ბორჯომის ციფრული მუზეუმი
ბორჯომის ციფრული მუზეუმი ერთ-ერთი პირველი ვირტუალური მუზეუმია საქართველოში, რომლის ანალოგიც არ არსებობს. ის წარმოადგენს ხიდს წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც გაგაცნობთ როგორც ბორჯომის წარმოშობისა და ევოლუციის გზას, ისე - მის ადგილს თანამედროვეობაში.
ციფრული მუზეუმი თანამედროვე ტექნოლოგიების და საინტერესო თხრობის ნაზავია. ის ანგრევს ფიზიკური მანძილით გამოწვეულ შეზღუდვებს და ბორჯომის ისტორიასა და კულტურის საოცარ სამყაროში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გამოგზაურებთ.
ბორჯომის ვირტუალურ სივრცეში ნავიგაცია მარტივია და კლავიატურის ისრების საშუალებით ხდება. შიგნით წარმოდგენილ ეკრანებზე დაჭერისას კი - სხვადასხვა ინფორმაციას ეცნობით. მუზეუმის ცენტრში ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანას და ბრენდის ცნობილი სიმბოლოს - ირემსაც დაინახავთ. პირდაპირ ვერანდიდან კი - ბორჯომის ტყეების მშვენიერი ხედიც იშლება. კურსორის გამოძრავებით მუზეუმის ფარგლებს გარეთ გასვლას და ტყეში გასეირნებასაც კი შეძლებთ.
აქვე გაეცნობით ბორჯომის წყლის აღმოჩენის ცნობილ ლეგენდას, თუ როგორ განკურნა მაცოცხლებელმა წყალმა დაჭრილი ირემი, ამ სასწაულის შემყურე მონადირემ კი წყლის მაცოცხლებელი ძალა საკუთარ თავზე გამოცადა და ყველას აუწყა საოცარი მიგნების შესახებ.
ვირტუალურ მუზეუმში იმასაც შეიტყობთ, რომ წყალს თავდაპირველად, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულშიც იყენებდნენ. შემდეგ, სამწუხაროდ, ომების შედეგად მიივიწყეს და ხელახლა 1829 წელს აღმოაჩინეს. მალე იქვე მინერალური წყლების პარკიც გააშენეს და 25 წელიწადში პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობაც კი დაიწყეს.
ამ სივრცეში ასევე გამოფენილია სხვადასხვა დროს მიღებული ჯილდოები, მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ბორჯომის გამოჩენამ მთელი ევროპა გააოცა, ეს გაოცება კი საპატიო დიპლომებში აისახა, რომელსაც ციფრულ მუზეუმში იხილავთ.
გაიგებთ იმასაც, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბორჯომს არაერთი ადგილობრივი თუ უცხოელი ხელოვანი სტუმრობდა. ეს ადგილი ბევრი ცნობილი ადამიანის შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო არაერთხელ გამხდარა. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, პეტრე ჩაიკოვსკი, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, იოსებ შარლემანი და სხვანი. ჩაიკოვსკის სიტყვებით: “აქ ყველაფერი ისეთი კარგია, რომ ბორჯომზე მთლად შეყვარებული ვარ…ხანდახან, ღმერთო, სიხარულის ცრემლები მღვრიე იმ სილამაზეზე, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდება.”
ციფრულ მუზეუმში ასევე გაეცნობით ბორჯომის რეკლამის, ბრენდინგის, ეტიკეტებისა გდა ბოთლების ევოლუციას. აღმოაჩენთ იმასაც, რომ სპეციალურად მოწვეულმა ქიმიკოსმა ფ. მოლდენჰაუერმა შეიმუშავა სპეციალური მეთოდი, რომელიც ბოთლში ჩამოსხმულ ბორჯომს თავის სასარგებლო თვისებებს ხანგრძლივად უნარჩუნებდა.
გარდა ამისა, შეიტყობთ არაერთ საინტერესო ფაქტს ბორჯომის შესახებ. მაგალითად იმას, რომ უინსტონ ჩერჩილს საბჭოთა კავშირში სტუმრობის დროს ყოველთვის ედო მაგიდაზე ბორჯომი. იური გაგარინმა კი კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, პირველი რაც მოითხოვა სწორედ ბორჯომი იყო. ფილმ „სოლარისის“ გადაღების დროს კი, გადამღები ჯგუფის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფილმის რეჟისორმა, ანდრეი ტარკოვსკიმ, შორეული მომავლის ამსახველ კადრებში ბორჯომის ნამდვილი ეტიკეტი გამოაჩინა, რადგან მას სჯეროდა რომ ბორჯომი შორეული მომავლის განუყოფელი ნაწილიც იქნებოდა.
სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ბორჯომი, სხვა, თქვენთვის საყვარელ ჰოლივუდურ ფილმებშიც კი გხვდება.
ვირტუალურ მუზეუმში ბორჯომის ისტორიის, განვითარების და არაერთი საინტერესო ფაქტის გარდა, ბორჯომის წარმოების დეტალებსაც გაეცნობით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ისაა, რომ მიწისქვეშა პროცესები ბუნებრივად მიმდინარეობს და წყლის მხოლოდ ის რაოდენობა მოიპოვება, რაც ბუნებრივად განახლებადია. მე-20 საუკუნის ბოლოდან კი წარმოებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბორჯომის წარმომავლობას, როგორც ეროვნულ საგანძურს. დღესდღეობით, ბორჯომი ექსპორტზე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის და ის ქართული იდენტობის სიმბოლოა.
ბორჯომის ციფრული მუზეუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ცოდნის მიღების ამ ინოვაციურ და ინტერაქციულ ფორმას უდიდესი საგანმანათლებლო, კულტურული და ტურისტული ღირებულება გააჩნია.
აქ მიღებულმა ცოდნამ კი - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინერალური წყლის დალევა, შესაძლოა არაჩვეულებრივ გამოცდილებად აქციოს. ამ ყველაფრის გააზრებით აცნობირებ, რომ ხელში უბრალოდ წყალი კი არა, ათასწლეულების ისტორია გიჭირავს, რომელიც მზად არის თავისი სამკურნალო თვისებები და 8000 მეტრის სიღრმიდან ამოტანილი სასიცოცხლო მინერალები სიყვარულით გაგიზიაროს.
ეს ყველაფერი კი მუზეუმის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ თავად შეიგრძნოთ და აღმოაჩინოთ.