გულშემატკივარი

გულშემატკივარი

12 ივლისი, 2020

ლადო აფხაზავა – მალე მოვა პარასკევი

რამდენიმე წლის წინ სკოლის შესასვლელში გამოვფინეთ ბანერი, რომელზეც ეწერა სიტყვები: „მალე მოვა პარასკევი.“ ამით ჩვენს მოსწავლეებს ვეუბნებოდით, რომ სასწავლო დღეები უცებ ჩაივლიდა და უქმეები მალე დადგებოდა. აღნიშნულ ბანერს ხშირად ვცვლიდით, თუმცა შინაარსი უცვლელად გადაგვქონდა. ეს მათთვის ერთგვარ წახალისების ფორმად იქცა.

დღეს, როცა სკოლა ასე მოგვენატრა, მოგვენატრა ურთიერთობებიც იმ ადამიანებთან, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებოდით და გვქონდა კომუნიკაცია. ადამიანებმა ყველაფერი სხვანაირად გადავაფასეთ. ამ დღეებში პირველად მივედი სკოლაში, ეს ბანერიც ჩამოვხსენი და თუ რატომ, ამას თქვენც კარგად მიხვდებით.

ურთიერთობებმა დღეს ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ჩემმა გაკვეთილებმაც ვირტუალური სახე მიიღო. ყოველ პარასკევს პროექტ #ბორჯომიგულშემატკივრის ფარგლებში გაკვეთილებს ვატარებდი და არა მარტო ბორჯომელ,  არამედ მთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდებს ონლაინ სივრცეში ვხვდებოდი. ეს ერთგვარი „მომავლის გაკვეთილები“ აგებული იყო ისეთი თემების ირგვლივ, რომლებიც აუცილებლად დაგვეხმარება იმ გამოწვევების გადალახვაში, რომელსაც დრო გვიმზადებს.

როდესაც პატარა ნერგს ვრგავთ, მას ზრდასრული ხის ტოტით ვამაგრებთ. ჰოდა, ის ხეც ხომ ადრე სხვამ დარგო? ისიც ხომ პატარა ნერგი იყო? იმ პატარა ნერგის გახარებაზეც ხომ სხვამ იზრუნა?  

ცხოვრებაც ასეთია, ახალგაზრდებს უფროსების ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, მხარდაჭერა, გვერდში დგომა სჭირდებათ, ამის გაკეთება კი მე არასდროს მეზარება.

#ბორჯომიგულშემატკივარი, ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად, განათლების სადარაჯოზეც დგას. სწორედ მათი დახმარებით მომეცა საშუალება, ერთ პატარა ონლაინ საკლასო ოთახში თავშეყრილი საქართველოს მომავალი თაობისთვის ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა. ასე გავერთიანდით კარგი საქმისთვის მეც, “ბორჯომის” დიდი გუნდიც და ბავშვებიც. ჩვენი გაკვეთილები იყო ინტერაქციული და იმდენი საინტერესო მოსაზრება ჟღერდებოდა ამ ერთ საათში, რომ გული სიხარულით მიძგერდა. მჯერა, რომ ეს გაკვეთილები ჩვენი ქვეყნისთვის ერთ ხეს მაინც დაგვარგვევინებს, რათა შემდეგ, ამ ხის ტოტებით სხვებმა ახალი ნერგები გაამაგრონ. 

აღნიშნულ ფორმატში ჩვენ აღარ შევხვდებით და მინდა თითოეული ახალგაზრდა, ვინც გაკვეთილებს ესწრებოდა, სიყვარულით მოვიკითხო და წარმატებები ვუსურვო. მადლობა ჩვენს #მომავლისგულშემატკივარს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში უხილავ ძაფებს აბამდა ჩემსა და ბავშვებს შორის.

სკოლაში ჩამოხსნილი პოსტერი აქ მინდა გამოვფინო.

„მალე მოვა პარასკევი“ 

ანუ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით.

 

 
 

Share on social media