დათო გორგილაძე – გულწრფელობა იგებს
ღრმა ბავშვობაში მივხვდი, რომ ამბების მოყოლა მინდოდა. წერილობით, ზეპირად – მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ. ვგრძნობდი, რომ ამბის თხრობის პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა და თუ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც იმავეს განიცდიდნენ, სულაც უძლეველი მეგონა თავი.
მოგვიანებით, პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, ჩემი ორი უკურნებელი სენი – ამბავთთხრობის სურვილი და ცნობისმოყვარეობა ერთმანეთს დავუკავშირე და, რაღაც მანქანებით, ჟურნალისტიკა გამომივიდა.
მერე კი ის მოხდა, რასაც ცხოვრება ჰქვია. აღმოვაჩინე, რომ ჟურანილისტიკა თავისუფალი თემების კარგად წერას და ლაღად ამბების თხრობას არ ნიშნავს; კარგი რეპორტაჟი სულაც არ არის სახლიდან სკოლამდე გავლილი გზის ლამაზად აღწერა, საინტერესო ინტერვიუ კი – მეგობართან გასაუბრება. ცხადია, ეს აღმოჩენა უმტკივნეულო არ ყოფილა. მსგავს აღმოჩენებს თავდაჯერება ნულამდე თუ არ ჩამოჰყავთ, ნულის ნიშნულთან ახლოს ჩამოაქვეითებენ ხოლმე.
ვიღაცებისთვის ცხოვრებასთან შეჯახება ახალი ცხოვრების დაწყების სტიმულია. ჩემთვის – არა. ის ვიღაცები მარცხს საწვავად იყენებენ და გზას მეტი შემართებით აგრძელებენ. ახალ, უფრო დიად მიზნებს ისახავენ და აღწევენ კიდეც. ჩემი მიზნები ორნაბიჯიანია. გაღვიძებაც მიზანია, სახლიდან გასვლაც და A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილებაც. სამაგიეროდ თითოეულის მიღწევაც ბედნიერების განცდას მიჩენს. ამით იმ პერსონაჟებს ვამსგავსებ თავს, რომლებთანაც ცხოვრებისა და ლიტერატურის კითხვის სხვადასხვა ეტაპზე დავმეგობრდი.
ჩემთვის მარცხი სტიმულის მომცემი არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ ის ერთადერთი შესაძლებლობა იყო გამეგო ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებისგან ვინ იყო ნამდვილი და ვინ – საპნის ბუშტი. ის ნამდვილი (სხვათა შორის მხატვრულად გამოგონილებიც, ანუ პერსონაჟებიც, რომლებიც, ხანდახან, რეალურებზე მეტად რეალურები არიან) მაძლევდნენ ძალასა და იმედს.
რა დამავიწყებს პირველ კურსზე საჯაროდ წაკითხულ რეპორტაჟს, რომელიც „რას მიამბობს წვიმის წვეთი“ უფრო იყო, ვიდრე ჟურნალისტის ნაწერი. მინდოდა მიწა გამსკდომოდა. სამაგიეროდ ჩემ გვერდით მჯდომი ნიკა ესებუას სიტყვებიც მახსენდება…
საერთოდაც მგონია, რომ მარცხი აუცილებელი სანელებელია. მარცხის რომანტიზებას კი არ ვცდილობ, იმის თქმა კი არ მინდა, რომ ის ბედნიერ წუთებს უნდა სჭარბობდეს, უბრალოდ მგონია, რომ მხოლოდ საკუთარი მარცხი აქცევს შენს ცხოვრებას გამოცდილებად. სხვა შემთხვევაში ის ერთფეროვანი დღე-ღამეების თანმიმდევრობა იქნებოდა.
ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ასე იყო: ცნობილი ნათქვამის მსგავსად, დაღმართებს აღმართები მოჰყვებოდა და პირიქით. ერთი ისაა, რომ არასდროს ვცდილობდი ერთი ჭკვიანი კაცისგან მიღებული დარიგებისთვის ამევლო გვერდი და რაღაც სიკეთეები მიმეღო სინდისის, საკუთარი ღირებულებებისა და გულწრფელობის ხარჯზე. წმინდანი არ ვარ – მომსვლია. ყველას მოსვლია, მაგრამ ამაზე დარდი და ამისგან უძილო ღამეებიც ყოფილა.
რადგან რჩევებზე მიდგა საქმე (რასაც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მოზომილად ვაყრანტალებ), ერთი შემიძლია ვთქვა – გულწრფელობა ვურჩიო მას, ვისაც ეს რჩევა სჭირდება. გულწრფელობა ყველაფერში იგებს – ამბის თხრობაშიც, მეგობრობაშიცა და ოჯახურ ურთიერთობებშიც. შეიძლება მომენტალურად არა, მაგრამ საბოლოოდ – აუცილებლად.