გულშემატკივარი

გულშემატკივარი

26 ივნისი, 2024

ქეთევან ნოზაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის დირექტორი 

ადამიანები ბორჯომიდან

ისტორია #10

ქეთევან ნოზაძე, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის დირექტორი 

თითოეული ამბავი, რომელიც ჩვენს გმირებს ბორჯომთან აკავშირებთ, ამ ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ქეთევან ნოზაძე ბორჯომში დაიბადა და გაიზარდა, მისთვის კავშირი ბორჯომთან, მის ქუჩებთან, ულამაზეს ბუნებასთან და ისტორიულ ადგილებთან განსაკუთრებით ძვირფასია. ყველა ადგილი, ინახავს მოგონებას, რომელმაც მისი ცხოვრება განსაზღვრა.

„ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ ცენტრი, ჩემი ლამაზი, ნიჭიერი, თვალებანთებული გოგო-ბიჭებით, წლების განმავლობაში ჩემი ენერგიის წყარო გახდა, ამაზე დიდ საქმეს ვერასოდეს გავაკეთებდი, ვიდრე მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვაა. 34 წლის წინ ჩემი და კომპანია „ბორჯომის“ გზები გადაიკვეთა და ბავშვთა ფედერაციის პირველი მეგობარიც გამოჩნდა. დღეს, ბევრისთვის „ბორჯომი“ ასოცირდება ფესტივალ „ბროლის ნაძვთან, მუსიკალურ საღამოებთან, ხელოვნების ბანაკებთან, თითოეული ახალი იდეის უცვლელი მხარდამჭერი კომპანია „ბორჯომი“ იყო, ერთად ვატარებდით ფესტივალებს, რომლებიც ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებას განსაკუთრებულად უხდება,“ - ასე იხსენებს ქეთევან ნოზაძე ისტორიას, რომელიც წლების წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. კომპანია „ბორჯომის“ მხარდაჭერით, 10 წლის წინ დაფუძნდა ბორჯომის ტრენინგ ცენტრი, რომლის მთავარი იდეაც მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვაა. ეს არის არაფორმალური განათლების ადგილი, სადაც მოსწავლეები ბორჯომიდან და ბორჯომის შემოგარენიდან, საერთო ინტერესების თანატოლებს ხვდებიან და სხვადასხვა მიმართულებით იღებენ განათლებას. 

„ჩემი ოცნება იყო, შემექმნა არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც იქნებოდა უფასო და ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი. კომპანია „ბორჯომის“ დახმარებით, ეს ოცნება რეალობად იქცა. 10 წლის განმავლობაში ბორჯომის ტრენინგ ცენტრში, 5000 ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და თავისი ინტერესის მიხედვით, სხვადასხვა კლუბში გაერთიანდა. ბორჯომის ტრენინგ ცენტრი საოცარი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ერთად იზრუნონ მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კერძო ბიზნესმა.“ 

ყოველ წელს მოსწავლეების ინტერესების მიხედვით იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც ბორჯომის ტრენინგ ცენტრს, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მოსწავლეებს აქ მოსვლა უხარიათ, ლაღი, მეგობრული და თავისუფალი გარემო მათ განვითარებას უწყობს ხელს. ისინი აქტიურ მოქალაქეებად ყალიბდებიან და ქალაქს ახალ სიცოცხლეს სძენენ. საქმე, რომელიც დიდ სიყვარულთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც მოითხოვს, ქეთი ნოზაძისთვის ყოველდღიურობაა, რომელიც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს, რომელსაც გარშემომყოფებსაც უზიარებს და ყოველწლიურად ამ ისტორიის გარშემო ახალ ადამიანებს აერთიანებს.

Share on social media