სიახლეები

სიახლეები

05 მარტი, 2024

ვინსენ პერესი, ძენი ოსტატი კინოდან

სიტყვა ინტერვიუ ფრანგული entrevue-დან მოდის, ითარგმნება როგორც „ერთმანეთის დანახვა.“ მართლაც, კარგი ინტერვიუს შეუძლია ადამიანი დაგანახოს, ადამიანის დანახვას კი თითქმის ყოველთვის მოსდევს სიყვარული და ცნობიერების გაფართოვება. 

კარგ ინტერვიუს შეუძლია საკუთარ თავში დამალული განძი აღმოგაჩენინოს და რწმენის ნახტომი გაგაკეთებინოს. 

შინაგან განძს თითოეული ჩვენგანი ვატარებთ, არც ვინსენ პერესია გამონაკლისი. მოვლენების მისეული აღქმა და განცდა, ძალიან შთამბეჭდავია. 

ინტერვიუდან მიხვდებით, რომ ჩვენ წინ ერთი უბრალო მსახიობი კი არა, ნამდვილი ფილოსოფოსი ზის. 

ვინსენ პერესი შვეიცარიელი მსახიობი და რეჟისორია, უთამაშია ისეთ დიდ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან:  კატრინ დენევი, იზაბელ აჯანი, კიმ ბესინჯერი, ჟერარ დეპარდიე, მაყურებლის უმრავლესობას „ფანფან ტიტას“ როლიდან ემახსოვრება, სადაც კამპანიონობას, არც მეტი არც ნაკლები, თავად სოფი მარსო უწევს.

ვინსენ პერესი საქართველოს „ბორჯომის" რეკლამაში გადასაღებად ეწვია, ამჟამად მისი პარტნიორი, ჩამოთვლილი ვარსკვლავებზე არანაკლები, თინა დალაქიშვილი იყო, რომელიც ვინსენს „ბორჯომის" ჯადოსნურ ამბავს უყვება. ეს რომ უბრალოდ რეკლამა არ იყო, ამას თავადაც აღნიშნავს: 

„აქ რეკლამისთვის ჩამოვედი, მაგრამ ეს რეკლამა საქართველოს ღრმა ფესვებამდე ჩადის.“

ადამიანს რამდენადაც შეუძლია ღრმად დაინახოს საკუთარი თავი, ზუსტად იმ სიღრმეზე ხედავს გარე სამყაროსაც. ვინსენ პერესი ზუსტად ასეთია. 

 „როცა არის საზრისი ეს მე მეხება.“  

შთაბეჭდილება ანსამბლ რუსთავის კონცერტმა მოახდინა:

„ამ მოცეკვავეების ძალა ჯერ კიდევ ჩემშია და მინდა დიდხანს დარჩეს“   ...  „ცრემლები მომდიოდა, იმდენად ნამდვილი იყო.“

ზოგჯერ, შენი ქვეყნის შესახებ შენი სტუმრებისგან უფრო მეტს გაიგებ. სტუმარი გვაჩვენებს იმას, რაც ღირებულია, იმას, რასაც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ, იმას რაც შენია და შენს მიღმა დეფიციტშია. ვინსენ პერესი საამისო მინიშნებასაც გვაძლევს:

„აქ ვგრძნობ რაღაც ნამდვილს, რაც თავს ძალიან კარგად მაგრძნობინებს, ეს წყალივითაა, გჭირდება რომ აგავსოს და ამიტომაც მიყვარს აქ ჩამოსვლა, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ფესვებთან კავშირი შეინარჩუნო, ბევრ ქვეყანაში ეს იკარგება და დიდ ქვეყნებს ემსგავსებიან.“ 

მალე საქართველოში მეგობრების ჩამოყვანასაც აპირებს და არც ის არის გამორიცხული, რომ გადასაღებ მოედნადაც გამოიყენოს აქაურობა. განსაკუთრებით სვეტიცხოველი მოეწონა, არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ მისი ძალაც. იცის, ხედავს, განიცდის. 

ალბათ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი შემოქმედი, სრულად შემოუშვას ცხოვრება, თავის თავში გაატაროს და ახალი ფორმა შესძინოს. ეს ბრძოლას გავს, როცა უამრავი დაბრკოლების გადალახვა გიწევს, სანამ ახალ ნაყოფს დაბადებ, ამ ბრძოლაზე თავად ვინსენიც საუბრობს.  

ეს ინტერვიუ შთაგონების წყარო გახდება უამრავი შემოქმედის, მსახიობისა და რეჟისორისთვის. 

ვინსენ პერესი ნამდვილი ძენი ოსტატია, თუ რატომ, ამას ინტერვიუში ნახავთ. 

Share on social media