ქუთაისი არაერთი უნიჭიერესი ქართველის მშობლიური ქალაქია. მათ შორის, აკაკი წერეთლის, პაოლო იაშვილის, ნიკო ნიკოლაძეს, ზაქარია ფალიაშვილის და ა.შ. ქართული სუფრის,  სტუმართმოყვარეობის და დღესასწაულების ერთ-ერთო სიმბოლო კი სწორედ იმერული ხაჭაპურია.   გურია - ყველაზე ლაღი, ტკბილი და ხმამაღალი. გურია გამოირჩევა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშებით, მათ შორის - შეუდარებელი “კრიმანჭულით,” რომელიც მიმოქცეული, წვრილი და მრავახმოვანი სიმღერაა. ამბობენ, რომ გურულები ყოველთვის ცდილობენ შრომა გაიადვილონ და მწუხარება შეიმსუბუქონ. სწორედ ამისთვის მღერიან კრიმანჭულს, ყანურსა თუ ნადურს. გურულები არამხოლოდ სიმღერით, არამედ სწრაფი და მხიარული კილოთი და იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან. გურიაში მოგზაურობა, არამხოლოდ ბუნებით, არამედ ხალხური ზეპირსიტყვიერებით ტკბობასაც მოიაზრებს.   სამეგრელო - შეუდარებლად ლამაზი და გემრიელი. სამეგრელოს ბუნება ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს საქართველოში. ტობავარჩხილის დიდებული ტბები, მარტვილის და ბალდას კამკამა კანიონები, კოლხეთის ეროვნული პარკი,  პალიასტომის ტბა და ა.შ. სხვათა შორის, არამხოლოდ სამეგრელოს ბუნების არამედ მეგრელი ქალების სილამაზესაც არაერთი მოგზაური აღნიშნავდა. ალექსანდრე დიუმას სიტყვებით “მეგრელი ქალები, განსაკუთრებით ქერათმიანები შავი თვალებით და შავგრემანები ცისფერი თვალებით, დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან.” სამეგრელოს სამზარეულო კი ერთ-ერთი უპირობო ლიდერია: მეგრული სულგუნი, ელარჯი, გებჟალია, ხარჩო, მეგრული სუნელები - გემოების ნამდვილ დღესასწაულს ქმნის!   აჭარა - საქართველოს ორი განზომილება. ის პოპულარული კითხვა ხომ იცით? მთა გირჩევნია თუ ზღვა? აჭარაში ორივეა და ორივე ერთმანეთზე ლამაზი. ბათუმი, გონიო, ციხისძირი, კვარიათი - ულამაზესი სანაპიროები და გამაოგნებელი მთიანი აჭარა - ხულო, ქედა, ბეშუმი თუ გომარდული… აჭარის უმაღლესი წერტილი ყანლისმთა ზღვის დონიდან 3007 მეტრზე მდებარეობს. ამავე ქედზე ნახავთ დაუვიწყარ გოდერძის უღელტეხილს, რომელზეც სამთო-სათხილამურო კურორტიც კი არის გაშენებული. აჭარის წარმოუდგენელი სიმწვანეც გავიხსენოთ:  კინტრიშის, ისპანის, მაჭახელას ხეობის დაცულ ტერიტორიები, მტირალას ეროვნულ პარკი და ბათუმი ბოტანიკური ბაღი! აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორიაა.   სვანეთი - შეუდრეკელი, ძლიერი ქვეყნის განძთსაცავი. სვანეთში ასვლისას პირველ შთაბეჭდილებას დიადი და მკაცრი მთები და კოშკები ახდენს, რომლების გარემოცვაში თითქოს სრულიად სხვა სამყარო იშლება.  სვანური კოშკები, რომლებიც ყველანაირ სტიქიურ უბედურებასა თუ მტერს უძლებდა, თითქოს სვანური ხასიათის ერთგვარი სიმბოლოა. ერთი შეხედვით პირქუში და ძალიან პირდაპირი, თუმცა გულღია და კეთილშობილი. გადმოცემების თანახმად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მტრების შემოსევების დროს, სხვადასხვა ხელნაწერებს, ხატებსა თუ ძვირფას ნივთებს სვანეთის სალოცავებსა და კოშკებში მალავდნენ. სწორედ ასე იქცა ის ქართული კულტურის ერთგვარ განძთსაცავად. ეს ფუნქცია სვანებმა პირნათლად შეასრულეს, ხატის ქურდს თემიდან მოკვეთა და ღვთის სასჯელი ელოდა.   საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ერთ ბლოგში ნამდვილად ვერ ჩავტევდით. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი ქვეყნის უნიკალური მახასიათებლების. გვეამაყება რომ “ბორჯომი” საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს და მთელი მსოფლიოსთვის, ის საქართველოს სიმბოლოც კი არის.  
19 დეკემბერი, 2023
საახალწლო "კუკუშკა" - პორტალი ზღაპრულ სამყაროში

საახალწლო "კუკუშკა" - პორტალი ზღაპრულ სამყაროში

როდესაც მთელი მსოფლიო რკინის ძაფებით უკავშირდებოდა ერთმანეთს, არც საქართველო იყო გამონაკლისი. მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში სარკინიგზო სამუშაოების ბუმი დაიწყო. რა გასაკვირია, რომ ყველაზე რთული რელიეფის მქონე მარშრუტი საუკუნის მიჯნაზე გაიხსნა. ინგლისიდან ჩამოყვანილი სპეციალური ორთქლმავალი, 1902 წელს ბორჯომიდან ბაკურიანისკენ დაიძრა. მისმა ხმამ მთელი ბორჯომის ხეობა აგუგუნა. ამ ხმას თურმე ადგილობრივები გუგულის ხმას ამსგავსებდნენ და ამიტომაც „კუკუშკა“ შეარქვეს. ასე დაუკავშირდა ბორჯომი ბაკურიანს. მას შემდეგ, "კუკუშკა" გახდა თავგადასავლების დასაწყისის სიმბოლო. შეუძლებელია ამ პატარა მატარებლით მგზავრობამ ადამიანი შთაბეჭდილების გარეშე დატოვოს.  თუკი ვინმეს უმგზავრია, ალბათ ყველას რაღაც ემოცია აკავშირებს. წიწვებში ჩაფლული ჯადოსნური გზა ზღაპრული თავგადასავლის იდეალური პროლოგია. ორსაათიანი მგზავრობა თითქოს დაუვიწყარი ისტორიის დასაწყისისთვის გამზადებს. რაღაც მოულოდნელის მოლოდინს გიქმნის.    სწორედ ამ ინსპირაციით შეიქმნა ბორჯომის საახალწლო ვიდეო რგოლიც, სადაც საახალწლო წვეულებიდან გამოსული მეგობრები ბორჯომის დალევისთანავე ჯადოსნურ თავგადასავალში გაეხვევიან.  მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი, რაც დაგეგმილი გქონდა, დასრულდა, დაუგეგმავის დრო დგება! სასწაულიც ხომ ასეთია, წინასწარ ვერ დაგეგმავ, სასწაული უბრალოდ უნდა მიიღო და მზად იყო, რომ დაიჭირო.  ამბავი სწორედ მაშინ მთავრდება, როდესაც გმირები მოულოდნელად გამოჩენილი „კუკუშკათი“ მგზავრობას იწყებენ. ამით თითქოს ჩანს, რომ მთავარი არა დანიშნულება - არამედ თავად გზაა, თავგადასავალი.   და თუ შეძელი რომ გონება მუდამ ამოგზაურო, მაშინ ყველაფერი ახალია, მაშინ ყველაფერი სასწაულია: სველ ქუჩაზე არეკლილი ღამის განათებები, მეგობრის ღიმილი, ახალი წლის ენერგიით გაჟღენთილი ჰაერი... თუმცა ამას მომენტის მოხელთება უნდა, წამის დაჭერა. წამს ჩვენ ვიტყვით, თორემ ამ წამში მთელი მარადისობაა ხოლმე ჩატეული.  სიცოცხლის უზარმაზარი ნაკადი მოედინება აქ და ამჟამად. მოედინება, როგორც ზღაპრულ ტყეში ჩაფლული "კუკუშკა", თუ გინდა, რომ ამ სასიცოცხლო ზეიმში მონაწილეობა მიიღო, უბრალოდ უნდა მიენდო და დაემგზავრო. შენც შეივსო მაცოცხლებელი ენერგიით და თავად გახდე სიცოცხლის წყარო.  ვინ იცის? იქნებ სხვების ცხოვრებაშიც თავად ჩამოიქროლო, როგორც სასწაულმა და გაუძღვე ჯადოსნური მოგზაურობისკენ.  
04 დეკემბერი, 2023