სპორტი

სპორტი

28 სექტემბერი, 2023

ჩვენი თამაში, ჩვენი ლეგენდა

საფრანგეთში მსოფლიოა!

კენგურუები, პუმები, დრაკონები, ქურციკები, წითლები და თეთრები, ლურჯები და შავები, სამყურები და მუხები, და რაც მთავარია ბორჯღალოსნები. 

პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. 

რაგბი თავისებური სპორტია, ბურთი მრგვალი არ არის.


მსოფლიოს საუკეთესოს ვინაობას, ძირითადად, რეიტინგის მოწინავე გუნდები არკვევენ, დანარჩენები კი ვცდილობთ, რომ მსოფლიოს ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.

პირველად ეს 2003 წელს გავაკეთეთ. რაგბი გახდა პირველი გუნდური სპორტი, რომელშიც მსოფლიოზე გავედით, ეს მაშინდელი საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იყო. მას შემდეგ უწყვეტად ვახერხებთ საგზურების აღებას და ღირსეულ ასპარეზობას.

ერთხელ ორი მატჩი მოვიგეთ და ავტომატურად გავინაღდეთ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა.

დიდ სენსაციასთანაც ახლოს ვიყავით, როდესაც, ამჟამად რეიტინგის პირველი ნომერი, ირლანდია, ბოლო წუთებში თითქმის დავალელოვეთ. მხოლოდ 14:10 წავაგეთ და სანუგეშო ქულა მოვიპოვეთ. მაშინ წერდნენ, მამაცმა ქართველებმა ირლანდია შეაშინესო. გვახსოვს ალბათ გიორგი შკინინის საოცარი ლელოც. 

ახლა რთული ქვეჯგუფი გვაქვს. პორტუგალიის გარდა, რეიტინგით ყველა ჩვენზე წინ არის, ავსტრალია, ფიჯი, უელსი. 

ავსტრალიასთან დავმარცხდით, მაგრამ რამდენიმე დასანანი შეცდომა რომ არა, შეიძლება ცოტა მეტი ქულა დაგვეგროვებინა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეორე ტაიმი, სადაც სულ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილეთ, ჩვეული შემართებით და ბრძოლის ჟინით, როგორც ამას მიჩვეულები ვართ. 

მიუხედავად მარცხისა, ჩვენი ნაკრების თამაშს უცხოურ პრესაში მაინც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით პორტუგალისთან მატჩზე.  

დაგეგმილი გამარჯვების ნაცვლად თამაში ფრედ დასრულდა. არადა პირველი ტაიმი ისე დავიწყეთ, ბონუს ქულაზეც კი ვფიქრობდით. 

თუმცა რას ვიზამთ? ასეთია სპორტი, ამერიკული მთებივით. დიდ სიხარულს ხანდახან იმედგაცრუებებიც მოჰყვება ხოლმე. სწორად განვითარებისთვის ალბათ ორივე გამოცდილება ძალიან საჭიროა. 

არადა უელსთან შარშანდელმა გამარჯვებამ იმედი გააჩინა, რომ დიდებთან მოგებაზე ფიქრიც შეიძლება. 

სადაც უელსს მოვუგეთ,  იქნებ ფიჯისთან რამეს გავხდეთ? თან უელსმა თავისმხრივ ფიჯის მოუგო და რატომაც არა? ბურთი თუ არა, ბორჯღალია მრგვალი.“ 

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ოპტიმისტი ქართველი გულშემატკივარის ოცნება.


თუმცა მიუხედავად პორტუგალიასთან არც თუ ისე სახარბიელო შედეგისა, ბორჯღალოსნებს ყურები არ ჩამოუყრიათ და ფიჯისაც ისეთი შერკინებით დავხვდით, ათეულის გუნდებსაც რომ გაუკვირდებათ. წელს ფიჯისა და ავსტრალიის დაძაბულ თამაშსაც თუ გავიხსენებთ, მარტივად წარმოსადგენია ქართველი მორაგბეები როგორი შემართებითაც დახვდნენ.

ჩვენი მთავარი იარაღი კი რის ხარჯზეც ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლებს ვიგებდით, საოცარი ბრძოლისუნარიანობა და უდიდესი რწმენა იყო.   

რწმენა იმისა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, შენ მაინც ბოლომდე იბრძოლებ, იმიტომ რომ ეგაა შენი ხასიათი და სხვანაირად არ შეგიძლია. თან იცი, რომ მარტო არ ხარ და რაღაც დიდი ძალა გეხმარება. 

ამ რწმენის დამსახურება იყო წლევანდელ მსოფლიოზე ქართველი მორაგბეების უდრეკი ბრძოლისუნარიანობა. 

ჩვენს განწყობას, ფიქრებს, ემოციებს, ენერგეტიკულ მდგომარეობასაც კი შეუძლია მოედანზე გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ეს უკვე პოეზია არ არის, ეს ფიზიკაა.  

ჩვენ ყველანი უხილავი სიმებით ვართ დაკავშირებული. ეს სიმთა რხევა კი ერთიან სიმფონიას ქმნის. ამას შეიძლება ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ.  

მართალია ეს ელემენტარული ნაწილაკების დონეზე, კვანტურ სამყაროში ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდ სურათსაც ეს მცირე დეტალები ქმნიან.

გაიხსენეთ რამდეჯერ გიფიქრიათ: აი იქ რომ აუტი ყოფილიყო, ფეხი ორი სანტიმენტრით წინ ჰქონოდა, ბურთი არ გავარდნოდა...  

სპორტში, დისციპლინასთან და სხვა უნარ-ჩვევებთან ერთად, ეს „კვანტური გამართლებებიც“ დიდ როლს თამაშობს.  

ვინ იცის, იქნებ მატჩის ბედი სულაც მაშინ გადაწყდა, როდესაც დილის ყავას ვსვამდით და სოციალურ ქსელებს ვათვალიერებდით?  

რას გაიგებ, პეპლის ფრთის მოქნევამ აიოვაში, შეიძლება გამოიწვიოს ქარიშხალი ინდონეზიაში.

ყველაფერს ცხადია ვერ გათვლი და ვერც გააკონტროლებ, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ.  იმისათვის რომ ნაკრებს  აქედანაც წმინდა ენერგია მივაწვდინოთ, ჩვენც წმინდა ენერგიას უნდა ვასხივებდეთ. ჩვენი სიმებიც მაღალ სიხშირეზე უნდა ჟღერდნენ.

ამაში ბორჯომის მაცოცხლებელი წყალიც დაგვეხმარება, რომელიც შეგვიძლია ყველა მატჩის ყურებისას თან გვყავდეს, როგორც ქართული რაგბის ერთგული მეგობარი. 

წელს ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ბორჯღალოსნებმა ქვეყნის წარმოსაჩენად მაქსიმუმი გააკეთეს. ვნახეთ ლელოები, რომლებიც წლების განმავლობაში გვემახსოვრება, ვილაპარაკებთ შებოჭვებისა და ბოლო წამებზე გადაწყვეტილ დამარცხებებზე.

წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება,

ბორჯღალი საქართველოა, სხივები ჩვენ ვართ ყველაო

 

Share on social media