ჯუმბერ და ლიდა ჯაფიაშვილები - წყვილი სოფელ დაბიდან
ადამიანები ბორჯომიდან
ისტორია #4
წყვილი სოფელ დაბიდან - ჯუმბერ და ლიდა ჯაფიაშვილები
წიწვებში ჩაფლულ გზას, რომელიც წლის ნებისმიერ დროს ჯადოსნურია, თითქმის 50 წელი ერთად გადიოდნენ. ჯუმბერ და ლიდა ჯაფიაშვილებმა ცხოვრება ერთმანეთს და ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალ მატარებელს დაუკავშირებს. მატარებელს, რომელსაც ადგილობრივებმა „კუკუშკა“ შეარქვეს.
„მე და ჩემი მეუღლე შევაბერდით ერთმანეთს, თითქმის 50 წელი ვემსახურეთ ამ ვიწროლიანდაგიან გზას, ახლა კი ვემსახურებით ოჯახს - შვილებს და შვილიშვილებს,“ - ასე გვიყვება საკუთარ ამბავს ჯუმბერ ჯაფიაშვილი. ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ამ ულამაზეს მხარესთან ბავშვობიდან დაკავშირებულია.
ეს ისტორია იწყება ბაკურიანის, ბორჯომის, წაღვერის და მშობლიური დაბის სიყვარულით, რომელიც დღემდე გრძელდება. 22 წლის იყო, როცა მისი ცხოვრება „კუკუშკას“ დაუკავშირდა და მატარებელიც დაიძრა. ახლაც, ეიფელის ხიდისკენ მიმავალ გზაზე, მთავარი მეგზური ის არის. ჯუმბერ ჯაფიაშვილი მეუღლესთან - ლიდა ჯაფიაშვილთან ერთად, საკუთარი საქმის, ამ მხარის და ოჯახის სიყვარულს, დღეს შვილიშვილებს უზიარებს. ამაყობს, რომ მისი ცხოვრება დაკავშირებულია იმ პატარა მატარებელთან, რომელიც შთაბეჭდილებების, თავგადასავლების და ახალი დასაწყისის სიმბოლოა.