სპორტი

სპორტი

30 იანვარი, 2024

შავი ლომი, ანუ პირველი მერცხალი

შავი ლომი პირველი ქართული რაგბის ფრენჩაიზია. სამჯერ ზედიზედ სუპერ თასის მოგების შემდეგ, მისთვის კარი ევროპის ტოპ გუნდებთან სათამაშოდაც გაიღო. ეროვნული ნაკრები დიდი ხანია ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, ახლა დროა საკლუბო დონეზეც გაგვიცნონ. 

„ქართველები მოდიან“ ასე ამცნო სარაგბო სამყაროს „ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ“ შავი ლომის ჩელენჯ ქაფზე გამოჩენა. ტურნირზე ქართული გუნდი სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზთან“ ერთად სპეციალური მოწვევით მოხვდა. ჩელენჯ ქაფზე ძირითადად ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთის და იტალიის კლუბები თამაშობენ. ამ ქვეყნებთან ერთად ქართული გუნდის გარევა უკვე დიდი საქმეა.  ვინ იცის, ექვს ერამდე მისასვლელი გზა, შეიძლება სწორედ შავ ლომზე გადიოდეს.  

გულშემატკივარში ხშირად არის ჩივილი, რომ რაგბი დახურული სისტემაა, თითქოს გუნდები ორ ნაწილად იყოფიან  ძალიან ძლიერები და სუსტები.  საქართველო სუსტებთან ძლიერია, ძლიერებთან ცოტა გვიჭირს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ მათთან სათამაშო პრაქტიკის გარეშე, თითქმის შეუძლებელია იგივე დონეზე ახვიდე.  ჩელენჯ ქაფი ამ პრაქტიკის მისაღებად ბრწყინვალე შესაძლებლობაა, ქართველი მორაგბეები წამყვანი ჩემპიონატების კლუბებს დაუპირისპირდებიან. ქართველ ქომაგს კი შესაძლებლობა ექნება ევროპის ტოპ გუნდები თბილისშიც იხილონ.  ეს ჩვენ, გულშემატკივრებსაც ძალიან გვჭირდება. 

ლევან მაისაშვილი ტურნირის დაწყებამდე ამბობდა, ჩელენჯ ქაფზე თითოეული თამაშის მოგება ურთულესი იქნებაო. მართლაც, იოლი გზა არ გამოგვივლია, პირველი მატჩი ინგლისურ გლოსტერთან 15:10 დავმარცხდით და სანუგეშო ქულა მოვიპოვეთ, თუმცა მატჩის შემდგომ ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო. 

უელსურ „სკარლეტთან“ უფრო მობილიზებულები გავედით,  მიუხედავად იმისა, რომ „შავი ლომი“ აუტსაიდერად მოიაზრებოდა, ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს მეტოქის გადატეხა და ისტორიული, პირველი გამარჯვება ანგარიშით 23 - 7 მოიპოვეს. 

მესამე მატჩი ფრანგულ „კასტრთან“ დავთმეთ, მაგრამ ფლეიოფის საგზურის იმედები არ დაგვიკარგავს.  ეს ყველაფერი მიხეილ მესხის სტადიონზე, ფრანგულ კლერმონთან უნდა გაგვერკვია. 

თამაშამდე ნამდვილი სარაგბო ზეიმი გაიმართა.  სტადიონის მიმდებარე ტერიტორია გულშემატკივრების ჟრიამულმა მოიცვა.  იყო მხიარულება, მუსიკა, საკვები, სასმელი და რა საკვირველია ბორჯომის ლიმონათებიც.  ქომაგების განწყობაზე იამაიკელი მომღერალი, დაიანა კინგი ზრუნავდა. ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ფრანგებიც აქტიურად მონაწილეობდენ წინასამატჩო ჟრიამულში. იყო ნამდვილი ზარ-ზეიმი.

თავად მატჩს რაც შეეხება, იოლი არ ყოფილა, ფრანგულმა გუნდმა შავი ლომი 36-3 დაამარცხა, ჩვენი ოცნება ჩელენჯ ქაფის ფლეიოფზე მინიმუმ ერთი წლით გადაიდო. 

ცხადია ეს ტრაგედია ქართული კლუბისთვის ნამდვილად არ არის, პირიქით, დიდი გაკვეთილი მივიღეთ, რომელსაც იმედია მომავალ წელს პრაქტიკაში გამოვავლენთ. არავინ ელოდა, რომ სარაგბო ქვეყნებთან დაპირისპირებაში პირველივე სეზონში ფლეიოფში მოვხვდებოდით, მეტიც, როგორც უკვე ვახსენეთ, ჯგუფში ერთი გამარჯვებაც კი მოულოდნელი იყო. თუმცა ფაქტია, პროგრამა მინიმუმ შესრულებულია, შავი ლომის ღრიალი ექვსმა ერმა გაიგო. 

რაგბი რომ ჩვენი თამაშია  ეს ტრიბუნებზეც დადასტურდა. თამაშს 17 000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, რაც ჩელენჯ ქაფზე დასწრების მიხედვით მეოთხე შედეგია. 

ბლოგის სათაური შემთხვევითი არ არის. შავი ლომი ქართული საკლუბო რაგბის პირველი მერცხალია, ფილმისა არ იყოს დასასრული აქაც სევდიანი იყო, მაგრამ ამავდროულად იმედიანი. 

ჩვენ ჩვენი სიმღერა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ  ურყევი შემართებით და შედეგიც დაიდება! 

რაგბი ჩვენი თამაშია!

 

Share on social media