მაცოცხლებელი წყალი

მაცოცხლებელი წყალი

19 დეკემბერი, 2023

ბორჯომი = საქართველო

ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რა პატარაა საქართველო და როგორი მრავალფეროვანი. ამდენი კუთხე და თითოეულს განსხვავებული ბუნება, კლიმატი, ხასიათი, ისტორია, სურნელი და ემოცია. აქ ერთმანეთს ერწყმის ყველაზე დიდი კონტრასტები: მთა და ზღვა, თანამედროვე და უძველესი, მკაცრი და რბილი..

მოდით ვიმოგზაუროთ თითოელ კუთხეში:

 

კახეთი - მრავალჭირნახული, მებრძოლი  და მოქეიფე. ისტორიას თუ გადახედავთ კახეთი სულ მტრებს იგერიებდა და ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. ალბათ სწორედ ამას უკავშირდება კახური სუფრის ტრადიციაც; ბრძოლით დაღლილებს კარგი მოლხენა და გამარჯვების აღნიშვნაც ხომ სჭირდებოდათ?

ქართულ ღვინოზე საუბრისას, პირველ რიგში კახეთის რეგიონი გვახსენდება. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი სწორედ კახეთში იღებს სათავეს და მას იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინის კეთების ტექნიკაა.

საქართველოს ღვინის წარმოების 8 000-წლიანი ტრადიცია აქვს. ეს საქართველოში აღმოჩენილი ენეოლითის დროინდელი მარნებით, ძვირფასი ლითონების ფიალებით, ქვევრებით და ღვინის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარის არსებობით დასტურდება.

კახეთის ცენტრს თელავს ახლაც ეტყობა სამეფო წარსულის გავლენა - მედიდურობა, სიმშვიდე და სილამაზე. ის კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოს, ერეკლე მეორეს რეზიდენცია იყო.

თუშეთი - ყველაზე მიუვალი და ხელუხლებელი, საქართველოს წმინდა ადგილი. თუშეთისკენ მიმავალი გზა ცალკე თავგადასავალია, თავისი ექსტრემალურობით და სუნთქვისშემკვრელი პეიზაჟებით, თვალუწვდენელი მთებითა და ველებით. არც თუშეთის პირაქეთა და პირიქითა ხეობების დამაკავშირებელი გზა არის ნაკლები. ამ გზაზე ევროპაში ყველაზე მაღალი, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე სოფელსაც შეხვდებით. წარმოიდგინეთ, მთელი დღის ნამგზავრი, დაღლილი და ადრენალინით სავსე, დღის ბოლოს ცივილიზაციას კიდევ უფრო მოწყვეტილ და მშვიდ პირიქითა ხეობაში რომ მოხვდებით და დაისვენებთ. ამ საოცარი მთების ფონზე გემრიელად მიირთმევთ თუშურ კოტორს და მზის ამოსვლამდე, ციცაბო კლდეებზე დაკრეფილ ქონდრის ჩაისაც დააყოლებთ. ალბათ ასე გრძნობენ თავს ევერესტის საბაზო ბანაკში დაბრუნებული მთამსვლელები.

ქართლი - უძველესი ისტორიის და არქეოლოგიური ძეგლების საცავი. შიდა ქართლში, გორიდან სულ რაღაც 10 კმ-ში საოცარი სანახაობა გელით. ანტიკური ხანის, კლდეში ნაკვეთი, თვალუწვდენელი მისტიკური ქალაქი, რომლის დანიშნულებაზე მკვლევარებს შორის დავა არ წყდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, უფლისციხე ქურუმების და მათი მსახურების ქალაქი იყო. ქალაქის ტერიტორიაზე უამრავ წარმართულ ტაძარს, სარიტუალო დარბაზსა და საიდუმლო გვირაბს იპოვით.  

უფლისციხეზე არაერთ ლეგენდას მოისმენთ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის ერთგვარი პორტალიც კი იყო და სხვადასხვა განზომილებებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

არსებობს ასეთი ლეგენდაც, რომ უფლისციხე მონების მიერ არის აშენებული, რომელთა წერაქვს ერთ ბოლოში ოქრო ჰქონდა, სამუშაო იარაღის გაცვეთის შემდეგ კი მონას ჩუქნიდნენ თავისუფლებას და ოქროც მას რჩებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი გულითაც აშენდებოდა?

არც ქვემო ქართლის არქეოლოგიური ძეგლები გაგაოცებთ ნაკლებად. აქ მდებარეობს დმანისი, სადაც 1991 წელს “პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია” აღმოაჩინეს! ისინი 1.8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე. აქვე აღმოჩენილია მათი სამუშაო იარაღები და გარეული ცხოველები. დმანისელი ადამიანები, აფრიკის გარეთ მცხოვრები უძველესი ჰომინიდები არიან.

სამცხე-ჯავახეთი - ხელუხლებელი ტყეებისა და ბუნებრივი წყლების სიმბოლო.

ჩვენი საყვარელი ბორჯომიც ხომ სწორედ ამ რეგიონს ეკუთვნის. სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია. აქ შეხვდებით ფლორის და ფაუნის უიშვიათეს წარმომადგენლებს, რომელთა ათეულობით წარმომადგენელი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ბორჯომი გამორჩეულია გოგირდოვანი აუზებისა და მინერალური წყლის საბადოების სიმდიდრით. ,,ბორჯომის‘’ ხელუხლებელი, მაცოცხლებელი წყალი 8 000 მეტრის სიღრმიდან იწყებს მოგზაურობას და ზედაპირზე ამოსვლამდე გზად 60-ზე მეტი უნიკალური მინერალით მდიდრდება. სწორედ ეს უნიკალური შემადგენლობა ხდის მას განსაკუთრებულს და სხვა წყლებისგან გამორჩეულს.

იმერეთი - ნიჭიერების და სტუმართმოყვარეობის სიმბოლო!

იმერეთის ცენტრში ქუთაისში მდებარეობს გელათის მონასტერი, რომელიც იუნსკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ქუთაისი არაერთი უნიჭიერესი ქართველის მშობლიური ქალაქია. მათ შორის, აკაკი წერეთლის, პაოლო იაშვილის, ნიკო ნიკოლაძეს, ზაქარია ფალიაშვილის და ა.შ.

ქართული სუფრის,  სტუმართმოყვარეობის და დღესასწაულების ერთ-ერთო სიმბოლო კი სწორედ იმერული ხაჭაპურია.

გურია - ყველაზე ლაღი, ტკბილი და ხმამაღალი. გურია გამოირჩევა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშებით, მათ შორის - შეუდარებელი “კრიმანჭულით,” რომელიც მიმოქცეული, წვრილი და მრავახმოვანი სიმღერაა. ამბობენ, რომ გურულები ყოველთვის ცდილობენ შრომა გაიადვილონ და მწუხარება შეიმსუბუქონ. სწორედ ამისთვის მღერიან კრიმანჭულს, ყანურსა თუ ნადურს.

გურულები არამხოლოდ სიმღერით, არამედ სწრაფი და მხიარული კილოთი და იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან. გურიაში მოგზაურობა, არამხოლოდ ბუნებით, არამედ ხალხური ზეპირსიტყვიერებით ტკბობასაც მოიაზრებს.

სამეგრელო - შეუდარებლად ლამაზი და გემრიელი. სამეგრელოს ბუნება ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს საქართველოში. ტობავარჩხილის დიდებული ტბები, მარტვილის და ბალდას კამკამა კანიონები, კოლხეთის ეროვნული პარკი,  პალიასტომის ტბა და ა.შ.

სხვათა შორის, არამხოლოდ სამეგრელოს ბუნების არამედ მეგრელი ქალების სილამაზესაც არაერთი მოგზაური აღნიშნავდა. ალექსანდრე დიუმას სიტყვებით “მეგრელი ქალები, განსაკუთრებით ქერათმიანები შავი თვალებით და შავგრემანები ცისფერი თვალებით, დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან.”

სამეგრელოს სამზარეულო კი ერთ-ერთი უპირობო ლიდერია: მეგრული სულგუნი, ელარჯი, გებჟალია, ხარჩო, მეგრული სუნელები - გემოების ნამდვილ დღესასწაულს ქმნის!

აჭარა - საქართველოს ორი განზომილება. ის პოპულარული კითხვა ხომ იცით? მთა გირჩევნია თუ ზღვა? აჭარაში ორივეა და ორივე ერთმანეთზე ლამაზი.

ბათუმი, გონიო, ციხისძირი, კვარიათი - ულამაზესი სანაპიროები და გამაოგნებელი მთიანი აჭარა - ხულო, ქედა, ბეშუმი თუ გომარდული… აჭარის უმაღლესი წერტილი ყანლისმთა ზღვის დონიდან 3007 მეტრზე მდებარეობს. ამავე ქედზე ნახავთ დაუვიწყარ გოდერძის უღელტეხილს, რომელზეც სამთო-სათხილამურო კურორტიც კი არის გაშენებული.

აჭარის წარმოუდგენელი სიმწვანეც გავიხსენოთ:  კინტრიშის, ისპანის, მაჭახელას ხეობის დაცულ ტერიტორიები, მტირალას ეროვნულ პარკი და ბათუმი ბოტანიკური ბაღი! აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორიაა.

სვანეთი - შეუდრეკელი, ძლიერი ქვეყნის განძთსაცავი. სვანეთში ასვლისას პირველ შთაბეჭდილებას დიადი და მკაცრი მთები და კოშკები ახდენს, რომლების გარემოცვაში თითქოს სრულიად სხვა სამყარო იშლება.  სვანური კოშკები, რომლებიც ყველანაირ სტიქიურ უბედურებასა თუ მტერს უძლებდა, თითქოს სვანური ხასიათის ერთგვარი სიმბოლოა. ერთი შეხედვით პირქუში და ძალიან პირდაპირი, თუმცა გულღია და კეთილშობილი.

გადმოცემების თანახმად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მტრების შემოსევების დროს, სხვადასხვა ხელნაწერებს, ხატებსა თუ ძვირფას ნივთებს სვანეთის სალოცავებსა და კოშკებში მალავდნენ. სწორედ ასე იქცა ის ქართული კულტურის ერთგვარ განძთსაცავად. ეს ფუნქცია სვანებმა პირნათლად შეასრულეს, ხატის ქურდს თემიდან მოკვეთა და ღვთის სასჯელი ელოდა.

საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ერთ ბლოგში ნამდვილად ვერ ჩავტევდით. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი ქვეყნის უნიკალური მახასიათებლების. გვეამაყება რომ “ბორჯომი” საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს და მთელი მსოფლიოსთვის, ის საქართველოს სიმბოლოც კი არის.

 

Share on social media