სპორტი

ბოლოს დამატებული ბლოგები

შავი ლომი, ანუ პირველი მერცხალი

შავი ლომი, ანუ პირველი მერცხალი

შავი ლომი პირველი ქართული რაგბის ფრენჩაიზია. სამჯერ ზედიზედ სუპერ თასის მოგების შემდეგ, მისთვის კარი ევროპის ტოპ გუნდებთან სათამაშოდაც გაიღო. ეროვნული ნაკრები დიდი ხანია ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, ახლა დროა საკლუბო დონეზეც გაგვიცნონ.  „ქართველები მოდიან“ ასე ამცნო სარაგბო სამყაროს „ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ“ შავი ლომის ჩელენჯ ქაფზე გამოჩენა. ტურნირზე ქართული გუნდი სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზთან“ ერთად სპეციალური მოწვევით მოხვდა. ჩელენჯ ქაფზე ძირითადად ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთის და იტალიის კლუბები თამაშობენ. ამ ქვეყნებთან ერთად ქართული გუნდის გარევა უკვე დიდი საქმეა.  ვინ იცის, ექვს ერამდე მისასვლელი გზა, შეიძლება სწორედ შავ ლომზე გადიოდეს.   გულშემატკივარში ხშირად არის ჩივილი, რომ რაგბი დახურული სისტემაა, თითქოს გუნდები ორ ნაწილად იყოფიან  ძალიან ძლიერები და სუსტები.  საქართველო სუსტებთან ძლიერია, ძლიერებთან ცოტა გვიჭირს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ მათთან სათამაშო პრაქტიკის გარეშე, თითქმის შეუძლებელია იგივე დონეზე ახვიდე.  ჩელენჯ ქაფი ამ პრაქტიკის მისაღებად ბრწყინვალე შესაძლებლობაა, ქართველი მორაგბეები წამყვანი ჩემპიონატების კლუბებს დაუპირისპირდებიან. ქართველ ქომაგს კი შესაძლებლობა ექნება ევროპის ტოპ გუნდები თბილისშიც იხილონ.  ეს ჩვენ, გულშემატკივრებსაც ძალიან გვჭირდება.  ლევან მაისაშვილი ტურნირის დაწყებამდე ამბობდა, ჩელენჯ ქაფზე თითოეული თამაშის მოგება ურთულესი იქნებაო. მართლაც, იოლი გზა არ გამოგვივლია, პირველი მატჩი ინგლისურ გლოსტერთან 15:10 დავმარცხდით და სანუგეშო ქულა მოვიპოვეთ, თუმცა მატჩის შემდგომ ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო.  უელსურ „სკარლეტთან“ უფრო მობილიზებულები გავედით,  მიუხედავად იმისა, რომ „შავი ლომი“ აუტსაიდერად მოიაზრებოდა, ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს მეტოქის გადატეხა და ისტორიული, პირველი გამარჯვება ანგარიშით 23 - 7 მოიპოვეს.  მესამე მატჩი ფრანგულ „კასტრთან“ დავთმეთ, მაგრამ ფლეიოფის საგზურის იმედები არ დაგვიკარგავს.  ეს ყველაფერი მიხეილ მესხის სტადიონზე, ფრანგულ კლერმონთან უნდა გაგვერკვია.  თამაშამდე ნამდვილი სარაგბო ზეიმი გაიმართა.  სტადიონის მიმდებარე ტერიტორია გულშემატკივრების ჟრიამულმა მოიცვა.  იყო მხიარულება, მუსიკა, საკვები, სასმელი და რა საკვირველია ბორჯომის ლიმონათებიც.  ქომაგების განწყობაზე იამაიკელი მომღერალი, დაიანა კინგი ზრუნავდა. ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ფრანგებიც აქტიურად მონაწილეობდენ წინასამატჩო ჟრიამულში. იყო ნამდვილი ზარ-ზეიმი. თავად მატჩს რაც შეეხება, იოლი არ ყოფილა, ფრანგულმა გუნდმა შავი ლომი 36-3 დაამარცხა, ჩვენი ოცნება ჩელენჯ ქაფის ფლეიოფზე მინიმუმ ერთი წლით გადაიდო.  ცხადია ეს ტრაგედია ქართული კლუბისთვის ნამდვილად არ არის, პირიქით, დიდი გაკვეთილი მივიღეთ, რომელსაც იმედია მომავალ წელს პრაქტიკაში გამოვავლენთ. არავინ ელოდა, რომ სარაგბო ქვეყნებთან დაპირისპირებაში პირველივე სეზონში ფლეიოფში მოვხვდებოდით, მეტიც, როგორც უკვე ვახსენეთ, ჯგუფში ერთი გამარჯვებაც კი მოულოდნელი იყო. თუმცა ფაქტია, პროგრამა მინიმუმ შესრულებულია, შავი ლომის ღრიალი ექვსმა ერმა გაიგო.  რაგბი რომ ჩვენი თამაშია  ეს ტრიბუნებზეც დადასტურდა. თამაშს 17 000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, რაც ჩელენჯ ქაფზე დასწრების მიხედვით მეოთხე შედეგია.  ბლოგის სათაური შემთხვევითი არ არის. შავი ლომი ქართული საკლუბო რაგბის პირველი მერცხალია, ფილმისა არ იყოს დასასრული აქაც სევდიანი იყო, მაგრამ ამავდროულად იმედიანი.  ჩვენ ჩვენი სიმღერა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ  ურყევი შემართებით და შედეგიც დაიდება!  რაგბი ჩვენი თამაშია!  
30 იანვარი, 2024
ჩვენი თამაში, ჩვენი ლეგენდა

ჩვენი თამაში, ჩვენი ლეგენდა

საფრანგეთში მსოფლიოა! კენგურუები, პუმები, დრაკონები, ქურციკები, წითლები და თეთრები, ლურჯები და შავები, სამყურები და მუხები, და რაც მთავარია ბორჯღალოსნები.  პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის.  რაგბი თავისებური სპორტია, ბურთი მრგვალი არ არის.     მსოფლიოს საუკეთესოს ვინაობას, ძირითადად, რეიტინგის მოწინავე გუნდები არკვევენ, დანარჩენები კი ვცდილობთ, რომ მსოფლიოს ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. პირველად ეს 2003 წელს გავაკეთეთ. რაგბი გახდა პირველი გუნდური სპორტი, რომელშიც მსოფლიოზე გავედით, ეს მაშინდელი საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იყო. მას შემდეგ უწყვეტად ვახერხებთ საგზურების აღებას და ღირსეულ ასპარეზობას. ერთხელ ორი მატჩი მოვიგეთ და ავტომატურად გავინაღდეთ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა. დიდ სენსაციასთანაც ახლოს ვიყავით, როდესაც, ამჟამად რეიტინგის პირველი ნომერი, ირლანდია, ბოლო წუთებში თითქმის დავალელოვეთ. მხოლოდ 14:10 წავაგეთ და სანუგეშო ქულა მოვიპოვეთ. მაშინ წერდნენ, მამაცმა ქართველებმა ირლანდია შეაშინესო. გვახსოვს ალბათ გიორგი შკინინის საოცარი ლელოც.    ახლა რთული ქვეჯგუფი გვაქვს. პორტუგალიის გარდა, რეიტინგით ყველა ჩვენზე წინ არის, ავსტრალია, ფიჯი, უელსი.  ავსტრალიასთან დავმარცხდით, მაგრამ რამდენიმე დასანანი შეცდომა რომ არა, შეიძლება ცოტა მეტი ქულა დაგვეგროვებინა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეორე ტაიმი, სადაც სულ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილეთ, ჩვეული შემართებით და ბრძოლის ჟინით, როგორც ამას მიჩვეულები ვართ.  მიუხედავად მარცხისა, ჩვენი ნაკრების თამაშს უცხოურ პრესაში მაინც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით პორტუგალისთან მატჩზე.   დაგეგმილი გამარჯვების ნაცვლად თამაში ფრედ დასრულდა. არადა პირველი ტაიმი ისე დავიწყეთ, ბონუს ქულაზეც კი ვფიქრობდით.  თუმცა რას ვიზამთ? ასეთია სპორტი, ამერიკული მთებივით. დიდ სიხარულს ხანდახან იმედგაცრუებებიც მოჰყვება ხოლმე. სწორად განვითარებისთვის ალბათ ორივე გამოცდილება ძალიან საჭიროა.  არადა უელსთან შარშანდელმა გამარჯვებამ იმედი გააჩინა, რომ დიდებთან მოგებაზე ფიქრიც შეიძლება.  „სადაც უელსს მოვუგეთ,  იქნებ ფიჯისთან რამეს გავხდეთ? თან უელსმა თავისმხრივ ფიჯის მოუგო და რატომაც არა? ბურთი თუ არა, ბორჯღალია მრგვალი.“  დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ოპტიმისტი ქართველი გულშემატკივარის ოცნება. თუმცა მიუხედავად პორტუგალიასთან არც თუ ისე სახარბიელო შედეგისა, ბორჯღალოსნებს ყურები არ ჩამოუყრიათ და ფიჯისაც ისეთი შერკინებით დავხვდით, ათეულის გუნდებსაც რომ გაუკვირდებათ. წელს ფიჯისა და ავსტრალიის დაძაბულ თამაშსაც თუ გავიხსენებთ, მარტივად წარმოსადგენია ქართველი მორაგბეები როგორი შემართებითაც დახვდნენ. ჩვენი მთავარი იარაღი კი რის ხარჯზეც ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლებს ვიგებდით, საოცარი ბრძოლისუნარიანობა და უდიდესი რწმენა იყო.    რწმენა იმისა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, შენ მაინც ბოლომდე იბრძოლებ, იმიტომ რომ ეგაა შენი ხასიათი და სხვანაირად არ შეგიძლია. თან იცი, რომ მარტო არ ხარ და რაღაც დიდი ძალა გეხმარება.  ამ რწმენის დამსახურება იყო წლევანდელ მსოფლიოზე ქართველი მორაგბეების უდრეკი ბრძოლისუნარიანობა.  ჩვენს განწყობას, ფიქრებს, ემოციებს, ენერგეტიკულ მდგომარეობასაც კი შეუძლია მოედანზე გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ეს უკვე პოეზია არ არის, ეს ფიზიკაა.   ჩვენ ყველანი უხილავი სიმებით ვართ დაკავშირებული. ეს სიმთა რხევა კი ერთიან სიმფონიას ქმნის. ამას შეიძლება ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ.   მართალია ეს ელემენტარული ნაწილაკების დონეზე, კვანტურ სამყაროში ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდ სურათსაც ეს მცირე დეტალები ქმნიან. გაიხსენეთ რამდეჯერ გიფიქრიათ: აი იქ რომ აუტი ყოფილიყო, ფეხი ორი სანტიმენტრით წინ ჰქონოდა, ბურთი არ გავარდნოდა...   სპორტში, დისციპლინასთან და სხვა უნარ-ჩვევებთან ერთად, ეს „კვანტური გამართლებებიც“ დიდ როლს თამაშობს.   ვინ იცის, იქნებ მატჩის ბედი სულაც მაშინ გადაწყდა, როდესაც დილის ყავას ვსვამდით და სოციალურ ქსელებს ვათვალიერებდით?   რას გაიგებ, პეპლის ფრთის მოქნევამ აიოვაში, შეიძლება გამოიწვიოს ქარიშხალი ინდონეზიაში. ყველაფერს ცხადია ვერ გათვლი და ვერც გააკონტროლებ, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ.  იმისათვის რომ ნაკრებს  აქედანაც წმინდა ენერგია მივაწვდინოთ, ჩვენც წმინდა ენერგიას უნდა ვასხივებდეთ. ჩვენი სიმებიც მაღალ სიხშირეზე უნდა ჟღერდნენ. ამაში ბორჯომის მაცოცხლებელი წყალიც დაგვეხმარება, რომელიც შეგვიძლია ყველა მატჩის ყურებისას თან გვყავდეს, როგორც ქართული რაგბის ერთგული მეგობარი.  წელს ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ბორჯღალოსნებმა ქვეყნის წარმოსაჩენად მაქსიმუმი გააკეთეს. ვნახეთ ლელოები, რომლებიც წლების განმავლობაში გვემახსოვრება, ვილაპარაკებთ შებოჭვებისა და ბოლო წამებზე გადაწყვეტილ დამარცხებებზე. წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება, ბორჯღალი საქართველოა, სხივები ჩვენ ვართ ყველაო  
28 სექტემბერი, 2023
პრომეთე, ვებ ელისი და ერასტი ჭყონია

პრომეთე, ვებ ელისი და ერასტი ჭყონია

მეცხრამეტე საუკუნე.  ინგლისი.  ინდუსტრიული ეპოქა. ქალაქი სამსახურის მაძიებელი მუშებით ივსება.  სკოლის მოსწავლეები ეზოში ფეხბურთს თამაშობენ. უეცრად, 16 წლის ვებ ელისმა, ბურთი ხელში აიტაცა და გაიქცა.  წესით ყველაფერი ჩხუბით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა, ამ ბიჭს ძეგლი დაუდგეს, რადგან ამ გაქცევამ სრულიად ახალ თამაშს დაუდო საფუძველი. ამ ქალაქს რაგბი ეწოდა. დღეს ეს ლეგენდა ოფიციალურადაც კი უარყოფილია, მაგრამ მსოფლიო თასი დღემდე ვებ ელისის სახელს ატარებს და მასთან ერთად  ლეგენდაც ცოცხლობს.     მეცხრამეტე საუკუნე.  საქართველო. რუსეთის იმპერიალისტური ხანა. ოსმალეთის არმია ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებს.  ბათუმი, ანაკლია, სოხუმი, სელიმ-ფაშას ლაშქარი სამთავიანი ცერბერივით თბილისის ასაღებად მოდის.  ოზურგეთი და ქუთაისი უნდა გაიაროს.        ინგლისური იარაღით ასხმულ ოსმალეთის ლაშქარს,  ეთნიკურად გურჯი, ჰასან - ბეგ თავდგირიძე მეთაურობს.  რუსეთის იმპერიის ჯარსაც რომ ქართველები უდგენენ სათავეში რა გასაკვირია, თან არამარტო სათავეში.  ოსმალები ინგლისური იარაღებით, რუს-ქართველები კაჟიანი თოფებით ერთმანეთს სადღაც ნიგოითი-შუხუთის ველზე შეერკინნენ.   აი ლანჩხუთამდე სანამ მიხვალ, სულ რამდენიმე კილომეტრში. შერკინებისას ერასტი ჭყონიამ ამ შენ ჰასან-ბეგს ხმლის ერთი მოქნევით თავი მოკვეთა. როგორც გადმოცემით ამბობენ “ ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმა.“ასე დაიწყო ლელობურთი, რაგბის უფრო მეომრული სახეობა.         დედამიწის სხვადასხვა წერტილებში ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად რომ მსგავსი იდეები იბადება არახალია.  ერთმა მეცნიერმა ეს ფენომენი ასეთი ალეგორიით ახსნა, ახალდაბადებული ჩვილები ერთნაირად ვითარდებიან, ერთნაირად იწყებენ ჭამას, ტირილს, ხოხვას, სიარულს, ლაპარაკს. ასეა მთლიანი კაცობრიობაც, ერთიან ევოლუციურ გზას გადისო.       როგორც ჩანს, მეცხრამეტე საუკუნეში, ევოლუციას დედამიწაზე რაგბის ჩამოტანა სურდა.  ერასტი ჭყონიამ და ვებ ელისმა კი ერთგვარი პრომეთეს როლები შეითავსეს.  ადამიანი ანტენაა, რომელიც ევოლუციის იდეებს იჭერს.  აი დაჭერილი იდეიდან კი რა გამოცხვება, ეგ უკვე ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული. გურიის გარდა, ლელობურთს მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისში, საფიჩხიაზეც თამაშობდნენ.       აი ინგლისურმა რაგბის ამბავმა კი მთელი ბრიტანეთს იმპერია მოიცვა: სკოტები, ირლანდია, ავსტრალია, ზელანდია…  ერთი დიდი მოლი აგორდა, რომელმაც ჩვენამდე 1959 წელს შემოაღწია.    ამჯერად პრომეთეს როლში არა ერასტი ჭყონია, არამედ ფრანგი ემიგრანტი, ჟაკ ასპეკიანი მოგვევლინა, რომელმაც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე პირველი სარაგბო კლუბი დააფუძნა.    რა გასაკვირია რომ ლელობურთის სამშობლოში რაგბის ნერგი იოლად გაიხარებდა.        ქართული გუნდები ნელ-ნელა ჩემპიონები ხდებიან. მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ამ ფერხულში. მამაქალაქმაც გაიხსენა ლელობურთის საფიჩხიური ტრადიცია და ქუთაისური “აია” სამჯერ ზედიზედ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი, ხოლო ორჯერ პრიზიორი.    თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოეთი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა საქართველოს ნაკრები ჩამოაყალიბეს. პირველი საერთაშორისო მატჩი კი, არც მეტი არც ნაკლები, ზიმბაბვესთან გამართეს.ნაკრების ისტორიაც ასე დაიწყო.  ზუსტად მაშინ, როდესაც ახლად გაჩენილ ქვეყანას ჰაერივით სჭირდებოდა პატარ-პატარა გამარჯვებები, ბორჯღალი დატრიალდა.    ჯანდაჯან, მიწოლით. დატრიალდა და მასთან შეხებაში მყოფი სხვა ჩარხებიც დაატრიალა. ნელ-ნელა ამოქოქა უძრაობისგან დაჟანგებული და ომის სიცივისგან გაყინული იმედი.    რაგბის საერთაშორისო საბჭომ 52-ე წევრად მიგვიღო.    2003 წელს კი რუსეთი დავამარცხეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით. ეს იყო პირველი ქართული გუნდი, რომელიც მსოფლიოზე მოხვდა.    ეჭვგარეშეა, რაგბი ჩვენი თამაშია!     ეს ქართულმა ენამაც დაადასტურა, ისე ხატოვნად შეერწყა ძირძველი ქართული ხასიათის სიტყვები რაგბის ტერმინოლოგიას: მგეზავი, მარბიელი, ლელო, მღლეტელი, აბრაგანი...   სამყარო ფრაქტალურია, სისტემებისგან შედგება,  სისტემები - ქვესისტემებისგან, ქვესისტემები - ქვე-ქვესისტემებისგან და ასე უსასრულოდ…   არცერთი სისტემა უმნიშვნელო არ არის.  ამ სისტემების ჰარმონიული თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოედანზე მყოფი მოთამაშეების.   საქართველოც ერთი სისტემაა, რომლის წარმატებაც მისივე ქვესისტემებზეა დამოკიდებული.    ჩვენთვის, როგორც ერთ-ერთი ქვესისტემისთვის დიდი პატივია რაგბის მხარდამხარ წინა ხაზში ჩავდგეთ და ვთქვათ, მიააწვააა! რათა უფრო სწრაფად და უფრო ძლიერ დავატრიალოთ ის ბორჯღალი, რომელსაც ქვეყნის განათება შეუძლია. განათება შემთხვევით არ გვიხსენებია. როგორც ვიკიპედია ამბობს ,,ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული ,,ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში.     ვინ იცის, იქნებ „ბორჯომსა" და ბორჯღალსაც ერთი ფესვი ჰქონდეს და შემთხვევითი სულაც არ იყოს ჩვენი მეგობრობა.    თუმცა, მართალი ხარ, სულ სულ შორიდან, კოსმიური ევოლუციის თვალით რომ გადმოხედო, არც რაგბი გამოჩნდება, არც „ბორჯომი" და არც საქართველო. ყველაფერი ერთ მკრთალ ლურჯ წერტილში მოთავსდება, სადაც ყველა ერთად იქნება მოქცეული: საქართველოც, ვებ ელისიც, პრომეთეც და ერასტი ჭყონიაც.    ეს არის ალბათ უფრო დიდი თამაში, რომლის მონაწილენიც ყველანი ვართ და რომელიც ვერაფრით ვერ შედგება, თუ ჩვენ ჩვენი თამაშები თავდაუზოგავად არ ვითამაშეთ.    კი, რაგბი ჩვენი თამაშია.  ჩვენი თამაში და ჩვენი ლეგენდა.    ჟანრის მიხედვით კი, ყველა ლეგენდარულ გმირს თავისი მეგობარი უნდა ჰყავდეს, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარება.  ჩვენც ასეთი მეგობრები ვართ, ვეხმარებით ერთმანეთს ქვეყნის სახელის გატანაში.  ეს მეგობრობაც ლეგენდად დარჩება, ისევე როგორც ავთანდილზე და ტარიელზე, გილგამეშზე და ენქიდუზე ან ჰანუმანზე და რამაზე.    სახელი უკვე ლეგენდარულია „ბორჯომი და ბორჯღალოსნები.“
18 სექტემბერი, 2023