მაცოცხლებელი წყალი

ბოლოს დამატებული ბლოგები
ნახე ყველა
ეპოქის ფერადი ფოტოდოკუმენტები

ეპოქის ფერადი ფოტოდოკუმენტები

პირველი ქართული მინერალური წყალი წელს 135 წლის იუბილეს აღნიშნავს.  135 წლის წინათ „ბორჯომი“ საწარმოო წესით პირველად ჩამოისხა. „ბორჯომის“ წარმოების ამსახველი უძველესი ფოტოები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. მათი ავტორია ფერადი ფოტოგრაფიის პიონერი სერგეი პროკუდინ-გორსკი.  კონგრესის არქივში დაცულ 20 ფოტოზე ბორჯომისა და მისი ხეობის ხედები, ბორჯომის წყლის ქარხანა, მინერალური წყლის წყაროებია ასახული: „მუშები ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ ბორჯომის მინერალურ წყალს“,  „მინერალური წყლის ჩამოსხმის განყოფილება“, „ბორჯომში, მინერალურ წყაროსთან“, „კურორტი ბორჯომი, დამსვენებლები სამკურნალო წყალს სვამენ“,  „ბორჯომის ხედი ტორსკის პლატოდან“, „ოლგას ხიდი“, „ქალი ტრადიციული სადღესასწაულო ჩაცმულობით ბორჯომის პარკში“, „მიხეილ ნიკოლოზის ძის სასახლე“ - ასე ასათაურებს სერგეი პროკუდინ-გორსკი ბორჯომში 1905-1915 წლებში გადაღებულ ფოტოებს. საქართველოში სერგეი პროკუდინ-გორსკი პირველად 1905 წელს ჩამოვიდა, შემდეგ - 1912 წელს. მან გადაიღო თბილისის პირველი ფერადი ფოტოები, სამრეწველო თემატიკის ფოტორეპორტაჟები ბათუმში, ახლად გაშენებული ჩაის პლანტაციები აჭარაში, ჩაქვის ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს არაერთი ფერადი ფოტოდოკუმენტი შექმნა.  სერგეი პროკუდინ-გორსკიმ მთელი ცხოვრება ფოტოგრაფიის შესწავლას მიუძღვნა. შექმნა ფოტოკამერა, რომელიც სიუჟეტის სამ კადრს სწრაფი თანმიმდევრობით იღებდა შავ-თეთრ ფირზე, თუმცა ლურჯი, მწვანე და წითელი ფილტრებით. მისივე კონსტრუქციით შექმნილი პროექტორით ეკრანზე გასაოცრად რეალისტური ფერადი გამოსახულება ჩანდა.  1909 წელს სერგეი პროკუდინ-გორსკიმ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის დახმარება სთხოვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს - მას ფერადი ფოტოგრაფიის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმპერიის მრავალფეროვანი ისტორიის, კულტურისა და მოდერნიზაციის ასახვა სურდა. სამეფო კანცელარიამ დაუყოვნებლივ გასცა შეუზღუდავი გადაღებების ნებართვა, ექსპედიციისათვის სპეციალურად აღიჭურვა პულმანის სარკინიგზო ვაგონი, რომელშიც ფოტოლაბორატორია დამონტაჟდა. პროკუდინ-გორსკის განკარგულებაში იყო თბომავალი, გემები და გაუკვალავ გზებზე გადაადგილებისათვის Ford-ის მარკის ავტომობილი. ფოტოგრაფმა იმოგზაურა ფინეთში, კავკასიაში, ყირიმში, სამარყანდში, ბუხარაში, ურალში, გადაიღო 10 000-მდე ფოტო და რუსეთის იმპერიის უნიკალური ფოტოდოკუმენტები შექმნა.  ბოლშევიკური რევოლუციისა და მეფის ოჯახის დახვრეტის შემდეგ, 1918 წელს სერგეი პროკუდინ-გორსკი ჯერ ნორვეგიასა და ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრა და ფოტოარქივის მნიშვნელოვანი ნაწილის გატანაც შეძლო. პარიზში იგი ძმებ ლუმიერებთან მუშაობდა, გახსნა საკუთარი ფოტოსტუდია. პროკუდინ-გორსკი 1944 წელს გარდაიცვალა. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ მინის ნეგატივებზე შემონახული გამოსახულებები პროკუდინ-გორსკის მემკვიდრეებისაგან 1948 წელს შეიძინა, სულ 1902 ნეგატივი, მათგან 139 ფოტო საქართველოშია გადაღებული. ასე აღმოჩნდა მინერალური წყლის, „ბორჯომის“ წარმოების ამსახველი უნიკალური ფოტოდოკუმენტები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში. 
11 ივლისი, 2025
“ბორჯომის” განახლებული ვიზუალური იდენტობა

“ბორჯომის” განახლებული ვიზუალური იდენტობა

უკვე 135 წელია, რაც ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი” ისტორიას ქმნის. მდიდარი წარსულითა და უნიკალური ბუნებრივი შემადგენლობით ამაყი ბრენდი, მსოფლიოს უამრავ ბაზარზე ახალი ვიზუალური იდენტობით წარსდგება.  რედიზაინი ბრენდის მემკვიდრეობით, ტრადიციების დაფასებითა და უმაღლესი ხარისხის ხაზგასმითაა შექმნილი. სწორედ ასე აგრძელებს “ბორჯომი” ვიზუალური თანმიმდევრულობის შენარჩუნებას როგორც მთავარ, ასევე ინოვაციურ პროდუქტებში მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. განახლებული იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. ახალ შეფუთვაზე “ბორჯომის” სახასიათო სიმბოლო — ირემი, ბოთლის როგორც წინა, ასევე ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. ამაყად მდგარი ირემი “ბორჯომის” აღმოჩენის ლეგენდას გვახსენებს. ამასთან ერთად კი, სწორედ იმ სიამაყის გრძნობას გადმოსცემს, რომელიც ბრენდს საკუთარი წარსულის მიმართ აქვს. ისტორიის მანძილზე “ბორჯომის” პეიზაჟი ბოთლზე ოვალური ფორმით იყო განთავსებული. ამ მემკვიდრეობის ხაზგასასმელად ბორჯომის მთების კომპოზიცია ირემთან ერთად კვლავ ამ სახით შეგვხვდება, თუმცა, ამჯერად ოვალი თანამედროვე ვიზუალითაა შეცვლილი, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ბრენდის პრემიალურობას. განახლებული შეფუთვა ბრენდს კონსისტენტურობის შესაძლებლობასაც აძლევს — გააფართოვოს პროდუქტთა კატეგორიები ისე, რომ მათ შორის კავშირი არ დაკარგოს. ბრენდისა და ქვებრენდის ვიზუალური განგრძობითობის დასტური კი, “ბორჯომის” ინოვაციური პროდუქტი — ლიმონათია. “დიზაინ არქიტექტურის ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, უკეთ ცნობადს ხდის “ბორჯომის” სხვადასხვა პროდუქტებს, მეორე მხრივ კი, ბაზისია ახალი კატეგორიების შესაქმნელად” — ასე აღწერს განახლებას ვიზუალური იდენტობის ავტორი ოსბორნ პაიკი. დღეს “ბორჯომი” სწორედ ის ბრენდია, რომელიც თავისი ისტორიის ერთგული რჩება. ამ საამაყო ლეგენდას კი, ბრწყინვალედ გვიყვება განახლებული შეფუთვით. სწორედ ასე, საკუთარი ისტორიის სიამაყით, უმაღლესი ხარისხის გამოკვეთითა და ვიზუალური თანმიმდევრულობის შერწყმით “ბორჯომი” ახერხებს, ქართული კულტურა თითოეულ მომხმარებელს გაუზიაროს.
12 აგვისტო, 2024
ბორჯომი - ბუნების სასწაულების სამშობლო

ბორჯომი - ბუნების სასწაულების სამშობლო

ბორჯომი - საოცარი სილამაზის, ჰოლისტური და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქია.  ადგილი, სადაც ჰაერს თავგადასავლების სურნელი აქვს. აქ ნახავ ყველაფერს: ბუნების თვალწარმტაც პეიზაჟებს, მინერალურ და გოგირდოვან სამკურნალო წყლებს, მდიდარი ისტორიული წარსულის ნაკვალევს. და მაინც რა არის ის, რაც ამ ადგილს ასეთ განსაკუთრებულს და მიმზიდველს ხდის?  ბორჯომის ცენტრალური პარკი - ბორჯომის შუაგულში მდებარე ეს რეკრეაციული ზონა სიმშვიდეში ჩაძირვის და ბუნებასთან შერწყმის საშუალებას გაძლევთ. პარკის მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე სეირნობისას, შეხვდებით საოცარ სანახაობებს: მდინარის თვალისმომჭრელ ხეობებს, სურნელოვან ხეებს, ლამაზ ხიდებს, და ა.შ. ეს საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მოწყდეთ საქმიან ყოველდღიურობას და ისიამოვნოთ ბუნებასთან სიახლოვით.  ამ რეკრეაციულ ზონაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკუნეების განმავლობაში ცნობილი, თერაპიული მნიშვნელობის მქონე ლეგენდარული „ბორჯომის" მინერალური წყალი. თუ პარკს გაცდებით და ფეხით ცოტას გაისეირნებთ, აღმოაჩენთ რომ თქვენი ჰოლისტური გამოცდილება მის საზღვრებს მიღმაც გრძელდება. სიმწვანეში ჩაფლული ბილიკები ამჯერად ბორჯომის გოგირდის აუზებთან მიგიყვანთ! გოგირდის აბანოების ეს თბილი, მინერალებით მდიდარი წყლები საუკეთესოა კუნთების დამშვიდების, კანის სტრუქტურის გაუმჯობესების, რესპირატორული ჯანმრთელობისა და სტრესის მოხსნისთვის.   გოგირდის აბანოებში ჩაფლობა საუკუნოვანი რიტუალია, რომელიც ბორჯომის ყველა სტუმარმა აუცილებლად უნდა გამოცადოს.  ბორჯომის მინერალური წყალი - დედამიწის სიღრმიდან მომდინარე ეს ჯადოსნური სითხე, თავისი სამკურნალო თვისებების დამსახურებით, მთელ მსოფლიოში არის ცნობილია. „ბორჯომის" ვულკანური წარმოშობის წყალი კავკასიონის წიაღიდან - 8 000 მეტრის სიღრმრიდან მოედინება. ის 60-მდე მინერალს შეიცავს. სწორედ ამით აიხსნება მისი უნიკალური თვისებები.  „ბორჯომის" მინერალური წყალი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული საქართველოს კულტურასა და ისტორიასთან. ის ქართული სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. „ბორჯომის" მინერალური წყლის გარეშე არ ჩაივლის არცერთი სადღესასწაულო სუფრა თუ დიპლომატიური შეხვედრა. ის საქართველოს ბუნების სასწაული და ქართველი ხალხის სიამაყეა.  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი -  კავკასიონის მთებში ჩაფლული  ეს საოცარი პარკი, გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი საგანძურის სიმდიდრით. ეს სივრცე, საუკეთესო ადგილია ბუნების მოყვარულებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის და მათთვის, ვისაც სურს ქართული ლანდშაფტების ხელშეუხებელ სილამაზეს შეაფაროს თავი. პარკში არაერთი საფეხმავლო ბილიკია, რომელიც წარმოუდგენელ ხედებს, უღრან ტყეებს, თვალუწვდენელ მდელოებს და კამკამა ნაკადულებს მიუყვება. ამ მოგზაურობაში, ყოველი ნაბიჯი აღმოჩენაა, რომელიც საქართველოს ბუნების თვალწარმტაც პეიზაჟებს ასახავს. ამ საოცარ ტყეში ლაშქრობისას, შეიძლება იშვიათი სახეობის კეთილშობილ ირემს, შველს და არჩვსაც კი გადაეყაროთ.  ბუნების საოცრებების გარდა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მატარებელია. ლანდშაფტზე წარმოდგენილია უძველესი საგუშაგო კოშკები და ნანგრევები.  ისტორიული ძეგლები - ბორჯომის მხარე არა მხოლოდ ბუნების, არამედ ისტორიული და კულტურული ძეგლების სიმდიდრითაც გამოირჩევა. მათ შორისაა: ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მწვანე მონასტერი, რომანოვების სასახლე, პეტრას და აწყურის ციხეები, ტიმოთესუბნის მონასტერი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია. ეს უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა რომანოვების სამეფო ოჯახის კანცელარია იყო. მუზეუმი საუკუნეების ქრონიკებს ასახავს. მის კედლებში წარმოდგენილია ათეულობით ათასობით ექსპონატი და არტეფაქტი ბრინჯაოს ხანიდან, ადრეული შუა საუკუნეებიდან და თანამედროვე ეპოქიდან. აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ ძვირფასი კულტურული ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საგულდაგულოდ შენახული ხელნაწერები, არამედ ფლორისა და ფაუნის ნიმუშებიც. ეს ყველაფერი ერთად, მუზეუმის ვიზიტორებს ბორჯომის ევოლუციის სრულყოფილ სურათს წარმოუდგენს.  ცენტრალურ პარკში სეირნობის, მინერალური წყლის დაგემოვნების თუ ისტორიული ადგილების დათვალიერებისას, ბორჯომი თითქოს გიწვევთ რომ შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქოთ და ჩაიძიროთ ამ საოცარი ადგილების სილამაზესა და სიმშვიდეში. ბორჯომში ვიზიტი არ არის მხოლოდ მოგზაურობა. ეს არის საქართველოს ბუნების საოცრებების შეგრძნების შესაძლებლობა.  
05 მარტი, 2024
ქიმიური სასწაული

ქიმიური სასწაული

რაც ადრე ადამიანებს სასწაული გვეგონა, მეცნიერებამ ყველაფერს  მიწიერი ახსნა-განმარტება მოუძებნა. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ამით სასწაულს ფასი დაეკარგა და ნიცშესაც დაეთანხმოთ,  მაგრამ სინამდვილეში პირიქით, მეცნიერებამ სასწაულებს კიდევ უფრო დამატებითი, ღრმა განზომილება შესძინა. დღეს „ბორჯომის" შემადგენლობაზე უნდა ვილაპარაკოთ - მეცნიერულად ახსნილ სასწაულზე.  ორ ზღვას შუა ძველისძველად არც არაფერი არ იყო და ეს ორი ზღვაც სინამდვილეში იყო ერთი. გამოხდა ხანი, მიწა იძრა, გადაადგილდნენ ქანები და ზღვიდან ამოიზიდნენ მთანი მაღალნი. შავი ზღვა და კასპიის ზღვა კი ერთმანეთს დაშორდნენ. მათ შორის არსებული წყალი  კი სადღაც მიწის სიღრმეში ჩავიდა და იქ დაიდო ბინა.  დიდი ხნის ამბავს არ გიყვებით, სულ ახლახან, 1-2 მილიონი წლის წინ მოხდა. მთა რომელიც ზღვის ზემოთ მოექცა, გეოლოგიური ასაკით ძალიან ახალგაზრდად ითვლება. ახალგაზრდა მთას კი ასეთი თავისებურება აქვს, მინერალებით მდიდარია, თანაც ეს მინერალები ადვილად ირეცხება. სწორედ ასეთია „ბორჯომი" - იუვენილური, მიკროელემენტებით სავსე.  მეცნიერები 13 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს გამოყოფენ, გაგიკვირდებათ და „ბორჯომში" აბსოლუტურად ყველაა.   განკურნების სასწაული, რომელსაც ძველი ადამიანები ამოუხსნელ ძალას, ღმერთს ან ანგელოზებს მიაწერდნენ, თურმე კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, სოდის, კალციუმის, მაგნიუმის, სილიციუმის, ქლორის, ალუმინის, ტიტანიუმის, თუთიის, ფტორის, სტრონციუმის და ბორიუმის ერთობლივი მუშაობის შედეგი ყოფილა. მათი დამსახურებით უამრავი ადამიანი განიკურნა, მგონი იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებას და აღაირებას, ჰოდა მათზე ვისაუბროთ.  K - კალიუმი  კალიუმი უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უკიდურესად საჭირო ელემენტია.  ის არეგულირებს გულის ცემას, პასუხს აგებს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. კალიუმი მცირე ელექტრონული მუხტის მატარებელია, რომელსაც დანარჩენ უჯრედებსაც გადასცემს და აცოცხლებს. ამ ელემენტს ადამიანის სხეული თავად ვერ აწარმოებს, ამიტომ საჭიროა მისი გარედან მიღება, კალიუმის ძირითადი წყარო არის: ხილი, ჩირი, ბოსტნეული და რასაკვირველია „ბორჯომი"!  შემდეგი მინერალი „ბორჯომის" შემადგენლობაში Na -  ნატრიუმი ნატრიუმი სხეულში სითხის ბალანსისთვის გვჭირდება, იმისათვის რომ დეჰიდრატაციით გამოწვეული დისკომფორტი თავიდან ავირიდოთ, სწორედ ნატრიუმი უნდა გვქონდეს მწყობრში. „ბორჯომი" მისი ერთ-ერთი მთავარი წყაროა.  Ca - კალციუმი თანამედროვეობაში კალციუმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური ელემენტია. ამაგრებს ძვლებს, კბილებს, ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. არეგულირებს სისხლის წნევას. ამის გარდა სხეულს სჭირდება კალციუმი ორი რამისთვის:  ერთი - ჯეროვნად რომ ამოძრაოს კუნთები და მეორე - ნერვულმა სისტემამ ნორმალურად შეძლოს  შეტყობინებების მიტანა ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის. თუ ეს კონტაქტი მოშლილია, ჩათვალეთ, რომ თქვენი სხეული უკონტროლო მექანიზმია, რომელიც პატრონს არ ემორჩილება.  Zn - თუთია თუთია ძალების აღსადგენად გვჭირდება, ის ჭრილობების შეხორცებაში მონაწილეობს, ასევე დიდი როლი აკისრია უჯრედების გაყოფაში და იმუნიტეტის მოძლიერებაში.  Se - სელენი  ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მეტაბოლიზმის პროცესში. უჯრედებს ეფარება როგორც ფარი და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან! თავისუფალი რადიკალები მავნე უჯრედები არიან, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას იწვევენ. თანამედროვე არაეკოლოგიური ცხოვრების პირობებში ისინი ყველგან არიან: ჰაერში, საკვებში, სასმელ წყალში. სელენი ადამიანის უმნიშვნელოვანესი მეგობარია. შემთხვევით არ გვიხსენებია სიტყვა ფარი,  ის ფარისებრ ჯირკვალსაც ეხმარება მუშაობაში.  P - ფოსფორი  ბერძნულად სინათლის მატარებელს ნიშნავს. კალციუმთან ერთად ესეც უმნიშვნელოვანესია კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის.  ასევე არეგულირებს სისხლში მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას.  Mg - მაგნიუმი ეს თუ არ გვაქვს ჩათვალეთ, სხვა მინერალების დისბალანსიც თითქმის გარდაუვალია, რადგან სწორედ მაგნიუმი ეხმარება სხეულს დანარჩენი ელემენტების ათვისებაში. შესაძლოა კალციუმს იღებდეთ, მაგრამ თუ მაგნიუმის დანაკლისია, დროთა განმავლობაში კალციუმის დანაკლისიც გაჩნდება, რადგან სხეული მაგნიუმის გარეშე კალციუმს ვერ ითვისებს. გარდა ამისა, მაგნიუმი მიმდინარე 350 პროცესში მონაწილეობს!  მაგნიუმის დეფიციტი უამრავი დაავადების მიზეზია, მისი ნაკლებობა ადრე თუ გვიან სხვა მინერალების ნაკლებობასაც იწვევს. ამიტომ თვალი გეჭიროთ მაგნიუმზე და იქონიეთ ბორჯომი სიახლოვეში. S - გოგირდი  გოგირდი სამყაროში ფრიად გავრცელებული ელემენტია. ალბათ გსმენიათ, რომ სხეულის მთავარი საშენი მასალა ცილებია, მაგრამ ეს ცილებიც რაღაცამ უნდა ააშენოს.  ერთ-ერთი ასეთი გოგირდია, ის ცილის მოლეკულების სივრცობრივ აგებულებას უზრუნველყოფს. ჩართულია არაერთი აუცილებელი ამინომჟავას მეტაბოლიზმის პროცესში. ამინომჟავებზე კი პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა,  ბედნიერება და თქვენ წარმოიდგინეთ, სიყვარულიც კი.  შეგიძლიათ ამ წამს თვალები დახუჭოთ, ყურადღება სხეულზე გადაიტანოთ და ეცადოთო ეს ყველაფერი შიგნიდან  შეიგრძნოთ. სხეული, რომელსაც ახლა განვკარგავთ, სავსეა სახვადასხვა ელემენტით.  აქ და ამჟამად, ჩვენს ორგანიზმში უამრავი პროცესი მიმდინარეობს. ზოგი უჯრედი იშლება, ზოგი იბადება, ზოგი იწმინდება, ზოგს ინფორმაცია მიაქვს, ზოგს - ჟანგბადი, ზოგი პარაზიტებს ებრძვის, ზოგი დაჭრილებს კურნავს, ზოგი მეგობრებს საკვებით ამარაგებს... ჩვენი სხეული ურთულესი მექანიზმია, რომლის აშენებასაც ევოლუციამ მილიონობით წელი მოანდომა, საკმარისია ამაზე ოდნავი ყურადღების გამახვილება, უმალვე მივხვდებით, რომ სასწაული ჩვენშია.  ამ სასწაულს კი ჯეროვანი მოფრთხილება სჭირდება, ისეთი როგორსაც იმსახურებს, რადგან ამაზე ძვირფასი, ამაზე სანუკვარი შეიძლება არც არაფერი გაგვაჩნია.  გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მინერალებისა, „ბორჯომი" კიდევ 60-ზე მეტ ელემენტს შეიცავს, სწორედ  ამიტომ არის „ბორჯომი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მინერალური წყალი - მეცნიერულად დადასტურებული სასწაული! 
27 დეკემბერი, 2023