გულშემატკივარი

გულშემატკივარი

29 იანვარი, 2024

მარიკა გელაშვილი - არქიტექტორ-ქალაქმშენებელი

ადამიანები ბორჯომიდან  

ისტორია #5

მარიკა გელაშვილი - არქიტექტორ-ქალაქმშენებელი

 

ბორჯომზე ფიქრი, ზრუნვა და მისი სიყვარული, მარიკა გელაშვილს მშობლებისგან გადაეცა. ბავშვობაში მამა უხსნიდა, რომ ამ ულამაზეს ქალაქში კიდევ ბევრი რამ იყო ასაშენებელი და ძველი გამოსასწორებელი, ამ საქმეს კი არქიტექტორი შეძლებდა. სწორედ იმ დროს გააკეთა პროფესიული არჩევანი და ცხოვრება არქიტექტურას და ქალაქმშენებლობას დაუკავშირა. 

„პროფესიის არჩევის შემდეგ, სადაც არ უნდა მეცხოვრა, რა საქმითაც არ უნდა ვყოფილიყავი დაკავებული, სულ თან მდევდა, ბორჯომზე ზრუნვა და ფიქრი მის გალამაზებაზე,“ - მარიკა გელაშვილი დღემდე ასე გრძნობს სიყვარულს, რომელიც ამ ქალაქთან აკავშირებს. სილამაზით განებივრებულ ქვეყანაში ლანდშაფტის დიზაინზე ზრუნვა შედარებით გვიან დაიწყეს, თუმცა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მიმართულებითაც დაინტერესდა და 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით საყვარელ ქალაქს დაუბრუნდა და დღემდე მის იერსახეზე ზრუნავს.  სურს, რომ ამ ქალაქში ჩამოსვლა და დასვენება ყველას უხაროდეს. ხშირად ბორჯომის სტუმრებს, მეგზურობასაც თავად უწევს და ამ კუთხის არქიტექტურას აცნობს. 

ბორჯომის ხეობის მშენებლობა-არქიტექტურის ისტორია საკუთარ წიგნში ასახა და ისტორიულ ნაშრომებზე დაყრდნობით, მკითხველს გაუზიარა თუ როგორ შენდებოდა ქალაქი, როგორ აღმოაჩინეს ამ ადგილზე მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა, როგორ აშენდა ისტორიული შენობები, რკინიგზა, ხიდები და როგორ მიიღო ამ ადგილმა დღევანდელი იერსახე, რომელიც დღეს ყველა ბორჯომელს ეამაყება. 

 

Share on social media