
ლიზი ნატბელაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე
ადამიანები ბორჯომიდან
ისტორია #12
ლიზი ნატბელაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე
12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 10 წელზე მეტია ახალი თაობის ინტერსების, მათი გეგმების და პროექტების მხარდამჭერია კომპანია „ბორჯომი“ და ბორჯომის ტრენინგ ცენტრი, რომელიც 5000-ზე მეტი მოსწავლისთვის იქცა საყვარელ ადგილად. ჩვენი მოსწავლეები იზრდებიან, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ეს კედლები კი მათ ყოველთვის ბავშვობაში აბრუნებს. „ადამიანები ბორჯომიდან“, პროექტის მე-12 გმირს, უკვე პირველი კურსის სტუდენტს ლიზი ნატბელაძეს გაგაცნობთ.
„ბორჯომი ჩემთვის ყველა ტკბილ და ბედნიერ მოგონებასთან ასოცირდება, სასწაულია ამ პატარა, მთებს შორის ჩაფლულ, ქალაქს როგორ მარტივად შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გულის მოგება. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის ადგილები, სადაც მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ინტერესებს ვუზიარებთ. მათ შორის არის ბორჯომის ტრენინგ ცენტრი - არაფორმალური განათლების კერა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ეს ადგილი უკეთესობისკენ ცვლის ახალგაზრდების ცხოვრებას. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ჩემს მასწავლებლებზე, მეგობრებზე და იმ დღეებზე, რომლებიც ბორჯომის ტრენინგ ცენტრთან მაკავშირებს. დღეს მე გერმანიაში წასასვლელად ვემზადები, სწავლას პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით გავაგრძელებ იმ სამი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში, რომელსაც საბოლოოდ ავირჩევ. ევროპაში განათლების მიღება ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება და მიზანი იყო. ახალი და გამოწვევებით სავსე ეტაპის დასაწყებად მზად ვარ, მიხარია, რომ ირგვლივ ბევრი ადამიანი მყავს, ვინც მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს.
მეც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ვიზრუნებ ჩემი ქალაქის განვითარებაზე და უკეთეს მომავალზე. ყველას, ვინც ბორჯომში ჯერ ნამყოფი არ არის, მოვუყვები მინერალურ წყალზე, რომლითაც თითოეული ბორჯომელი ამაყობს. გავაცნობ მთებში ჩაფლული ქალაქის სილამაზეს და აუცილებლებად მოვუყვები ბორჯომის ტრენინგ ცენტრზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იმ დროს გამოჩნდა, როცა ძალიან მჭირდებოდა სიახლეები და ინტერსების გაფართოება.“
14 ნოემბერი, 2024

ვიოლეტა ბალახაშვილი - ისტორიკოსი
ქალაქის და ქვეყნის საგანძურის მცველი 31 წლის განმავლობაში იყო. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, განსაკუთრებული სიყვარულით უფრთხილდებოდა, მათზე ზრუნავდა და ამ საქმეს მომავალ თაობასაც აყვარებდა.
„მსოფლიო ცივილიზაციის აკვანში დარწეულ-ნასაზრდოები ქართული მიწა, ულევი ისტორიით. უსაძირკვლო შენობა-მუზეუმი, ასევე უზომოდ საინტერესო ისტორიით. ერის საუნჯე, ერის საგანძური, ერის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ისტორიას უხსოვარი დროიდან ხელისგულზე გადმოგვიშლის,“ - ასე გვიზიარებს ვიოლეტა ბალახაშვილი თავის ემოციებს, რომლებიც მუზეუმთან აკავშირებს. 27 წლის განმავლობაში მუზეუმის დირექტორი იყო, დღეს ჩვენი მეგზური ამ უძველეს კედლებში სწორედ ის არის, თვითონაც წარსულში ბრუნდება და ცდილობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ფაქტობრივი სიზუსტით გაიხსენოს და შემდეგ ჩვენ გაგვიზიაროს.
„სასიხარულოა რომ, წლების წინ გაკეთებულმა ექსპოზიციებმა - თანაც ოთხმა, დროს გაუძლო. ასეულობით ჩატარებული ექსპედიცია, სამეცნიერო-თეორიულ კონფერენციები, ფოლკლორული საღამოები, საინტერესო შეხვედრები, არქეოლოგიური ანგარიშები, ბევრი წარმატება და აღიარება - ასეთი იყო მუზეუმში გატარებული წლები. ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს მხოლოდ ჩვენი ხეობისათვის დამახასიათებელ ბრინჯაოს დისკოებს და ქამრის ბალთებს. ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია მინერალური წყალი „ბორჯომი,“ რომელიც ჩვენი სიამაყეა. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის გზაგასაყარზე იცოდნენ ამ წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ. ვამაყობ, რომ ისტორიული მინერალური წყლის, უძველესი ბოთლები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული,“ - ეს წარსულში მოგზაურობის მცირე ფრაგმენტია, რომელიც ქალბატონმა ვიოლეტამ გაგვიზიარა.
მუზეუმთან განშორება მისთვის მარტივი არ იყო, თუმცა, ქალაქზე ზრუნვას ვიოლეტა ბალახაშვილი დღესაც აგრძელებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ქალაქის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და დღესაც მზად არის, რომ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან გააცნოს ულამაზესი ბორჯომი უდიდესი წარსულით.
21 აგვისტო, 2024

სალომე მიქელაშვილი - მსახიობი
ის წლების წინ, ამ ქალაქის განსაკუთრებული ენერგეტიკით იმდენად მოიხიბლა, რომ საცხოვრებლად თბილისიდან ბორჯომში გადავიდა. ბათუმთან ბავშვობა, თბილისთან სტუდენტობა, ბორჯომთან კი მეუღლე, შვილები და დღეს უკვე საყვარელი საქმეც აკავშირებს. ყველაზე დიდ დროს, ბორჯომის სახალხო თეატრისა და ბორჯომის თოჯინების თეატრის სცენაზე ატარებს, მაყურებლისგან უდიდეს ემოციას იღებს, რომელიც მუდმივად ახალ იდეებს ბადებს.
ბორჯომი იმდენად უყვარს, რომ თბილისში დაბრუნებას აღარ განიხილავს. ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულია და თეატრის მსახიობებთან, რეჟისორებთან და თანამშრომლებთან ერთად, ქალაქის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.
„ბავშვების განვითარებისთვის, აუცილებელია თეატრი. ვფიქრობ, რომ ბორჯომი თეატრმა უფრო მეტად გამოაცოცხლა, სხვა რიტმი შესძინა. ეს ქალაქი ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებულია, მიყვარს მისი ფერები, სიმწვანე და ჰაერი, რომელიც სხვაგან არსად არის,“ - ეს ნაწილია იმ ემოციის, რომელიც სალომეს ბორჯომთან აკავშირებს. დაუსრულებლად შეუძლია მოგიყვეთ იმ სურვილებზე და გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს.
მეგობრებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის, სალომეს ოჯახი მასპინძლის როლშია. საყვარელ ადგილებთან ერთად, ყველას უყვებიან „ბორჯომის“ მინერალური წყლის უნიკალურ თვისებებსა და ისტორიაზე, რომლის გარეშეც ეს ქალაქი წარმოუდგენელია.
26 ივნისი, 2024

კობა სილაგაძე - სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე
ბორჯომსა და ბაკურიანში ყველა ადამიანი ტყის სიყვარულით იზრდება, თუმცა, ზოგჯერ ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ პროფესიაც ტყეს და მასზე ზრუნვას უკავშირდება. ასე მოხდა კობა სილაგაძის შემთხვევაშიც. უკვე 14 წელია ამ საქმეს ემსახურება და მისთვის ყოველი დღე ტყეზე ფიქრით იწყება.
„ეს არის საქმე, რომელიც ხალხზე და ბუნებაზე ზრუნვას აერთიანებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმით ვუფრთხილდები საქართველოს გარემოს. მეტყევის საქმე ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მეტყევეები ამ დამოკიდებულებას ვუზიარებთ სხვებსაც. ჩვენთან ერთად ისინიც ტყის მცველები ხდებიან, უფრთხილდებიან და უხეშად არ ერევიან ტყის ცხოვრებაში. ყოველთვის ვამბობ, რომ ტყე არ არის მხოლოდ ხეთა სიმრავლე, ეს გაცილებით მეტია, სიცოცხლის წყაროა,“ - დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს ამ კავშირზე, რომელიც მის ოჯახში ჯერ ძმამ დაიწყო, შემდეგ კი კობამ გააგრძელა. ბევრი რამ უფროსი კოლეგებისგან ისწავლა, ახლა თვითონაც მზად არის ახალგაზრდებს გაუზიაროს გამოცდილება და რაც მთავარია, გაუზიაროს ტყის სიყვარული.
ყველა ხე და ადგილი მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ხედი, რომელიც ამ მთებიდან იშლება თავის ისტორიას ატარებს. თუმცა, კითხვაზე, რომელია მისთვის განსაკუთრებული ადგილი, პასუხი მარტივად მისახვედრია - „საქართველოში უამრავი ლამაზი ტყეა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც ბორჯომის და ბაკურიანის ტყეებია, როგორც ყველა ადამიანისთვის, ვინც აქ დაიბადა და ამ ადგილის დიდი სიყვარულით გაიზარდა. ყოველდღე ვხედავ, როგორ იზრდება ჩემი დარგული ნერგები, რომელიც დღეს უკვე ტყის განუყოფელი ნაწილია. მათ შორის არის, კომპანია „ბორჯომის“ მიერ დარგული ნერგები და აღდგენილი ტყე, ვამაყობ, რომ ყველა დარგვის მონაწილე ვიყავი.“
26 ივნისი, 2024

ქეთევან ნოზაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის დირექტორი
თითოეული ამბავი, რომელიც ჩვენს გმირებს ბორჯომთან აკავშირებთ, ამ ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ქეთევან ნოზაძე ბორჯომში დაიბადა და გაიზარდა, მისთვის კავშირი ბორჯომთან, მის ქუჩებთან, ულამაზეს ბუნებასთან და ისტორიულ ადგილებთან განსაკუთრებით ძვირფასია. ყველა ადგილი, ინახავს მოგონებას, რომელმაც მისი ცხოვრება განსაზღვრა.
„ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ ცენტრი, ჩემი ლამაზი, ნიჭიერი, თვალებანთებული გოგო-ბიჭებით, წლების განმავლობაში ჩემი ენერგიის წყარო გახდა, ამაზე დიდ საქმეს ვერასოდეს გავაკეთებდი, ვიდრე მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვაა. 34 წლის წინ ჩემი და კომპანია „ბორჯომის“ გზები გადაიკვეთა და ბავშვთა ფედერაციის პირველი მეგობარიც გამოჩნდა. დღეს, ბევრისთვის „ბორჯომი“ ასოცირდება ფესტივალ „ბროლის ნაძვთან, მუსიკალურ საღამოებთან, ხელოვნების ბანაკებთან, თითოეული ახალი იდეის უცვლელი მხარდამჭერი კომპანია „ბორჯომი“ იყო, ერთად ვატარებდით ფესტივალებს, რომლებიც ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებას განსაკუთრებულად უხდება,“ - ასე იხსენებს ქეთევან ნოზაძე ისტორიას, რომელიც წლების წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. კომპანია „ბორჯომის“ მხარდაჭერით, 10 წლის წინ დაფუძნდა ბორჯომის ტრენინგ ცენტრი, რომლის მთავარი იდეაც მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვაა. ეს არის არაფორმალური განათლების ადგილი, სადაც მოსწავლეები ბორჯომიდან და ბორჯომის შემოგარენიდან, საერთო ინტერესების თანატოლებს ხვდებიან და სხვადასხვა მიმართულებით იღებენ განათლებას.
„ჩემი ოცნება იყო, შემექმნა არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც იქნებოდა უფასო და ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი. კომპანია „ბორჯომის“ დახმარებით, ეს ოცნება რეალობად იქცა. 10 წლის განმავლობაში ბორჯომის ტრენინგ ცენტრში, 5000 ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და თავისი ინტერესის მიხედვით, სხვადასხვა კლუბში გაერთიანდა. ბორჯომის ტრენინგ ცენტრი საოცარი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ერთად იზრუნონ მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კერძო ბიზნესმა.“
ყოველ წელს მოსწავლეების ინტერესების მიხედვით იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც ბორჯომის ტრენინგ ცენტრს, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მოსწავლეებს აქ მოსვლა უხარიათ, ლაღი, მეგობრული და თავისუფალი გარემო მათ განვითარებას უწყობს ხელს. ისინი აქტიურ მოქალაქეებად ყალიბდებიან და ქალაქს ახალ სიცოცხლეს სძენენ. საქმე, რომელიც დიდ სიყვარულთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც მოითხოვს, ქეთი ნოზაძისთვის ყოველდღიურობაა, რომელიც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს, რომელსაც გარშემომყოფებსაც უზიარებს და ყოველწლიურად ამ ისტორიის გარშემო ახალ ადამიანებს აერთიანებს.
26 ივნისი, 2024

თემურ კაპანაძე - "ბორჯომის მინერალური წყლების" მთავარი ინჟინერი
თითქმის 40 წლის წინ, თემურ კაპანაძისა და კომპანია „ბორჯომის“ გზები გადაიკვეთა და დაიწყო ისტორია, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პროფესიით ჰიდროტექნიკოსია. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დარჩენას არ აპირებდა, თუმცა გარემომ იმდენად მოხიბლა, რომ საქმიანობის საზღვრებს გარეთ გაგრძელების ნაცვლად, ბორჯომში დარჩენა გადაწყვიტა და დღემდე, კომპანიის და საკუთარი პროფესიის ერთგულია.
ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, არაერთ კომპანიაში მუშაობდა, თუმცა ხანგრძლივად არსად გაჩერებულა. „ბორჯომი” აღმოჩნდა ის ერთადერთი ადგილი, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ეს ისტორია უმცროსი ინჟინრის პოზიციიდან დაიწყო, 2002 წლიდან კი მთავარი ინჟინრის პოზიციით გაგრძელდა.
„მთავარი ინჟინრის საქმიანობა ძალიან საპასუხისმგებლოა, ჩემს პროფესიაში მთავარია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რაც საქმეს განსაკუთრებით საინტერესოს და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის. ჩვენ ყოველდღიურად ვამოწმებთ როგორც საბადოს მდგომარეობას, ისე ჭაბურღილების, ელექტრო დანადგარების და მილსადენის სრულყოფილად ფუნქციონირებას,“ - ასე გვიყვება თავის ყოველდღიურ საქმიანობაზე ბატონი თემური და თან „ბორჯომმინწყლების“ ისტორიულ შენობაში გვმასპინძლობს, რომელიც სტუმრების ყურადღებას დღემდე იპყრობს. საქმის მიმართ ერთგულება და სიყვარული მისი ცხოვრების თანმდევია, სწორედ ამ ორ მთავარ პრინციპს უზიარებს შვილებსაც და ახალ თაობასაც, ვისთვისაც ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მისთვის დიდი სიხარულია
28 მარტი, 2024

ბესიკ არბოლიშვილი - მხატვარი
ტილო, ფუნჯი და საღებავის სურნელი, ბესიკ არბოლიშვილის ცხოვრებაში ბავშვობიდანვე შემოიჭრა. მამა თეატრის მხატვარი იყო, დედა - მუსიკის მასწავლებელი, ბაბუა - ვასო არბოლიშვილი - ხის ოსტატი. ხელოვნების სიყვარული მათ ოჯახში თაობებს გადაეცემოდა, ახალი ხელწერითა და იდეებით კი, ახალი ისტორია იწერებოდა.
ბავშვობა ბაკურიანში გაატარა. სახლში, რომელიც დღემდე ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს. ეს ადგილი მის შემოქმედებაზეც აისახა. ტილოზე ხშირად სხვადასხვა ემოცია ცოცხლდება, თუმცა, თოვლი ბესიკ არბოლიშვილის ნამუშევრების განუყოფელი ნაწილია, მისი ზამთარი კი, განსაკუთრებულად თბილი და ზღაპრულია. ამბებს, რომლებიც ამ ადგილთან აკავშირებს, ისეთი ემოციებით ჰყვება, რომ თითქოს ტილოზე ფუნჯით ხატავს, მსმენელიც მისი ბავშვობის ბაკურიანში მოგზაურობს და ამ სილამაზეს მხატვრის თვალით დანახული სიზუსტით აღიქვამს.
„ბავშვობაში დედაჩემი ხშირად მიყვებოდა ბაკურიანის სილამაზეზე და ცდილობდა, რომ მეც ასე დამენახა ეს მხარე. როცა მამამ ბაკურიანში პირველად ჩამოიყვანა, გაზაფხული იყო და ტყეში აბრეშუმივით მოედინებოდა გამჭვირვალე წყალი. როცა სასეირნოდ გავდიოდით, მეუბნებოდა - „დააკვირდი როგორ ბრწყინავს ნამი.“ ეს ემოციები ჩემს გულსა და მეხსიერებაში ნელ-ნელა იბეჭდებოდა. შეშის კვამლის სუნი, კოხტა გორა, ციგა, თხილამური, მატარებელი და ჩვენი სახლი ბავშვობის ბაკურიანში მაბრუნებს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის სიყვარულია, რომელიც ამ ადგილთან და ჩემს ნათესავებთან მაკავშირებს. ბაკურიანში ჩამოსვლისას, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიყვარულში და ამით გული მევსებოდა.“
დღეს ბავშვობის სურნელის შეგრძნებით, წარსულის ნოსტალგიით და შემოქმედებითი განწყობით დაუსრულებლად აკვირდება ზამთარს ბაკურიანში, ფიფქებს, რომლებიც თანდათან ფერს იცვლიან. გრძნობს თოვლის სურნელს და შემდეგ ტილოზე ხატავს ზამთარს, თბილს და ზღაპრულს, რომელიც ყველას ბავშვობაში აბრუნებს.
28 თებერვალი, 2024

მარიკა გელაშვილი - არქიტექტორ-ქალაქმშენებელი
ბორჯომზე ფიქრი, ზრუნვა და მისი სიყვარული, მარიკა გელაშვილს მშობლებისგან გადაეცა. ბავშვობაში მამა უხსნიდა, რომ ამ ულამაზეს ქალაქში კიდევ ბევრი რამ იყო ასაშენებელი და ძველი გამოსასწორებელი, ამ საქმეს კი არქიტექტორი შეძლებდა. სწორედ იმ დროს გააკეთა პროფესიული არჩევანი და ცხოვრება არქიტექტურას და ქალაქმშენებლობას დაუკავშირა.
„პროფესიის არჩევის შემდეგ, სადაც არ უნდა მეცხოვრა, რა საქმითაც არ უნდა ვყოფილიყავი დაკავებული, სულ თან მდევდა, ბორჯომზე ზრუნვა და ფიქრი მის გალამაზებაზე,“ - მარიკა გელაშვილი დღემდე ასე გრძნობს სიყვარულს, რომელიც ამ ქალაქთან აკავშირებს. სილამაზით განებივრებულ ქვეყანაში ლანდშაფტის დიზაინზე ზრუნვა შედარებით გვიან დაიწყეს, თუმცა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მიმართულებითაც დაინტერესდა და 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით საყვარელ ქალაქს დაუბრუნდა და დღემდე მის იერსახეზე ზრუნავს. სურს, რომ ამ ქალაქში ჩამოსვლა და დასვენება ყველას უხაროდეს. ხშირად ბორჯომის სტუმრებს, მეგზურობასაც თავად უწევს და ამ კუთხის არქიტექტურას აცნობს.
ბორჯომის ხეობის მშენებლობა-არქიტექტურის ისტორია საკუთარ წიგნში ასახა და ისტორიულ ნაშრომებზე დაყრდნობით, მკითხველს გაუზიარა თუ როგორ შენდებოდა ქალაქი, როგორ აღმოაჩინეს ამ ადგილზე მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა, როგორ აშენდა ისტორიული შენობები, რკინიგზა, ხიდები და როგორ მიიღო ამ ადგილმა დღევანდელი იერსახე, რომელიც დღეს ყველა ბორჯომელს ეამაყება.
29 იანვარი, 2024

ჯუმბერ და ლიდა ჯაფიაშვილები - წყვილი სოფელ დაბიდან
წიწვებში ჩაფლულ გზას, რომელიც წლის ნებისმიერ დროს ჯადოსნურია, თითქმის 50 წელი ერთად გადიოდნენ. ჯუმბერ და ლიდა ჯაფიაშვილებმა ცხოვრება ერთმანეთს და ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალ მატარებელს დაუკავშირებს. მატარებელს, რომელსაც ადგილობრივებმა „კუკუშკა“ შეარქვეს.
„მე და ჩემი მეუღლე შევაბერდით ერთმანეთს, თითქმის 50 წელი ვემსახურეთ ამ ვიწროლიანდაგიან გზას, ახლა კი ვემსახურებით ოჯახს - შვილებს და შვილიშვილებს,“ - ასე გვიყვება საკუთარ ამბავს ჯუმბერ ჯაფიაშვილი. ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ამ ულამაზეს მხარესთან ბავშვობიდან დაკავშირებულია.
ეს ისტორია იწყება ბაკურიანის, ბორჯომის, წაღვერის და მშობლიური დაბის სიყვარულით, რომელიც დღემდე გრძელდება. 22 წლის იყო, როცა მისი ცხოვრება „კუკუშკას“ დაუკავშირდა და მატარებელიც დაიძრა. ახლაც, ეიფელის ხიდისკენ მიმავალ გზაზე, მთავარი მეგზური ის არის. ჯუმბერ ჯაფიაშვილი მეუღლესთან - ლიდა ჯაფიაშვილთან ერთად, საკუთარი საქმის, ამ მხარის და ოჯახის სიყვარულს, დღეს შვილიშვილებს უზიარებს. ამაყობს, რომ მისი ცხოვრება დაკავშირებულია იმ პატარა მატარებელთან, რომელიც შთაბეჭდილებების, თავგადასავლების და ახალი დასაწყისის სიმბოლოა.
22 დეკემბერი, 2023