ცეკვა საზღვრებს მიღმა
“ასა - იძახდა გარსია ოჩიაური.
ასა - ბანს აძლევდა მდინარე!”
გარსია ოჩიაური, არხოტიონი, სოფლის უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც თავის საყვარელ მთებს ექსტაზური ცეკვით ემშვიდობება.
არ ვიცი, იცოდა თუ არა გოდერძი ჩოხელმა რამე მაჰასამადჰის შესახებ, მაგრამ ფაქტია, გარსია ოჩიაურის ცეკვაში იოგას უმაღლესი საფეხური აქვს აღწერილი.
იოგის სრულქმნის მიღწევა ძალზედ წააგავს მოცეკვავის როკვაში ჩაკარგვას და აბსოლუტური თავისუფლების მიღწევას.
გარსია ცეკვაში ასახავს ყველა ემოციას, რასაც მაღალი მთებიდან აწვდიან, გარსია იღებს და გარსია გასცემს.
ცეკვით გამოთქვამს იმას, რაც ენისთვის გამოუთქმელია, რისი დატევაც სხეულს არ ძალუძს. ეს უბრალო ემოციები კი არა, სიცოცხლის წვენია, რომელიც ცეკვიდან იღვრება, როგორც ამრიტა, ღვთიური ნექტარი, ან მაცოცხლებელი წყალი ბორჯომის წყაროდან.
ქართული ენის მრავალფეროვნება უდავოა, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს ემოციებს ისიც კი ვერ აღწერს სრულად, მთელი სხეული ითხოვს ამოხეთქვას და ჰოპ! სწორედ ამ დროს ვიწყებთ მოძრაობას, ენით აღუწერელი განცდების სხეულით გადმოცემას! ალბათ, ასე შეიქმნა ქართული ცეკვა - ჩვენი ქვეყნის, ხალხის გაცოცხლებული ისტორია.
ერთი ცეკვა და უამრავი ბრძოლა, სიყვარული, გამარჯვება, სევდა, ხუმრობა თუ ეშმაკობა. ყველაფერია თავმოყრილი.
ქართული ცეკვა ისეთივე ემოციური და მრავალფეროვანია, როგორც ქართველი ადამიანის ხასიათი. თითოეული კუთხის ცეკვა კი ისეთივე ინდივიდუალური, როგორც ბუნება თითოეულ კუთხეში.
ზოგი - დახვეწილი და ელეგანტური, ზოგი - მკაცრი და მრისხანე, ზოგი - რბილი და ცოტა სახალისოც კი!
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრებაში ჩვენც გამოვიარეთ ის ემოციური ქარცეცხლი, რასაც ქართულ ცეკვაში ვხედავთ! ახლა ვუყურებთ, ასე გენიალურად გადმოცემულს და… გვეტირება.
ქართული ცეკვის ფენომენი ცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის მასშტაბებს. ის მთელი მსოფლიოს მებრძოლების, მაძიებლების, არტისტების, გლეხების მოძრაობაში გამოხატული ტკივილი და აღმაფრენაა.
ცეკვას საზღვრები არ აქვს.
ქართული ცეკვა ადამიანური საზღვრების მიღმაც გადის. თითოეულ მოძრაობაში შეიძლება დაინახოთ მჩქეფარე მდინარეების ინტენსივობა, უძლეველი მთების სიამაყე, ცეცხლის თვალისმომჭრელი გიზგიზი თუ ტყის მისტიკური ჩურჩული.
ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავი ცეკვაა „ხანჯლური.” ლეგენდის თანახმად, დიდგორის ძლევამოსილ გამარჯვებაში თავისი წვლილი სწორედ ამ ცეკვაში ნაჩვენებმა ჰაერში ხტომის და ბზრიალის თავბრუსდამხვევმა ტექნიკამ შეიტანა. ასე ამბობენ, ჩვენი ერთი მებრძოლი მტრის ზურგში გადახტებოდა, მუხლებზე დგებოდა, ხანჯლებით ბზრიალს იწყებდა და 30 მეომარს თან გაიყოლებდაო! ამ ამბავს გვიამბობს ცეკვა „ხანჯლური."
გრიგოლ რობაქიძე 1962 წელს, ჟენევაში სუხიშვილების ოთხ წარმოდგენას დაესწრო. ჯერ კიდევ როდის დაიწყეს ქართული ცეკვის მსოფლიოსთვის გაცნობა! ქართულ ცეკვაზე ასე კარგად არავის დაუწერია! გრიგოლ რობაქიძე თავის გენიალურ ესეში „ქართული გენია როკვით განფენილი“ წერს:
„უნდა „მეტი და მეტი". ზღვარს ვერ ჰპოულობს, რომ შეჩერდეს. ერთვის და ერთვის უზღვაროს. ამავე დროს ამ „შერთვაში" „მოზომილი და მოქნეული" ერთი-და-იგივეა. უზღვაროს ოსტატი ზღვარში ავლენს, უზომოს ზომით სალტავს.“
არ ვიცი მაშინ გრიგოლ რობაქიძემ იცოდა თუ არა, მაგრამ „უზღვაროსთან შეერთება” სანსკრიტულიდან ითარგმნება როგორც... იოგა.
შეიძლება ამიტომ იყო განსაკუთრებულად ამაღელვებელი სანახაობა სუხიშვილების გამოსვლა ინდოეთში, „მაჰაშივარატრის“ დღესასწაულზე, სადაც თავისი ცეცხლოვანი ცეკვა პირდაპირ ადიიოგის, იგივე პირველი იოგის, შივას 35-მეტრიანი ქანდაკების წინ შეასრულეს! შივა ცეკვავს, მისი ცეკვა კი ქმნის და ანადგურებს სამყაროებს.
ასეთია ქართული ცეკვაც, სავსე ენერგიით, რომელსაც განადგურებაც შეუძლია და ახლის შექმნაც.
ცეკვა შივასთან იყო ექსტაზური როკვის და ტოტალური მედიტაციური სიმშვიდის წარმოუდგენელი სინთეზი, რომელსაც მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა, 140 მილიონი ადამიანი უყურებდა. შესადარებლად გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტრანსლაციის, სუპერ ბოულის მაყურებლების რაოდენობა 114 მლნ იყო.
დამატებით 140 მილიონმა ადამიანმა იხილა, როგორია „ქართული გენია, როკვით განფენილი,” 140 მილიონი ადამიანი ეზიარა ქართული ცეკვიდან გადმოსულ ამრიტას.
სუხიშვილები მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე 1948 წლიდან მოგზაურობენ, 200-ზე მეტი ტურნე, 19200-ზე მეტი წარმოდგენა და 60 მილიონზე მეტი საქართველოს კულტურას ნაზიარები ადამიანი.
ისევე როგორც სუხიშვილები, ჩვენც ვცდილობთ რომ საქართველოს შესახებ მთელ სამყაროს გავაგებინოთ. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით კიდევაც! სუხიშვილებმა სპეციალურად „ბორჯომის" რგოლისთვის, საქართველოს ულამაზესი მთების ფონზე, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ჩვენი კულტურა.
ცეკვა ჰყვება ამბავს, ცეკვა ჰყვება იმასაც, რასაც ენით ვერ გადმოვცემთ. ქართული კულტურა სავსეა ენითაღუწერელი ფენომენებით, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენს გაცოცხლებულ ლეგენდაშიც, ცეკვას განსაკუთრებული როლი აქვს. ცეკვას, რომელიც გზაა შინისკენ, ცეკვას, რომელიც საზღვრებს გაგაცდენს, ცეკვას რომელიც სიცოცხლის წყაროსთან მიგვიყვანს.