სპორტი

სპორტი

08 მაისი, 2026

ბუნებას თავისი ენა აქვს - ხშირად უხმო, მაგრამ მძაფრი

ეს ძალა არც კეთილია და არც ბოროტი - ის უბრალოდ არის. და სწორედ აქ იკვეთება მთავარი განსხვავება: ზოგი მას ებრძვის, ზოგი კი მის რიტმს სწავლობს.

სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, გამარჯვება ხშირად არა მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე და თანდაყოლილ ნიჭზე არამედ ამ უხილავ სინერგიაზეა დამოკიდებული - ბუნებასთან თანაარსებობაზე.

გიორგი ქოჩორაშვილი ამ თანაარსებობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. შრომა მისთვის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის - ეს შინაგანი პროცესია, რომელიც აზრს, სიტყვას და მოძრაობას აერთიანებს. იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც წერა ასე ძალიან უყვარს და ეს ისე კარგად გამოსდის, როგორც მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელების ჩანაფიქრის წაკითხვა.

ამბობენ, პატარა ქოჩორამ ერთხელ ფურცელზე ჩაიწერა ოცნება - ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ეს არ იყო უბრალოდ სურვილი, ეს იყო მანიფესტაცია, პირობა საკუთარ თავთან და სამყაროსთან. 

და როცა შენ ამ დიალოგს გულწრფელად იწყებ, ბუნებაც გპასუხობს.

ლისაბონის აღმართების ავლა მარტივი არ არის - არც ფიზიკურად და არც სიმბოლურად. მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც ასეთ რთულ გამოწვევებს თავად ირჩევს, მაშინ როცა მთელი სტადიონი ნერვიულობისგან გასუსულია, ის პირველი მიდის პენალტის დასარტყმელად და უკან უნაკლო შედეგით ბრუნდება.

ქოჩორა ვითარდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად, თითქოს ჰაერის რიტმს აჰყვა, მოძრაობს მსუბუქად, მაგრამ შეუჩერებლად, როგორც ქარი, რომელიც საკუთარ გზას თავად პოულობს.

და როცა გოლის შემდეგ, კუთხურის ალამთან, კაპიტანი საქართველო ტრიბუნებს ახედავს - ეს უკვე შედეგი კი არა დადასტურებაა, სინერგია მას და ბუნებას შორის მართლაც არსებობს.

 

თორნიკე შენგელია სხვა სტიქიას წარმოადგენს. ის ცეცხლია.

მის თამაშში პირველი რაც აღგაფრთოვანებს, ძალაა - მძლავრი, უშუალო, ზოგჯერ ქარიშხალივით მოულოდნელი. 

ენერგია, რომელიც სამშობლოსთვის არასდოს ენანება, 24 საათიანი ინტერვალით ჯერ კლუბში ითამაშებს, მერე ნაკრებში, თანაც ისე რომ გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ის გახდება. პრობლემა არ არის… მაგრამ ამ ულიმიტო ენერგიის უკან დისციპლინა დგას. 

კონტროლი - უნარი, რომ ძალა არა ქაოსად, არამედ განგრძობით მოძრაობად აქციო.

მისი კარიერა არ ყოფილა ერთგვაროვანი და მარტივი გზა - ის უფრო კლდოვან რელიეფს ჰგავს, სადაც ყოველი ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს. 

შენგელია სწორედ ის სპორტსმენია, რომელმაც ისწავლა, როგორ გამოიყენოს წინააღმდეგობა როგორც მოტივაცია, როგორ აქციოს წნეხი იმ ენერგიად, რომელიც წინ წაიყვანს.

ბუნება მასში არ არის მხოლოდ გარემო - ის მის ხასიათშია. სიმტკიცეში, გამძლეობაში, იმ უნარში, რომ დაცემის შემდეგ ისევ წამოდგეს და კიდევ უფრო ძლიერად გააგრძელოს, რადგან მას დიდ ძალასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც აქვს - საქართველოს კაპიტანია.

 

ბექა გორგაძე კი თავად ბუნების ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. 

სტიქიებიდან მიწას ჰგავს - მძიმე, მტკიცე, დაუძვრელი.

როდესაც ის მოედანზეა, თითქოს თავად რელიეფი იცვლება.

რაგბი ის სპორტია, სადაც ფიზიკური შეხება რეალობის ყველაზე პირდაპირი ფორმაა. და გორგაძე ამ რეალობას სრულად იღებს. ის არ ებრძვის მას - ის მასთან ერთად მოძრაობს. 

მისი ყოველი შეჯახება, ყოველი გარდამტეხი მომენტი, ბუნებრივი პროცესის გაგრძელებაა.

მისი ძალა არ არის მხოლოდ კუნთებში - ის არის ფესვებში. იმ კავშირში, რომელიც მიწასთან, სივრცესთან და საკუთარ თავთან აქვს. სწორედ ამიტომ არის მისი თამაში ასე დამაჯერებელი - ის არ თამაშობს ბუნების წინააღმდეგ, ის მისი ნაწილია.

ბუნების ძალა უნივერსალურია. ხანდახან მისტიკური, ხანდახან სახიფათო, მაგრამ ისინი, ვინც მასთან ჰარმონიას პოულობენ, სხვანაირად მოძრაობენ, სხვანაირად ფიქრობენ. სხვანაირად იმარჯვებენ.

ქოჩორაშვილი, შენგელია და გორგაძე - სამი განსხვავებული სტიქია. სამი განსხვავებული გზა, მაგრამ ერთი საერთო კავშირი: მათ ისწავლეს, როგორ აქციონ ბუნების ძალა საკუთარ ენერგიად.

და როცა ეს ხდება - ენერგია აღარ არის უბრალოდ რესურსი.

ის ხდება შენი გაგრძელება. შენი ზურგის ქარი.

 

ავტორი: ანდრო ხელაძე

Share on social media