პრომეთე, ვებ ელისი და ერასტი ჭყონია
მეცხრამეტე საუკუნე.
ინგლისი.
ინდუსტრიული ეპოქა. ქალაქი სამსახურის მაძიებელი მუშებით ივსება.
სკოლის მოსწავლეები ეზოში ფეხბურთს თამაშობენ. უეცრად, 16 წლის ვებ ელისმა, ბურთი ხელში აიტაცა და გაიქცა.
წესით ყველაფერი ჩხუბით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა, ამ ბიჭს ძეგლი დაუდგეს, რადგან ამ გაქცევამ სრულიად ახალ თამაშს დაუდო საფუძველი.
ამ ქალაქს რაგბი ეწოდა.
დღეს ეს ლეგენდა ოფიციალურადაც კი უარყოფილია, მაგრამ მსოფლიო თასი დღემდე ვებ ელისის სახელს ატარებს და მასთან ერთად ლეგენდაც ცოცხლობს.
მეცხრამეტე საუკუნე.
საქართველო.
რუსეთის იმპერიალისტური ხანა.
ოსმალეთის არმია ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებს.
ბათუმი, ანაკლია, სოხუმი, სელიმ-ფაშას ლაშქარი სამთავიანი ცერბერივით თბილისის ასაღებად მოდის. ოზურგეთი და ქუთაისი უნდა გაიაროს.
ინგლისური იარაღით ასხმულ ოსმალეთის ლაშქარს, ეთნიკურად გურჯი, ჰასან - ბეგ თავდგირიძე მეთაურობს.
რუსეთის იმპერიის ჯარსაც რომ ქართველები უდგანან სათავეში რა გასაკვირია, თან არამარტო სათავეში.
ოსმალები ინგლისური იარაღებით, რუს-ქართველები კაჟიანი თოფებით ერთმანეთს სადღაც ნიგოითი-შუხუთის ველზე შეერკინნენ.
აი ლანჩხუთამდე სანამ მიხვალ, სულ რამდენიმე კილომეტრში.
შერკინებისას ერასტი ჭყონიამ ამ შენ ჰასან-ბეგს ხმლის ერთი მოქნევით თავი მოკვეთა. როგორც გადმოცემით ამბობენ “ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმა.“
ასე დაიწყო ლელობურთი, რაგბის უფრო მეომრული სახეობა.
დედამიწის სხვადასხვა წერტილში ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად რომ მსგავსი იდეები იბადება, არახალია.
ერთმა მეცნიერმა ეს ფენომენი ასეთი ალეგორიით ახსნა, ახალდაბადებული ჩვილები ერთნაირად ვითარდებიან, ერთნაირად იწყებენ ჭამას, ტირილს, ხოხვას, სიარულს, ლაპარაკს. ასეა მთლიანი კაცობრიობაც, ერთიან ევოლუციურ გზას გადისო.
როგორც ჩანს, მეცხრამეტე საუკუნეში, ევოლუციას დედამიწაზე რაგბის ჩამოტანა სურდა.
ერასტი ჭყონიამ და ვებ ელისმა კი ერთგვარი პრომეთეს როლები შეითავსეს.
ადამიანი ანტენაა, რომელიც ევოლუციის იდეებს იჭერს.
აი დაჭერილი იდეიდან კი რა გამოცხვება, ეგ უკვე ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული.
გურიის გარდა, ლელობურთს მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისში, საფიჩხიაზეც თამაშობდნენ.
აი ინგლისურმა რაგბის ამბავმა კი მთელი ბრიტანეთს იმპერია მოიცვა: სკოტები, ირლანდია, ავსტრალია, ზელანდია…
ერთი დიდი მოლი აგორდა, რომელმაც ჩვენამდე 1959 წელს შემოაღწია.
ამჯერად პრომეთეს როლში არა ერასტი ჭყონია, არამედ ფრანგი ემიგრანტი, ჟაკ ასპეკიანი მოგვევლინა, რომელმაც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე პირველი სარაგბო კლუბი დააფუძნა.
რა გასაკვირია რომ ლელობურთის სამშობლოში რაგბის ნერგი იოლად გაიხარებდა.
ქართული გუნდები ნელ-ნელა ჩემპიონები ხდებიან. მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ამ ფერხულში.
მამაქალაქმაც გაიხსენა ლელობურთის საფიჩხიური ტრადიცია და ქუთაისური “აია” სამჯერ ზედიზედ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი, ხოლო ორჯერ - პრიზიორი.
თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოეთი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა საქართველოს ნაკრები ჩამოაყალიბეს. პირველი საერთაშორისო მატჩი კი, არც მეტი არც ნაკლები, ზიმბაბვესთან გამართეს..
ნაკრების ისტორიაც ასე დაიწყო.
ზუსტად მაშინ, როდესაც ახლად გაჩენილ ქვეყანას ჰაერივით სჭირდებოდა პატარ-პატარა გამარჯვებები, ბორჯღალი დატრიალდა.
ჯანდაჯან, მიწოლით. დატრიალდა და მასთან შეხებაში მყოფი სხვა ჩარხებიც დაატრიალა. ნელ-ნელა ამოქოქა უძრაობისგან დაჟანგებული და ომის სიცივისგან გაყინული იმედი.
რაგბის საერთაშორისო საბჭომ 52-ე წევრად მიგვიღო.
2003 წელს კი რუსეთი დავამარცხეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით. ეს იყო პირველი ქართული გუნდი, რომელიც მსოფლიოზე მოხვდა.
ეჭვგარეშეა, რაგბი ჩვენი თამაშია!
ეს ქართულმა ენამაც დაადასტურა, ისე ხატოვნად შეერწყა ძირძველი ქართული ხასიათის სიტყვები რაგბის ტერმინოლოგიას: მგეზავი, მარბიელი, ლელო, მღლეტელი, აბრაგანი...
სამყარო ფრაქტალურია, სისტემებისგან შედგება, სისტემები - ქვესისტემებისგან, ქვესისტემები - ქვე-ქვესისტემებისგან და ასე უსასრულოდ…
არცერთი სისტემა უმნიშვნელო არ არის. ამ სისტემების ჰარმონიული თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოედანზე მყოფი მოთამაშეების.
საქართველოც ერთი სისტემაა, რომლის წარმატებაც მისივე ქვესისტემებზეა დამოკიდებული.
ჩვენთვის, როგორც ერთ-ერთი ქვესისტემისთვის დიდი პატივია რაგბის მხარდამხარ წინა ხაზში ჩავდგეთ და ვთქვათ, მიააწვააა!
რათა უფრო სწრაფად და უფრო ძლიერ დავატრიალოთ ის ბორჯღალი, რომელსაც ქვეყნის განათება შეუძლია.
განათება შემთხვევით არ გვიხსენებია.
როგორც ვიკიპედია ამბობს ,,ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული ,,ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში.
ვინ იცის, იქნებ ბორჯომსა და ბორჯღალსაც ერთი ფესვი ჰქონდეს და შემთხვევითი სულაც არ იყოს ჩვენი მეგობრობა.
თუმცა, მართალი ხარ, სულ სულ შორიდან, კოსმიური ევოლუციის თვალით რომ გადმოხედო, არც რაგბი გამოჩნდება, არც ბორჯომი და არც საქართველო. ყველაფერი ერთ მკრთალ ლურჯ წერტილში მოთავსდება, სადაც ყველა ერთად იქნება მოქცეული: საქართველოც, ვებ ელისიც, პრომეთეც და ერასტი ჭყონიაც.
ეს არის ალბათ უფრო დიდი თამაში, რომელს მონაწილენიც ყველანი ვართ და რომელიც ვერაფრით ვერ შედგება, თუ ჩვენ ჩვენი თამაშები თავდაუზოგავად არ ვითამაშეთ.
კი, რაგბი ჩვენი თამაშია. ჩვენი თამაში და ჩვენი ლეგენდა.
ჟანრის მიხედვით კი, ყველა ლეგენდარული გმირს თავისი მეგობარი უნდა ჰყავდეს, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
ჩვენც ასეთი მეგობრები ვართ, ვეხმარებით ერთმანეთს ქვეყნის სახელის გატანაში.
ეს მეგობრობაც ლეგენდად დარჩება, ისევე როგორც ავთანდილზე და ტარიელზე, გილგამეშზე და ენქიდუზე ან ჰანუმანზე და რამაზე.
სახელი უკვე ლეგენდარულია „ბორჯომი და ბორჯღალოსნები.“