გულშემატკივარი

ბოლოს დამატებული ბლოგები
ნახე ყველა
სალომე მიქელაშვილი -  მსახიობი

სალომე მიქელაშვილი - მსახიობი

ის წლების წინ, ამ ქალაქის განსაკუთრებული ენერგეტიკით იმდენად მოიხიბლა, რომ საცხოვრებლად თბილისიდან ბორჯომში გადავიდა. ბათუმთან ბავშვობა, თბილისთან სტუდენტობა, ბორჯომთან კი მეუღლე, შვილები და დღეს უკვე საყვარელი საქმეც აკავშირებს. ყველაზე დიდ დროს, ბორჯომის სახალხო თეატრისა და ბორჯომის თოჯინების თეატრის სცენაზე ატარებს, მაყურებლისგან უდიდეს ემოციას იღებს, რომელიც მუდმივად ახალ იდეებს ბადებს. ბორჯომი იმდენად უყვარს, რომ თბილისში დაბრუნებას აღარ განიხილავს. ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულია და თეატრის მსახიობებთან, რეჟისორებთან და თანამშრომლებთან ერთად, ქალაქის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.  „ბავშვების განვითარებისთვის, აუცილებელია თეატრი. ვფიქრობ, რომ ბორჯომი თეატრმა უფრო მეტად გამოაცოცხლა, სხვა რიტმი შესძინა. ეს ქალაქი ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებულია, მიყვარს მისი ფერები, სიმწვანე და ჰაერი, რომელიც სხვაგან არსად არის,“ - ეს ნაწილია იმ ემოციის, რომელიც სალომეს ბორჯომთან აკავშირებს. დაუსრულებლად შეუძლია მოგიყვეთ იმ სურვილებზე და გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს.  მეგობრებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის, სალომეს ოჯახი მასპინძლის როლშია. საყვარელ ადგილებთან ერთად, ყველას უყვებიან „ბორჯომის“ მინერალური წყლის უნიკალურ თვისებებსა და ისტორიაზე, რომლის გარეშეც ეს ქალაქი წარმოუდგენელია.
26 ივნისი, 2024
კობა სილაგაძე - სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე  

კობა სილაგაძე - სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე  

ბორჯომსა და ბაკურიანში ყველა ადამიანი ტყის სიყვარულით იზრდება, თუმცა, ზოგჯერ ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ პროფესიაც ტყეს და მასზე ზრუნვას უკავშირდება. ასე მოხდა კობა სილაგაძის შემთხვევაშიც. უკვე 14 წელია ამ საქმეს ემსახურება და მისთვის ყოველი დღე ტყეზე ფიქრით იწყება. ​  „ეს არის საქმე, რომელიც ხალხზე და ბუნებაზე ზრუნვას აერთიანებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმით ვუფრთხილდები საქართველოს გარემოს. მეტყევის საქმე ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მეტყევეები ამ დამოკიდებულებას ვუზიარებთ სხვებსაც. ჩვენთან ერთად ისინიც ტყის მცველები ხდებიან, უფრთხილდებიან და უხეშად არ ერევიან ტყის ცხოვრებაში. ყოველთვის ვამბობ, რომ ტყე არ არის მხოლოდ ხეთა სიმრავლე, ეს გაცილებით მეტია, სიცოცხლის წყაროა,“ - დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს ამ კავშირზე, რომელიც მის ოჯახში ჯერ ძმამ დაიწყო, შემდეგ კი კობამ გააგრძელა. ბევრი რამ უფროსი კოლეგებისგან ისწავლა, ახლა თვითონაც მზად არის ახალგაზრდებს გაუზიაროს გამოცდილება და რაც მთავარია, გაუზიაროს ტყის სიყვარული.  ყველა ხე და ადგილი მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ხედი, რომელიც ამ მთებიდან იშლება თავის ისტორიას ატარებს. თუმცა, კითხვაზე, რომელია მისთვის განსაკუთრებული ადგილი, პასუხი მარტივად მისახვედრია - „საქართველოში უამრავი ლამაზი ტყეა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც ბორჯომის და ბაკურიანის ტყეებია, როგორც ყველა ადამიანისთვის, ვინც აქ დაიბადა და ამ ადგილის დიდი სიყვარულით გაიზარდა. ყოველდღე ვხედავ, როგორ იზრდება ჩემი დარგული ნერგები, რომელიც დღეს უკვე ტყის განუყოფელი ნაწილია. მათ შორის არის, კომპანია „ბორჯომის“ მიერ დარგული ნერგები და აღდგენილი ტყე, ვამაყობ, რომ ყველა დარგვის მონაწილე ვიყავი.“
26 ივნისი, 2024
ქეთევან ნოზაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის დირექტორი 

ქეთევან ნოზაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის დირექტორი 

თითოეული ამბავი, რომელიც ჩვენს გმირებს ბორჯომთან აკავშირებთ, ამ ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ქეთევან ნოზაძე ბორჯომში დაიბადა და გაიზარდა, მისთვის კავშირი ბორჯომთან, მის ქუჩებთან, ულამაზეს ბუნებასთან და ისტორიულ ადგილებთან განსაკუთრებით ძვირფასია. ყველა ადგილი, ინახავს მოგონებას, რომელმაც მისი ცხოვრება განსაზღვრა. „ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ ცენტრი, ჩემი ლამაზი, ნიჭიერი, თვალებანთებული გოგო-ბიჭებით, წლების განმავლობაში ჩემი ენერგიის წყარო გახდა, ამაზე დიდ საქმეს ვერასოდეს გავაკეთებდი, ვიდრე მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვაა. 34 წლის წინ ჩემი და კომპანია „ბორჯომის“ გზები გადაიკვეთა და ბავშვთა ფედერაციის პირველი მეგობარიც გამოჩნდა. დღეს, ბევრისთვის „ბორჯომი“ ასოცირდება ფესტივალ „ბროლის ნაძვთან, მუსიკალურ საღამოებთან, ხელოვნების ბანაკებთან, თითოეული ახალი იდეის უცვლელი მხარდამჭერი კომპანია „ბორჯომი“ იყო, ერთად ვატარებდით ფესტივალებს, რომლებიც ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებას განსაკუთრებულად უხდება,“ - ასე იხსენებს ქეთევან ნოზაძე ისტორიას, რომელიც წლების წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. კომპანია „ბორჯომის“ მხარდაჭერით, 10 წლის წინ დაფუძნდა ბორჯომის ტრენინგ ცენტრი, რომლის მთავარი იდეაც მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვაა. ეს არის არაფორმალური განათლების ადგილი, სადაც მოსწავლეები ბორჯომიდან და ბორჯომის შემოგარენიდან, საერთო ინტერესების თანატოლებს ხვდებიან და სხვადასხვა მიმართულებით იღებენ განათლებას.  „ჩემი ოცნება იყო, შემექმნა არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც იქნებოდა უფასო და ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი. კომპანია „ბორჯომის“ დახმარებით, ეს ოცნება რეალობად იქცა. 10 წლის განმავლობაში ბორჯომის ტრენინგ ცენტრში, 5000 ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და თავისი ინტერესის მიხედვით, სხვადასხვა კლუბში გაერთიანდა. ბორჯომის ტრენინგ ცენტრი საოცარი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ერთად იზრუნონ მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კერძო ბიზნესმა.“  ყოველ წელს მოსწავლეების ინტერესების მიხედვით იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც ბორჯომის ტრენინგ ცენტრს, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მოსწავლეებს აქ მოსვლა უხარიათ, ლაღი, მეგობრული და თავისუფალი გარემო მათ განვითარებას უწყობს ხელს. ისინი აქტიურ მოქალაქეებად ყალიბდებიან და ქალაქს ახალ სიცოცხლეს სძენენ. საქმე, რომელიც დიდ სიყვარულთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც მოითხოვს, ქეთი ნოზაძისთვის ყოველდღიურობაა, რომელიც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს, რომელსაც გარშემომყოფებსაც უზიარებს და ყოველწლიურად ამ ისტორიის გარშემო ახალ ადამიანებს აერთიანებს.
26 ივნისი, 2024
თემურ კაპანაძე - "ბორჯომის მინერალური წყლების" მთავარი ინჟინერი

თემურ კაპანაძე - "ბორჯომის მინერალური წყლების" მთავარი ინჟინერი

თითქმის 40 წლის წინ, თემურ კაპანაძისა და კომპანია „ბორჯომის“ გზები გადაიკვეთა და დაიწყო ისტორია, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პროფესიით ჰიდროტექნიკოსია. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დარჩენას არ აპირებდა, თუმცა გარემომ იმდენად მოხიბლა, რომ საქმიანობის საზღვრებს გარეთ გაგრძელების ნაცვლად, ბორჯომში დარჩენა გადაწყვიტა და დღემდე, კომპანიის და საკუთარი პროფესიის ერთგულია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, არაერთ კომპანიაში მუშაობდა, თუმცა ხანგრძლივად არსად გაჩერებულა. „ბორჯომი” აღმოჩნდა ის ერთადერთი ადგილი, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ეს ისტორია უმცროსი ინჟინრის პოზიციიდან დაიწყო, 2002 წლიდან კი მთავარი ინჟინრის პოზიციით გაგრძელდა. „მთავარი ინჟინრის საქმიანობა ძალიან საპასუხისმგებლოა, ჩემს პროფესიაში მთავარია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რაც საქმეს განსაკუთრებით საინტერესოს და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის. ჩვენ ყოველდღიურად ვამოწმებთ როგორც საბადოს მდგომარეობას, ისე ჭაბურღილების, ელექტრო დანადგარების და მილსადენის სრულყოფილად ფუნქციონირებას,“ - ასე გვიყვება თავის ყოველდღიურ საქმიანობაზე ბატონი თემური და თან „ბორჯომმინწყლების“ ისტორიულ შენობაში გვმასპინძლობს, რომელიც სტუმრების ყურადღებას დღემდე იპყრობს. საქმის მიმართ ერთგულება და სიყვარული მისი ცხოვრების თანმდევია, სწორედ ამ ორ მთავარ პრინციპს უზიარებს შვილებსაც და ახალ თაობასაც, ვისთვისაც ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მისთვის დიდი სიხარულია
28 მარტი, 2024