
სპორტი
ბოლოს დამატებული ბლოგები
ნახე ყველა
შრომა, მოთმინება და აწმყოს ფილოსოფია
ადამიანები ხშირად ორ უკიდურესობას შორის ცხოვრობენ - ან წარსულზე ფიქრობენ, ან მომავალზე. გიორგი ქოჩორაშვილის ფილოსოფია კი გაცილებით მარტივია: ყველაზე მნიშვნელოვანი აწმყოა.
მისი კარიერა ამის კარგი მაგალითია. სპორტსმენის ცხოვრება მუდმივი ცვლილებებისგან შედგება - წარმატებები, იმედგაცრუებები, ახალი ეტაპები და ახალი გამოწვევები. თუმცა ქოჩორა ცდილობს ყურადღება ყოველთვის იმ დღეზე გაამახვილოს, რომელიც ახლა უდგას - წარსულს გამოცდილებად ინახავს, მომავალს კი შესაძლებლობად.
ამ დამოკიდებულების უკან ბავშვობაში მიღებული გაკვეთილიც დგას. კარდენახში, პაპის ვენახში, მან საკუთარი თვალით ნახა, რომ შრომა ყოველთვის გარანტირებულ შედეგს არ ნიშნავს. მაგრამ ისიც დაინახა, რომ ადამიანი სწორედ შრომის პროცესში ვითარდება. როგორც ვენახს სჭირდება ყოველდღიური მოვლა, ისე სჭირდება მუდმივი ზრუნვა საკუთარ შესაძლებლობებსაც.
ამიტომ მისთვის განვითარება დანიშნულების წერტილი არ არის. ეს არის გზა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. ბარიერები, შეცდომები და სირთულეები ამ გზის ბუნებრივი ნაწილია. სწორედ ასეთ მომენტებში ყალიბდება ხასიათიც - მაშინ, როცა შედეგი ჯერ არ ჩანს, მაგრამ მუშაობას მაინც აგრძელებ. ქოჩორაშვილისთვის პროგრესი მოთმინების, დისციპლინის ნაყოფია და არა ერთი წარმატებული დღის შედეგი.
ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგიასაც. არამხოლოდ ფიზიკურს, არამედ იმ შინაგან ძალას, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად ამოძრავებს. ქოჩორა ხშირად ამბობს, რომ ენერგიას თავად ქმნი - შენი დამოკიდებულებით, შრომითა და იმ ღირებულებებით, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეყრდნობი. სწორედ ეს შინაგანი რესურსია, რომელიც რთულ პერიოდებში ადამიანს წინსვლის ძალას აძლევს.
თუმცა მისი ხედვა მხოლოდ საკუთარ განვითარებას არ ეხება. ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო ის ადამიანებიც, ვინც მის გარშემო არიან. მოედანზე თუ მის მიღმა, ის საკუთარ როლს ხშირად სხვების დახმარებასა და გაძლიერებაში ხედავს. სჯერა, რომ ადამიანის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ პირადი მიღწევებით არ იზომება და რომ სხვისი წარმატების გაზიარებასაც ისეთივე ძალა აქვს, როგორიც საკუთარი მიზნების მიღწევას.
გიორგი ქოჩორაშვილის ისტორია სწორედ ამაზე გვიყვება - რომ ყველაზე დიდი ძალა აწმყოში ცხოვრებაშია; რომ შენი საქმე ყოველდღე მაქსიმალურად კარგად უნდა აკეთო და გჯეროდეს პროცესის მაშინაც კი, როცა შედეგი ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელსაც სჯერა, რომ ნამდვილი ძალა არა საკუთარ თავზე კონცენტრირებაში, არამედ სხვების გაძლიერებაში იბადება. და ხშირად სწორედ ასეთი ადამიანები ტოვებენ ყველაზე დიდ კვალს.
08 ივნისი, 2026

ბუნებას თავისი ენა აქვს - ხშირად უხმო, მაგრამ მძაფრი
ეს ძალა არც კეთილია და არც ბოროტი - ის უბრალოდ არის. და სწორედ აქ იკვეთება მთავარი განსხვავება: ზოგი მას ებრძვის, ზოგი კი მის რიტმს სწავლობს.
სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, გამარჯვება ხშირად არა მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე და თანდაყოლილ ნიჭზე არამედ ამ უხილავ სინერგიაზეა დამოკიდებული - ბუნებასთან თანაარსებობაზე.
გიორგი ქოჩორაშვილი ამ თანაარსებობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. შრომა მისთვის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის - ეს შინაგანი პროცესია, რომელიც აზრს, სიტყვას და მოძრაობას აერთიანებს. იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც წერა ასე ძალიან უყვარს და ეს ისე კარგად გამოსდის, როგორც მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელების ჩანაფიქრის წაკითხვა.
ამბობენ, პატარა ქოჩორამ ერთხელ ფურცელზე ჩაიწერა ოცნება - ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ეს არ იყო უბრალოდ სურვილი, ეს იყო მანიფესტაცია, პირობა საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
და როცა შენ ამ დიალოგს გულწრფელად იწყებ, ბუნებაც გპასუხობს.
ლისაბონის აღმართების ავლა მარტივი არ არის - არც ფიზიკურად და არც სიმბოლურად. მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც ასეთ რთულ გამოწვევებს თავად ირჩევს, მაშინ როცა მთელი სტადიონი ნერვიულობისგან გასუსულია, ის პირველი მიდის პენალტის დასარტყმელად და უკან უნაკლო შედეგით ბრუნდება.
ქოჩორა ვითარდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად, თითქოს ჰაერის რიტმს აჰყვა, მოძრაობს მსუბუქად, მაგრამ შეუჩერებლად, როგორც ქარი, რომელიც საკუთარ გზას თავად პოულობს.
და როცა გოლის შემდეგ, კუთხურის ალამთან, კაპიტანი საქართველო ტრიბუნებს ახედავს - ეს უკვე შედეგი კი არა დადასტურებაა, სინერგია მას და ბუნებას შორის მართლაც არსებობს.
თორნიკე შენგელია სხვა სტიქიას წარმოადგენს. ის ცეცხლია.
მის თამაშში პირველი რაც აღგაფრთოვანებს, ძალაა - მძლავრი, უშუალო, ზოგჯერ ქარიშხალივით მოულოდნელი.
ენერგია, რომელიც სამშობლოსთვის არასდოს ენანება, 24 საათიანი ინტერვალით ჯერ კლუბში ითამაშებს, მერე ნაკრებში, თანაც ისე რომ გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ის გახდება. პრობლემა არ არის… მაგრამ ამ ულიმიტო ენერგიის უკან დისციპლინა დგას.
კონტროლი - უნარი, რომ ძალა არა ქაოსად, არამედ განგრძობით მოძრაობად აქციო.
მისი კარიერა არ ყოფილა ერთგვაროვანი და მარტივი გზა - ის უფრო კლდოვან რელიეფს ჰგავს, სადაც ყოველი ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს.
შენგელია სწორედ ის სპორტსმენია, რომელმაც ისწავლა, როგორ გამოიყენოს წინააღმდეგობა როგორც მოტივაცია, როგორ აქციოს წნეხი იმ ენერგიად, რომელიც წინ წაიყვანს.
ბუნება მასში არ არის მხოლოდ გარემო - ის მის ხასიათშია. სიმტკიცეში, გამძლეობაში, იმ უნარში, რომ დაცემის შემდეგ ისევ წამოდგეს და კიდევ უფრო ძლიერად გააგრძელოს, რადგან მას დიდ ძალასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც აქვს - საქართველოს კაპიტანია.
ბექა გორგაძე კი თავად ბუნების ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა.
სტიქიებიდან მიწას ჰგავს - მძიმე, მტკიცე, დაუძვრელი.
როდესაც ის მოედანზეა, თითქოს თავად რელიეფი იცვლება.
რაგბი ის სპორტია, სადაც ფიზიკური შეხება რეალობის ყველაზე პირდაპირი ფორმაა. და გორგაძე ამ რეალობას სრულად იღებს. ის არ ებრძვის მას - ის მასთან ერთად მოძრაობს.
მისი ყოველი შეჯახება, ყოველი გარდამტეხი მომენტი, ბუნებრივი პროცესის გაგრძელებაა.
მისი ძალა არ არის მხოლოდ კუნთებში - ის არის ფესვებში. იმ კავშირში, რომელიც მიწასთან, სივრცესთან და საკუთარ თავთან აქვს. სწორედ ამიტომ არის მისი თამაში ასე დამაჯერებელი - ის არ თამაშობს ბუნების წინააღმდეგ, ის მისი ნაწილია.
ბუნების ძალა უნივერსალურია. ხანდახან მისტიკური, ხანდახან სახიფათო, მაგრამ ისინი, ვინც მასთან ჰარმონიას პოულობენ, სხვანაირად მოძრაობენ, სხვანაირად ფიქრობენ. სხვანაირად იმარჯვებენ.
ქოჩორაშვილი, შენგელია და გორგაძე - სამი განსხვავებული სტიქია. სამი განსხვავებული გზა, მაგრამ ერთი საერთო კავშირი: მათ ისწავლეს, როგორ აქციონ ბუნების ძალა საკუთარ ენერგიად.
და როცა ეს ხდება - ენერგია აღარ არის უბრალოდ რესურსი.
ის ხდება შენი გაგრძელება. შენი ზურგის ქარი.
08 მაისი, 2026

შავი ლომი, ანუ პირველი მერცხალი
შავი ლომი პირველი ქართული რაგბის ფრენჩაიზია. სამჯერ ზედიზედ სუპერ თასის მოგების შემდეგ, მისთვის კარი ევროპის ტოპ გუნდებთან სათამაშოდაც გაიღო. ეროვნული ნაკრები დიდი ხანია ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, ახლა დროა საკლუბო დონეზეც გაგვიცნონ.
„ქართველები მოდიან“ ასე ამცნო სარაგბო სამყაროს „ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ“ შავი ლომის ჩელენჯ ქაფზე გამოჩენა. ტურნირზე ქართული გუნდი სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზთან“ ერთად სპეციალური მოწვევით მოხვდა. ჩელენჯ ქაფზე ძირითადად ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთის და იტალიის კლუბები თამაშობენ. ამ ქვეყნებთან ერთად ქართული გუნდის გარევა უკვე დიდი საქმეა. ვინ იცის, ექვს ერამდე მისასვლელი გზა, შეიძლება სწორედ შავ ლომზე გადიოდეს.
გულშემატკივარში ხშირად არის ჩივილი, რომ რაგბი დახურული სისტემაა, თითქოს გუნდები ორ ნაწილად იყოფიან ძალიან ძლიერები და სუსტები. საქართველო სუსტებთან ძლიერია, ძლიერებთან ცოტა გვიჭირს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ მათთან სათამაშო პრაქტიკის გარეშე, თითქმის შეუძლებელია იგივე დონეზე ახვიდე. ჩელენჯ ქაფი ამ პრაქტიკის მისაღებად ბრწყინვალე შესაძლებლობაა, ქართველი მორაგბეები წამყვანი ჩემპიონატების კლუბებს დაუპირისპირდებიან. ქართველ ქომაგს კი შესაძლებლობა ექნება ევროპის ტოპ გუნდები თბილისშიც იხილონ. ეს ჩვენ, გულშემატკივრებსაც ძალიან გვჭირდება.
ლევან მაისაშვილი ტურნირის დაწყებამდე ამბობდა, ჩელენჯ ქაფზე თითოეული თამაშის მოგება ურთულესი იქნებაო. მართლაც, იოლი გზა არ გამოგვივლია, პირველი მატჩი ინგლისურ გლოსტერთან 15:10 დავმარცხდით და სანუგეშო ქულა მოვიპოვეთ, თუმცა მატჩის შემდგომ ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო.
უელსურ „სკარლეტთან“ უფრო მობილიზებულები გავედით, მიუხედავად იმისა, რომ „შავი ლომი“ აუტსაიდერად მოიაზრებოდა, ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს მეტოქის გადატეხა და ისტორიული, პირველი გამარჯვება ანგარიშით 23 - 7 მოიპოვეს.
მესამე მატჩი ფრანგულ „კასტრთან“ დავთმეთ, მაგრამ ფლეიოფის საგზურის იმედები არ დაგვიკარგავს. ეს ყველაფერი მიხეილ მესხის სტადიონზე, ფრანგულ კლერმონთან უნდა გაგვერკვია.
თამაშამდე ნამდვილი სარაგბო ზეიმი გაიმართა. სტადიონის მიმდებარე ტერიტორია გულშემატკივრების ჟრიამულმა მოიცვა. იყო მხიარულება, მუსიკა, საკვები, სასმელი და რა საკვირველია ბორჯომის ლიმონათებიც. ქომაგების განწყობაზე იამაიკელი მომღერალი, დაიანა კინგი ზრუნავდა. ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ფრანგებიც აქტიურად მონაწილეობდენ წინასამატჩო ჟრიამულში. იყო ნამდვილი ზარ-ზეიმი.
თავად მატჩს რაც შეეხება, იოლი არ ყოფილა, ფრანგულმა გუნდმა შავი ლომი 36-3 დაამარცხა, ჩვენი ოცნება ჩელენჯ ქაფის ფლეიოფზე მინიმუმ ერთი წლით გადაიდო.
ცხადია ეს ტრაგედია ქართული კლუბისთვის ნამდვილად არ არის, პირიქით, დიდი გაკვეთილი მივიღეთ, რომელსაც იმედია მომავალ წელს პრაქტიკაში გამოვავლენთ. არავინ ელოდა, რომ სარაგბო ქვეყნებთან დაპირისპირებაში პირველივე სეზონში ფლეიოფში მოვხვდებოდით, მეტიც, როგორც უკვე ვახსენეთ, ჯგუფში ერთი გამარჯვებაც კი მოულოდნელი იყო. თუმცა ფაქტია, პროგრამა მინიმუმ შესრულებულია, შავი ლომის ღრიალი ექვსმა ერმა გაიგო.
რაგბი რომ ჩვენი თამაშია ეს ტრიბუნებზეც დადასტურდა. თამაშს 17 000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, რაც ჩელენჯ ქაფზე დასწრების მიხედვით მეოთხე შედეგია.
ბლოგის სათაური შემთხვევითი არ არის. შავი ლომი ქართული საკლუბო რაგბის პირველი მერცხალია, ფილმისა არ იყოს დასასრული აქაც სევდიანი იყო, მაგრამ ამავდროულად იმედიანი.
ჩვენ ჩვენი სიმღერა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ურყევი შემართებით და შედეგიც დაიდება!
რაგბი ჩვენი თამაშია!
30 იანვარი, 2024
ხშირად ნანახი ბლოგები


