ქართული გენია წყალში განფენილი
ბორჯომში მაცოცხლებელი წყალი დიდხანს იყო შეუმჩნეველი. თავისთვის, ჩუმად, ტყეში მიწიდან მოედინებოდა, ალბათ რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა მისი ლეგენდა და სარგებლობდა მაცოცხლებელი ენერგიით.
არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ქვის აბაზანები მოწმობს, რომ მაცოცხლებელ წყალს ათასწლეულების წინაც იყენებდნენ, თანაც არამხოლოდ სასმელი დანიშნულებით.
ხომ ამბობენ, ცხოვრებაში ორჯერ იბადებიო.
ასე იყო ბორჯომის შემთხვევაშიც, ჩუმად მოჩუხჩუხე სიცოცხლის წყალი, საუკუნეში მთელი იმპერიის ყურადღებას იპყრობს.
მეცხრამეტე საუკუნეში იმდენად გაითქვა სახელი, რომ მაშინდელმა მთავარმართებელმა, ევგენი გოლოვინმა, საკუთარი ქალიშვილი სამკურნალოდ გამოაგზავნა.
Უცნობია, თუ რა დაავადებით იტანჯებოდა ეკატერინა, მაგრამ ფაქტია, რომ ბორჯომმა ის დაჭრილი ირემივით განკურნა.
გაჩნდა პირველი წყარო, ეკატერინეს წყარო. აქედან დაიწყო ბორჯომის მეორედ დაბადება.
მიდიოდა დრო, მოდიოდა წყალიც.
იცვლებოდნენ მეფისნაცვალები, მაგრამ არ იცვლებოდა ბორჯომი. შესაბამისად, არც მათი ინტერესი განელებულა.
გოლოვინს მოჰყვა ვორონცოვი, ვორონცოვს - რომანოვი.
ორივეს ისე მოეწონა ბორჯომის წყალი და ბუნება, თავის საზაფხულო რეზიდენციად აქცია. აშენდა სახლები, აბანოები, სასტუმროები. ბორჯომი რომ ევროპული ყაიდის კურორტი იყო, ამაზე მაშინდელი სასტუმროების სახელებიც მეტყველებს: მარსელი და ბერლინი.
ეს იყო ადგილი: სალონური საუბრების, პოეტების, მხატვრების, შეყვარებულების და არისტოკრატების.
სულ მალე წყლის ჩამოსხმაც დაიწყო. თავიდან ამას ხელით აკეთებდნენ, ხელითვე ამზადებდნენ შუშის ბოთლებსაც. თუმცა ეტაპობრივად ყველაფერი მექანიზებული გახდა და თქვენ წარმოიდგინეთ, 1900 წელს ბორჯომი ექსპორტზეც კი გავიდა, ხოლო 1913 წლისთვის წარმოებამ 9 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.
ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ამდაგვარი მახასიათებლების წყალი, მსოფლიოში მართლა არსად იყო.
შემდეგ იყო საბჭოეთი. ბორჯომს არც სსრკ-ს დაპყრობა გასჭირვებია.
ის იყო აბსოლუტურად ყველგან: ბანკეტებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე, თეატრში, ოპერაში, კინოში. ისეთ ისტორიულ მომენტებშიც კი სადაც პლანეტის ბედი წყდებოდა ბორჯომი იდგა. არაფერი ჩაივლიდა მის გარეშე. ის იყო ყველაფრის მოწმე და მნახველი.
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი იყიდებოდა ცივი ომის ეპოქაში. გაარღვია რკინის ფარდა.
დედაბუნება შვილებს არ ასხვავებს, ყველაზე ერთნაირად ზრუნავს, ყველას ერთნაირად ავსებს სიცოცხლით.
ასეთია ბორჯომი, დედა ბუნების უპირობო სიყვარული, ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ბორჯომს არასდროს დაუკარგავს ქართული იდენტობა, ის ყოველთვის იყო ქართული კულტურის, ცეკვის, სიმღერის, ბუნების, უნიკალური სუფრის და სტუმარ-მასპინძლობის სიმბოლო. ქართული არამატერიალური სიკეთის მატერიალიზებული მხარე. ის იმდენად ძლიერ არის დაკავშირებული ქართულ მიწასთან, (თანაც პირდაპირი გაგებით) რომ ამ კავშირის გაწყვეტა, ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომმა ეს ხანგრძლივი თვითგამორკვევის პერიოდი საქართველოსთან ერთად გამოიარა.
საკუთარი თავის პოვნა რთული არ არის. უბრალოდ ის უნდა მოიშორო, რაც შენ არ გეკუთვნის, რაც გარედან დაგაშენეს და რაც დარჩება ეგა ხარ. ხოლო როცა მაგაზე დადგები, გამყარდები, რადგან ეგ არის ის, რაც მარადიულია, რასაც ვერავინ და ვერაფერი წაგართმევს.
ბორჯომის ვიზუალში შეტანილმა ქართულმა ორნამენტებმა, მაცოცხლებელი წყალი და მისი ქვეყანა, კიდევ უფრო დააკავშირა ერთმანეთს.
ზოგადად, გეომეტრიული ფიგურები რომ რომელიმე ეთნიკურ კულტურას მიაკუთვნო რთულია.
კარლ გუსტავ იუნგმა შენიშნა, რომ ახალგაზრდობაში მის მიერ ბლოკნოტში გაკეთებული ჩანახატები, ავსტრალიელ აბორიგენების ნახატებს ემთხვეოდა, ამან უდიდეს აღმოჩენას დაუდო საფუძველი, რასაც მან კოლექტიური არაცნობიერი უწოდა.
კი, გეომეტრია უნივერსალურია და ეს ფორმები კოლექტიური არაცნობიერების სიღრმეში დევს, მაგრამ როდესაც ის ზედაპირზე ამოდის, ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში ტყდება და ლოკალური შტრიხებით იმოსება.
ქართული ორნამენტებიც ასეა, კოლექტიური არაცნობიერიდან წამოსული, მაგრამ ქართულ სულში გარდატეხილი, ზუსტად ისევე როგორც ბორჯომი. დედამიწის წიაღში დაბადებული, მაგრამ ქართულ სულში ჩამოსხმული.