ნინო ჯიბლაძე – მე და ჩემი კითხვები
არ მახსენდება დილა, როდესაც თვალს ვახელ და ბუნდოვან შიშს არ ვგრძნობ – ეს შიში ალბათ წამნახევარი გრძელდება, მაგრამ ყოველთვის მოდის პირველი, თვალის გახელასთან ერთად.
წამნახევარში კი ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ისევ აქ ვარ – აქ და ამ წუთას. ერთი დიდი ალეეე ჰოოოოპ და იწყება ყოველდღიური ორომტრიალი…
რა ხდება დღის მანძილზე, ხვალ სად ვიქნები – საღამო როგორ გვაქვს დაგეგმილი, თან დავქრივარ ოთახებში და თან ამ ყველაფერზე მეფიქრება… ჩემი ცხოვრების ტემპი სწრაფია, ყველაფერი ხდება სწრაფად და ტემპში, ნელა უბრალოდ არ შემიძლია… თან წყალს ვსვამ, თან ვცდილობ დროის მეტი ნაწილი სანამ ყველა გაიღვიძებს ჰაერზე გავატარო, ცალი ხელით ყავას ვასხავ, მეორეთი ტელეფონს ვამოწმებ…
სწრაფად ვიწყებთ დღეს და საღამოსაც ყველაფერი თითქოს სწრაფად ხდება, ისე ცვლის დღე–ღამეს, კვირა–კვირას, თვე–თვეს ვერც ვასწრებთ დაფიქრებას – რა ხდება ჩვენს თავს, და აი ამაზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა… ფიქრზე და ამ წუთას ცხოვრებაზე…
ხან მაქვს დრო, დავჯდები ჩემთვის წყნარად, არაფერს არ ვაკეთებ, შორს ვარ ყველანაირი ტექნიკისგან, ვზივარ სავარძელში შუა ეზოში და ვფიქრობ. ჩემს თავთან ხშირად ვკამათობ და ისევ და ისევ ვფიქრობ – რა მიხარია ყველაზე მეტად, რისი მეშინია, რა მაბედნიერებს, როდის ვარ ყველაზე უიმედო ან იმედიანი, როდის ვიღლები ყველაზე მეტად და რა მღლის, რა მაძლევს ენერგიას… ბოლო დროს კი ყველაზე ხშირად მეფიქრება – აი ბევრი წლის ვარ, ვუყურებ ჩემს ცხოვრებას შორიდან და რას ვხედავ?
ვხედავ თუ არა ჩემს თავს, ხელიხელჩაკიდებულს ჩემს საყვარელ ადამიანთან, რომელთან ერთად ყველა წუთი მიხაროდა ცხოვრება?
რადგან სიყვარული ყველაფერია!
ვხედავ თუ არა ჩემს მშობლებთან, ერთად გატარებულ ყველაზე ბედნიერ დღეებს, იმ გოგონას — რომელიც დედას და მამას თბილად ეხუტება და ხშირად ეუბნება სიტყვას „მიყარხარ“!
რადგან, მშობლების სითბო და ალერსი ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა გვიჭირს!
ვხედავ თუ არა ჩემს თავს, რომელიც ხშირად იღიმის ან იცინის მთელი გულით?
რადგან სიცილი ყოველთვის ბევრს ნიშნავს!
ვხედავ თუ არა ჩემს თავს, რომელმაც ბევრი ქვეყანა მოიარა და ბევრი საინტერესო რამ ნახა?
რადგან მოგზაურობა ბედნიერებაა!
ვხედავ თუ არა ჩემს თავს, რომელმაც თავისუფალი დრო ბავშვებთან და ოჯახთან ერთად გაატარა და ბავშვებს მაქსიმალურად ყველაფერი მისცა, რისი მიცემაც შეეძლო დედას?
რადგან დედა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ცხოვრებაში!
ვხედავ ჩემს რომელიმე პროექტს, რომელიც რაღაც პერიოდში მაინც იყო მნიშვნელოვანი სხვა ადამიანებისთვის?
რადგან შეიტანო წვლილი სხვა ადამიანების კეთილდღეობაში – ძალიან სასარგებლო რამ არის!
ვხედავ თუ არა ჩემს თავს, რომელიც ხშირად უსმენდა მუსიკას, კითხულობდა ლექსებს, ათვალიერებდა ნახატებს და ფოტოებს?
რადგან ხელოვნება კვებავს ჩვენს სულს!
ვხედავ თუ არა ჩემს თავს, რომელიც ხშირად დადიოდა კინოში და ბევრ კარგ ფილმს ნახულობდა?
რადგან, კინოხელვონება ძლიერად ზემოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე.
ვხედავ თუ არა ჩემს თავს მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ძალიან ვუყვარდი, მიყვარდა და ვისთან ერთად ყოფნაც მუდამ მანიჭებდა სიხარულს და ბედნიერებას?
რადგან ნამდვილი მეგობარი ცხოვრებას გვილამაზებს და გვიმსუბუქებს!
კიდევ ბევრი კითხვა მესმის და მინდა დავინახო პასუხები ამ კითხვებზე…
მერე ვფხიზლდები, ვბრუნდები აქ და ამ წუთას და ალე ჰოოოპ, იმ წამიდან ვაგრძელებ იმ ცხოვრებას, რომელზეც მგონია ოდესმე მექნება კითხვები და რადგან პასუხები უკვე ვიცი… აქ ვეღარაფერს ვწერ და ვეღარაფერს ვპირდები ჩემს თავს… და მერე როცა მაქვს საშუალება ისევ ვჯდები იმ სავარძელში და ისევ თავიდან ვიწყებ კითხვების დასმას…