მაცოცხლებელი წყალი

მაცოცხლებელი წყალი

11 ივლისი, 2025

ეპოქის ფერადი ფოტოდოკუმენტები

პირველი ქართული მინერალური წყალი წელს 135 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

135 წლის წინათ „ბორჯომი“ საწარმოო წესით პირველად ჩამოისხა. „ბორჯომის“ წარმოების ამსახველი უძველესი ფოტოები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. მათი ავტორია ფერადი ფოტოგრაფიის პიონერი სერგეი პროკუდინ-გორსკი. 

მინერალური წყლის, „ბორჯომის“ წარმოება

ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკი, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა

 

კონგრესის არქივში დაცულ 20 ფოტოზე ბორჯომისა და მისი ხეობის ხედები, ბორჯომის წყლის ქარხანა, მინერალური წყლის წყაროებია ასახული:

  • „მუშები ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ ბორჯომის მინერალურ წყალს“,
  • „მინერალური წყლის ჩამოსხმის განყოფილება“
  • „ბორჯომში, მინერალურ წყაროსთან“
  • „კურორტი ბორჯომი, დამსვენებლები სამკურნალო წყალს სვამენ“,
  • „ბორჯომის ხედი ტორსკის პლატოდან“
  • „ოლგას ხიდი“
  • „ქალი ტრადიციული სადღესასწაულო ჩაცმულობით ბორჯომის პარკში“
  • „მიხეილ ნიკოლოზის ძის სასახლე“ 

ასე ასათაურებს სერგეი პროკუდინ-გორსკი ბორჯომში 1905-1915 წლებში გადაღებულ ფოტოებს.

მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სასახლე

ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკი, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა

 

საქართველოში სერგეი პროკუდინ-გორსკი პირველად 1905 წელს ჩამოვიდა, შემდეგ - 1912 წელს. მან გადაიღო თბილისის პირველი ფერადი ფოტოები, სამრეწველო თემატიკის ფოტორეპორტაჟები ბათუმში, ახლად გაშენებული ჩაის პლანტაციები აჭარაში, ჩაქვის ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს არაერთი ფერადი ფოტოდოკუმენტი შექმნა. 

მინერალური წყლის, „ბორჯომის“ ქარხანა, შეფუთვის განყოფილება

ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკი, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა

 

სერგეი პროკუდინ-გორსკიმ მთელი ცხოვრება ფოტოგრაფიის შესწავლას მიუძღვნა. შექმნა ფოტოკამერა, რომელიც სიუჟეტის სამ კადრს სწრაფი თანმიმდევრობით იღებდა შავ-თეთრ ფირზე, თუმცა ლურჯი, მწვანე და წითელი ფილტრებით. მისივე კონსტრუქციით შექმნილი პროექტორით ეკრანზე გასაოცრად რეალისტური ფერადი გამოსახულება ჩანდა. 

1909 წელს სერგეი პროკუდინ-გორსკიმ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის დახმარება სთხოვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს - მას ფერადი ფოტოგრაფიის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმპერიის მრავალფეროვანი ისტორიის, კულტურისა და მოდერნიზაციის ასახვა სურდა. სამეფო კანცელარიამ დაუყოვნებლივ გასცა შეუზღუდავი გადაღებების ნებართვა, ექსპედიციისათვის სპეციალურად აღიჭურვა პულმანის სარკინიგზო ვაგონი, რომელშიც ფოტოლაბორატორია დამონტაჟდა. პროკუდინ-გორსკის განკარგულებაში იყო თბომავალი, გემები და გაუკვალავ გზებზე გადაადგილებისათვის Ford-ის მარკის ავტომობილი. ფოტოგრაფმა იმოგზაურა ფინეთში, კავკასიაში, ყირიმში, სამარყანდში, ბუხარაში, ურალში, გადაიღო 10 000-მდე ფოტო და რუსეთის იმპერიის უნიკალური ფოტოდოკუმენტები შექმნა. 

ბორჯომის მინერალური წყლის ბიუვეტი - „ევგენის წყარო“

ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკი, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა

 

ბოლშევიკური რევოლუციისა და მეფის ოჯახის დახვრეტის შემდეგ, 1918 წელს სერგეი პროკუდინ-გორსკი ჯერ ნორვეგიასა და ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრა და ფოტოარქივის მნიშვნელოვანი ნაწილის გატანაც შეძლო. პარიზში იგი ძმებ ლუმიერებთან მუშაობდა, გახსნა საკუთარი ფოტოსტუდია. პროკუდინ-გორსკი 1944 წელს გარდაიცვალა. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ მინის ნეგატივებზე შემონახული გამოსახულებები პროკუდინ-გორსკის მემკვიდრეებისაგან 1948 წელს შეიძინა, სულ 1902 ნეგატივი, მათგან 139 ფოტო საქართველოშია გადაღებული. ასე აღმოჩნდა მინერალური წყლის, „ბორჯომის“ წარმოების ამსახველი უნიკალური ფოტოდოკუმენტები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში. 

Share on social media