ბორჯომის ვიზუალური ევოლუცია
მატერიალურ სამყაროში არაფერია მუდმივი, ყველაფერი ფორმას იცვლის. მეტიც, ფორმები არ მეორდება, თქვენ წარმოიდგინეთ, ორი ერთნაირი ფიფქიც კი არ არსებობს ბუნებაში. ყველაფერი ცვალებადია. ეს წეს-კანონები აუცილებელია არსებობისთვის, არსებობა მუდმივი განახლებაა. შეიძლება შინაარსი დარჩეს უცვლელი, მაგრამ ფორმა მუდამ იცვლება.
გამონაკლისი არც “ბორჯომია”, მაცოცხლებელი წყლის ვიზუალურმა იდენტობამ ძალიან საინტერესო ევოლუცია გაიარა. შეიცვალა ბოთლები, ეტიკეტები, ყველა ეპოქა აისახა “ბორჯომის” ბოთლზე. დღეს სწორედ ამ თემაზე უნდა გესაუბროთ.
“ბორჯომის” თავდაპირველი ბოთლი ფრიად უნიკალური მოვლენა გახლდათ. უნიკალური იმით, რომ მისი ეტიკეტი პირდაპირ შუშაზე იყო გრავირებული. ეს ბოთლები კი არც მეტი არც ნაკლები, შორეული ფინეთიდან მოდიოდა.
წარმოგიდგენიათ, რამდენად რთული, შრომატევადი და არამომგებიანი იქნებოდა მინის ბოთლების სკანდინავიიდან ტრანსპორტირება?!
სწორედ ამ მიზეზების გამო, ბორჯომში მინის ქარხანა გაიხსნა. თეთრი ბოთლები მუქი ფერის ბოთლებით ჩანაცვლდა. გრავირება არც ახალ ბოთლს აკლდა და ამჟამინდელი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, საკმაოდ ელეგანტურადაც კი გამოიყურებოდა.
მაშინდელ ეტიკეტებზე შენიშნავდით წარწერას: „ეკატერინეს წყარო“, „ევგენის წყარო“. ევგენი იყო გოლოვინი, კავკასიის მთავარმართებელი, ხოლო ეკატერინე - მისი ქალიშვილი. სწორედ ეკატერინეს განკურნების შემდეგ აღფრთოვანდა მთავარმართებელი ბორჯომის წყლის თვისებებით, მოაწყო წყაროები და ეს სახელები უწოდა.
“ბორჯომის” პოპულარობის გამო, დღის წესრიგში ექსპორტის საკითხიც დადგა. სპეციალური მოწვევით ჩამოსულმა ქიმიკოსმა, ფ. მოლდჰაუნერმა, შეიმუშავა მეთოდი, რომლის წყალობითაც, ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყალი ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს დიდხანს ინარჩუნებდა. “ბორჯომმა” იმპერიის საზღვრები გაარღვია და უცხოეთის ბაზარზე გამოჩნდა. ცხადია შესაბამისი ეტიკეტებით შემკული.
მინერალურმა წყალმა საერთაშორისო აღიარება მალე მოიპოვა და ბელგიასა და გერმანიაში სპეციალური ჯილდოებიც მიიღო. “ბორჯომი” დიდი წარმატებით მონაწილეობს გამოფენებში, მისი სახელი მთელ მსოფლიოს მისწვდა, “ბორჯომი” უკლებლივ ყველა კუთხეში ჟღერდა.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი სრულიად საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა, “ბორჯომი” უკვე ყველამ იცოდა. ასეთ დროს ბრენდინგში უხეში ჩარევები რეკომენდებული არ არის, ამიტომ “ბორჯომის” ეტიკეტის ცვლილებები დიდი რუდუნებით და სიფრთხილით მიმდინარეობდა.
ბოთლის ყველა ვერსიაში გვხდება: წითელი და ლურჯი ფერების კომბინაცია, “ბორჯომის” ცნობილი ბიუვეტი და რა საკვირველია, გრავირებული ირემი.
ეტიკეტის დეტალები ოდნავ იცვლება, მაგრამ მუდამ შენარჩუნებულია ბოთლის მოცისფრო-მომწვანო შეფერილობა, რომელიც, სხვათა შორის, დაცულია და „ქართული მწვანე“ ეწოდება.
ამ მახასიათებლების გამო, “ბორჯომის” ბოთლი საკმაოდ დასამახსოვრებელ ვიზუალს ქმნის და ხალხის ცნობიერებაში იბეჭდება. მისი შემჩნევა შეგიძლიათ ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცა არის: “სოლარისი”, “ტერმინალი”, “ბორნის ულტიმატუმი” და ა.შ.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სრულიად ახალი “ბორჯომი” დაიბადა. 1995 წლიდან დაარსდა კომპანია „Georgian Glass & Mineral Water,” რომელმაც თავის თავზე აიღო წყლის წარმოება.
2010 წელი “ბორჯომისთვის” რებრენდინგის წელია, იცვლება ეტიკეტის და ბოთლის ფორმა. “ბორჯომი”, როგორც მაცოცხლებელი წყალი, რომელიც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის, ასეთ გზავნილს აჟღერებს: „გათავისუფლდი ზედმეტისაგან.“ ეს გზავნილი კი თითქმის მთელ მსოფლიოს მისწვდა.
2019 წლიდან ბორჯომის ლოგო გაცილებით დაიხვეწა. განახლდა თავსახური, დიზაინში გაჩნდა ვერცხლისფერიც, რაც ბრენდის პრემიალურობას უსვამს ხაზს. შეფუთვაზე არსებული QR კოდის მეშვეობით კი ბორჯომის ისტორიის გაგებაც შესაძლებელია.
წელს მაღაზიის თაროებზე “ბორჯომი” ახალი ეტიკეტით გამოჩნდა, რომელიც ბრენდის ისტორიითაა შთაგონებული. წითელი, კავკასიური ირემი მხოლოდ ბოთლზე გრავირების ფორმით იყო დღემდე წარმოჩენილი, ახლა კი თავად ეტიკეტზეც აისახა.
ასევე დაბრუნდა ოვალის ფორმა, რომელიც წლების განმავლობაში “ბორჯომის” ეტიკეტის განუყოფელი ნაწილია.
“ბორჯომის” ბიუვეტი, კავკასიონის მთები და წყარო უკვე განახლებული ვიზუალური სტილითაც არის ეტიკეტზე წარმოჩენილი.
ამ შემთხვევაში ასევე ახალი და კარგად დავიწყებული ძველი სწორედ “ბორჯომის” ორენოვანი წარწერაა, რომელიც მაცოცხლებელი წყლის ქართულ წარმოშობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
“ბორჯომი” დროსთან ერთად ვითარდება და პასუხობს თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს. ამის დასტურად განახლებულ იდენტობასთან ერთად, ალუმინის ქილაში ჩამოსხმული “ბორჯომიც” გამოდგება, განსაკუთრებით დევიდ კომას შექმნილი დიზაინით.
ასე რომ, “ბორჯომი” არა მხოლოდ შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით, არამედ გარეგნული იერითაც მუდამ ცოცხალია. იცვლის ფორმას, გადადის ბოთლიდან ბოთლში, ქილიდან - ქილაში, მაგრამ შინაარსი მუდამ უცვლელია, სიცოცხლით სავსე იუვენალური წყალი ისევ საქართველოს მიწის წიაღიდან მოედინება.
გემრიელად მიირთვით!