მაცოცხლებელი წყალი

მაცოცხლებელი წყალი

04 დეკემბერი, 2023

საახალწლო "კუკუშკა" - პორტალი ზღაპრულ სამყაროში

როდესაც მთელი მსოფლიო რკინის ძაფებით უკავშირდებოდა ერთმანეთს, არც საქართველო იყო გამონაკლისი. მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში სარკინიგზო სამუშაოების ბუმი დაიწყო. რა გასაკვირია, რომ ყველაზე რთული რელიეფის მქონე მარშრუტი საუკუნის მიჯნაზე გაიხსნა. ინგლისიდან ჩამოყვანილი სპეციალური ორთქლმავალი, 1902 წელს ბორჯომიდან ბაკურიანისკენ დაიძრა. მისმა ხმამ მთელი ბორჯომის ხეობა აგუგუნა. ამ ხმას თურმე ადგილობრივები გუგულის ხმას ამსგავსებდნენ და ამიტომაც „კუკუშკა“ შეარქვეს.

ასე დაუკავშირდა ბორჯომი ბაკურიანს. მას შემდეგ, "კუკუშკა" გახდა თავგადასავლების დასაწყისის სიმბოლო. შეუძლებელია ამ პატარა მატარებლით მგზავრობამ ადამიანი შთაბეჭდილების გარეშე დატოვოს.  თუკი ვინმეს უმგზავრია, ალბათ ყველას რაღაც ემოცია აკავშირებს.

წიწვებში ჩაფლული ჯადოსნური გზა ზღაპრული თავგადასავლის იდეალური პროლოგია. ორსაათიანი მგზავრობა თითქოს დაუვიწყარი ისტორიის დასაწყისისთვის გამზადებს. რაღაც მოულოდნელის მოლოდინს გიქმნის. 

სწორედ ამ ინსპირაციით შეიქმნა ბორჯომის საახალწლო ვიდეო რგოლიც, სადაც საახალწლო წვეულებიდან გამოსული მეგობრები ბორჯომის დალევისთანავე ჯადოსნურ თავგადასავალში გაეხვევიან. 

მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი, რაც დაგეგმილი გქონდა, დასრულდა, დაუგეგმავის დრო დგება! სასწაულიც ხომ ასეთია, წინასწარ ვერ დაგეგმავ, სასწაული უბრალოდ უნდა მიიღო და მზად იყო, რომ დაიჭირო. 

ამბავი სწორედ მაშინ მთავრდება, როდესაც გმირები მოულოდნელად გამოჩენილი „კუკუშკათი“ მგზავრობას იწყებენ. ამით თითქოს ჩანს, რომ მთავარი არა დანიშნულება - არამედ თავად გზაა, თავგადასავალი.

და თუ შეძელი რომ გონება მუდამ ამოგზაურო, მაშინ ყველაფერი ახალია, მაშინ ყველაფერი სასწაულია: სველ ქუჩაზე არეკლილი ღამის განათებები, მეგობრის ღიმილი, ახალი წლის ენერგიით გაჟღენთილი ჰაერი... თუმცა ამას მომენტის მოხელთება უნდა, წამის დაჭერა.

წამს ჩვენ ვიტყვით, თორემ ამ წამში მთელი მარადისობაა ხოლმე ჩატეული. 

სიცოცხლის უზარმაზარი ნაკადი მოედინება აქ და ამჟამად. მოედინება, როგორც ზღაპრულ ტყეში ჩაფლული "კუკუშკა", თუ გინდა, რომ ამ სასიცოცხლო ზეიმში მონაწილეობა მიიღო, უბრალოდ უნდა მიენდო და დაემგზავრო. შენც შეივსო მაცოცხლებელი ენერგიით და თავად გახდე სიცოცხლის წყარო. 

ვინ იცის? იქნებ სხვების ცხოვრებაშიც თავად ჩამოიქროლო, როგორც სასწაულმა და გაუძღვე ჯადოსნური მოგზაურობისკენ.

 

Share on social media