სალომე მიქელაშვილი - მსახიობი
ადამიანები ბორჯომიდან
ისტორია #8
სალომე მიქელაშვილი - მსახიობი
ის წლების წინ, ამ ქალაქის განსაკუთრებული ენერგეტიკით იმდენად მოიხიბლა, რომ საცხოვრებლად თბილისიდან ბორჯომში გადავიდა. ბათუმთან ბავშვობა, თბილისთან სტუდენტობა, ბორჯომთან კი მეუღლე, შვილები და დღეს უკვე საყვარელი საქმეც აკავშირებს. ყველაზე დიდ დროს, ბორჯომის სახალხო თეატრისა და ბორჯომის თოჯინების თეატრის სცენაზე ატარებს, მაყურებლისგან უდიდეს ემოციას იღებს, რომელიც მუდმივად ახალ იდეებს ბადებს.
ბორჯომი იმდენად უყვარს, რომ თბილისში დაბრუნებას აღარ განიხილავს. ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულია და თეატრის მსახიობებთან, რეჟისორებთან და თანამშრომლებთან ერთად, ქალაქის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.
„ბავშვების განვითარებისთვის, აუცილებელია თეატრი. ვფიქრობ, რომ ბორჯომი თეატრმა უფრო მეტად გამოაცოცხლა, სხვა რიტმი შესძინა. ეს ქალაქი ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებულია, მიყვარს მისი ფერები, სიმწვანე და ჰაერი, რომელიც სხვაგან არსად არის,“ - ეს ნაწილია იმ ემოციის, რომელიც სალომეს ბორჯომთან აკავშირებს. დაუსრულებლად შეუძლია მოგიყვეთ იმ სურვილებზე და გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს.
მეგობრებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის, სალომეს ოჯახი მასპინძლის როლშია. საყვარელ ადგილებთან ერთად, ყველას უყვებიან „ბორჯომის“ მინერალური წყლის უნიკალურ თვისებებსა და ისტორიაზე, რომლის გარეშეც ეს ქალაქი წარმოუდგენელია.