სიახლეები

სიახლეები

18 ივლისი, 2023

„ბორჯომი“ რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა ჩვენი თამაში! ჩვენი ლეგენდა!

18.07.2023

პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, დღეს მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ბორჯღალოსნების და ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების (20 წლამდე, 18 წლამდე, შვიდკაცა, შვიდქალა) გენერალური სპონსორი და ასევე კლუბ „შავი ლომის“ ოფიციალური მინერალური წყალი გახდა.

ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი შეეწყობა სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარებას. კერძოდ რაგბის კლუბ „ბორჯომისა“ და „ასპინძის“ მორაგბეებისთვის გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პირობები და ხელი შეეწყობა რაგბის პოპულარიზაციას.

საქართველოს რაგბის კავშირისა და მინერალური წყალი „ბორჯომის“ თანამშრომლობა, მიზნად ისახავს ორი ქართული, დიდი ისტორიის მქონე ბრენდის გაერთიანებას და კიდევ უფრო გაძლიერებას. დღეიდან „ბორჯომი“ ბორჯღალოსნებთან ერთად, ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას და ამავდროულად ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი

„მინერალური წყალი „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. საქართველოს და ჩვენს სპორტულ ტრადიციას წარადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ბორჯღალოსნებიც. უნიკალური მინერალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ბორჯომი“ ენერგიის აღმდგენი ბუნებრივი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, წლებია ის ქართული სპორტის გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

დღეს ორი დიდი და საამაყო ბრენდი მნიშვნელოვანი საქმისთვის ერთიანდება. ვამაყობთ ქართველი მორაგბეების მიღწევებით, დარწმუნებული ვარ, რომ „ბორჯომის“ და ეროვნული ნაკრების თანამშრომლობით, საქართველოში და მათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვან ბორჯომსა და ასპინძაში, კიდევ უფრო განვითარდება რაგბი და ეს ისტორია ღირსეულად გაგრძელდება.“

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

„ქართულ რაგბს სჭირდებოდა ენერგია და ეს ენერგია ისტორიულმა მინერალურმა წყალმა „ბორჯომმა“ შემოიტანა. მჯერა, რომ ამ თანამშრომლობამ კიდევ ერთი ლელო უნდა დადოს. პრინციპული წელი გვაქვს წინ. საქართველოს ნაკრებისგან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ელოდება სიახლეს და ამ სიახლეს ჩვენ „ბორჯომთან“ ერთად ვიტყვით.

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ნაკრებების სპონსორობის გარდა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს რეგიონალური რაგბის განვითარებას, კერძოდ რაგბის კლუბ „ბორჯომისა“ და „ასპინძის“ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე სასწაულ შედეგს ვნახავთ. წარმატებები „ბორჯომს,“ წარმატებები ქართულ რაგბს, ჩვენ დიდი შემართებით მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე.“

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება უკვე დაიწყო. 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო ღონისძიება საფრანგეთში, 8 სექტემბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. ბორჯღალოსნების მეტოქეები C ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან. თუმცა მანამდე, ჩვენს მორაგბეებს ტესტ-მატჩები ელოდებათ. თბილისში, 12 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს, 18 აგვისტოს კი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეხვდება. ხოლო 26 აგვისტოს, ბორჯღალოსნები ედინბურგში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

Share on social media