გასტრო კულტურა

გასტრო კულტურა

08 ნოემბერი, 2023

ქართული სუფრის ლეგენდა

საქართველო პატარა, მაგრამ უნიკალური ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით - მთებისა და ტყეების, ფლორისა და ფაუნის, მინერალური და თერმული წყლებისა თუ ტალახის საბადოების სიმრავლით. 

საქართველოში ზომიერი კლიმატი და სხვადასხვა ტიპის ჰავაა, როგორც შავიზღვისპირა სუბტროპიკული, ისე მშრალი კონტინენტური და ალპურიც კი. 

ზოგადად ქართული მიწა ძალიან ნაყოფიერია. განებივრებულები ვართ სეზონური ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვნებით, ჯანსაღი და გემრიელი რძის პროდუქტებითა თუ თავბრუსდამხვევი სანელებლების სიმრავლით. ამ საოცარი ინგრედიენტების ოსტატურად გამიქსვა კი - გემოთა საოცარ სიმფონიას ქმნის. მაგრამ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, სხვადასხვა ინგრედიენტებსა და არომატებთან თამაში?

ხშირად ადამიანები დაუფიქრებლად და მადლიერების შეგრძნების გარეშე ვიღებთ ყველაფერ იმას, რასაც მარტივად მოვიპოვებთ. თანამედროვე სამყაროში კი ძალიან მარტივია მიიღო ის რაც გინდა, თანაც სწრაფად. მაგალითად, შეგიძლია უბრალოდ წახვიდე სუპერმარკეტში და შეიძინო სხვადასხვა საკვები პროდუქტი, ან რესტორანს ეწვიო და გემრიელად მიირთვა. წასვლა თუ გეზარება არც ეგ არის პრობლემა, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუკვეთავ და სახლში უგემრიელეს კერძებს მოგიტანენ. 

თუმცა, თავდაპირველად ადამიანი უმი საკვებით იკვებებოდა. შემგროვებელი და მონადირე იყო. რაღაც ეტაპზე, ალბათ სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა, რომ ცეცხლზე მომზადებული საკვები ბევრად უფრო გემრიელი და უსაფრთხოა. დროსთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტის თავისი ხელით მოყვანაც დაიწყო, მომთაბარეობას თავი დაანება და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, ამასობაში მომზადებაშიც დახელოვნდა. ნელ-ნელა იმასაც მიხვდა, რომ შეუძლია კერძებს სხვადასხვა არომატებიც მიანიჭოს, საკვების მოსამზადებელი მრავალფეროვანი ჯამ-ჭურჭელიც გამოიგონა, ბოლოს ესთეტიკური სერვირებაც კი დაიწყო.
წარმოიდგინეთ რამდენი ექსპერიმენტი და ინოვაცია დგას ამ ყველაფრის უკან! პროდუქტის აღმოჩენა, დაგემოვნება, მოშინაურება, მოყვანა, შეწვა, მოხარშვა, ფერმენტაცია, ცხარე და ტკბილი გემოების გამიქსვა, კერძების გაფორმება … კულინარია ერთდროულად ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც. 

რამდენი ადამიანის უხილავი შრომის ნაყოფია, ის, რაც ახლა ჩვენი ქვეყნის იდენტობის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ქართული ცეკვა და სიმღერა. ისიც ანარეკლია ჩვენივე მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის. საქართველო გეოგრაფიულად ისტორიული მნიშვნელობის გზაჯვარედინზეა განთავსებული. სხვადასხვა პერიოდში მასზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტებიც გადიოდა, მათ შორის ე.წ. “აბრეშუმის გზა,” რომელიც ევროპას და აზიას აერთიანებდა. 

ალბათ სწორედ აზიური, შუა აზიური და ევროპული გავლენებით აიხსნება ქართული სუნელებისა და სანელებლების სიმდიდრე, მომზადების ტექნიკებისა და ინგრედიენტების მრავალფეროვნება. 

ქართული სუფრა რომ მხოლოდ ჭამა-სმა არ არის, ეს ჩვენს ენაშიც კარგად ჩანს. ხალხმა, რომელმაც სიტყვა მეგობრობა საზიარო ჭურჭლიდან ჭამას დაუკავშირა, ამით ყველაფერი თქვა კვებასთან მის დამოკიდებულებაზე. 

კვება ერთგვარი რიტუალია, სიცოცხლის გაგრძელების და გაზიარების საკრალური პროცესი. საკრალურობაზე თუ მიდგება საქმე, პური აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ის იყო ქართული სუფრის ბურჯი. პურ-მარილი, პურობა, პურის ჭამა, პურის გატეხა. პური წმინდაა. 

ქვეყნის ყველა კუთხეს თავისი პური ჰქონდა, როგორც ძველები ამბობენ, ერთ სოფელში პურს რომ ჩააკრავდნენ მეორე სოფელში აღწევდა მისი სუნიო. ჰოდა, იმართებოდა პურობა. პურიდან ხაჭაპურზე უნდა გადავიდეთ, ქართული სამზარეულოს მთავარ მშვენებაზე. ის ერთგვარი სიმბოლოა ზეიმისა და დღესასწაულის. თითქმის ყველა კუთხეში თავისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი ხაჭაპური მზადდება: იმერული, აჭარული, მეგრული, ოსური, თუშური კოტორი და ა.შ. ხაჭაპურს არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული. 

ალბათ გიფიქრიათ, ეს ერთი შეხედვით უბრალო კერძი, რომელიც სულ რაღაც ორი ინგრედიენტისგან შედგება, რანაირად შეიძლება იყოს ასეთი გემრიელი? 

რანაირად და ერთი საიდუმლო ინგრედიენტიც ახლავს, ავტორის სული და გული! ხაჭაპური ამის გარეშე არ გამოდის! ცომის მოზელის დროს რა სიმღერას იღიღინებ, იმაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. 

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა პური, ინდოეთშიც გხვდება, ხაჭაპურს მაინც უფრო ევროპული იერი დაჰკრავს. ქართულ პიცადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე. აი წმინდა აზიური გავლენების ხინკალი გვაქვს. მისი შორეული ბიძაშვილები უხვად არიან მიმობნეულები ტიბეტში, ჩინეთში, ნეპალსა თუ მონღოლეთში, მაგრამ არცერთი არ არის ისეთი შენიანი, როგორც ხინკალი. ის უბრალოდ კერძი არ არის, განსაკუთრებულია, ცალკე მდგომი, ხინკლის საჭმელად უნდა წახვიდე. ხინკლის ჭამა გამოცდილებაა. თავისი წესები აქვს, რასაც დიდი მხიარულებით ვასწავლით ხოლმე ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარს. ხელით რომ ეხები და ბოლომდე შეიგრძნობ მის მადლს. ხინკალი ეგეთია, არაფერი უნდა არსებობდეს თქვენს შორის, მხოლოდ შენ და ხინკალი.

ბოლო პერიოდში ვეგეტარიანულ სამზარეულოზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვეგანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაეძებენ გემრიელ კერძებს, რათა თავიანთი ყოველდღიური რაციონი კიდევ უფრო გაამდიდრონ. ცხადია ჩვენებური ფხალეული ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ისპანახი, ჭარხალი, კომბოსტო, ბადრიჯანი, სტაფილო, ლობიო, ეკალა, პრასი, ეს ყველაფერი თხილეულთან და სუნელებთან ერთად შეკმაზული, პიკანტური გემოების ნამდვილ აფეთქებებს ქმნის! გემრიელი და თანაც ჯანსაღი. ნამდვილად პასუხობს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. 

 

ქართული კერძების ჩამოთვლა რთული საქმეა, ყველა რეგიონს უნდა გადასწვდე: სვანური კუბდარი, რაჭული ლობიანი, მეგრული ხარჩო და ელარჯი, გურული ღვეზელი, ჯერ მარტო ყველის ნაირსახეობები რად ღირს: სულგუნი, იმერული, ტენილი, გუდის ყველი. არ არის გასაკვირი რომ ქართული კერძები უკლებლივ ყველას გულს იპყრობს. საქართველო გურმანების ნამდვილი სამოთხეა. როდესაც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ეკითხებიან თუ რა მოსწონთ საქართველოში ყველაზე მეტად, ერთ-ერთი რაც პირველი ახსენდებათ ჩვენი კერძები და ღვინოა. 

ქართული კულინარია მსოფლიო კულინარიის დამალულ განძად ითვლება, თუმცა ბოლო წლებში ის მეტად გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე და დამსახურებული აღიარებაც მოიპოვა. ამის დასტურად გეტყვით, რომ ხაჭაპური არაერთი გამოცემის 100 საუკეთესო კერძს შორის არის დასახელებული, ხოლო საქართველო მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებს.
ქართული კულინარიის საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ კერძის მომზადება სამზარეულოდან კი არა, ნიადაგიდან იწყება, ჩვენ კი მიწათმოქმედების ქვეყანა ვართ, გეორგია. ჰოდა, როგორ გინდა რომ შენი ოფლით, გარჯით და შრომით მოყვანილი, გემრიელად და რუდუნებით არ მოამზადო?!

გვესმის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ფასი. სწორედ ამიტომ, კულინარიის ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ზოგიერთი რეცეპტი, საუკუნეების განმავლობაში უცვლელი სახით მოვიდა ჩვენამდე. მიუხედავად ამისა, ქართული კულინარია მაინც ფეხს უწყობს თანამედროვეობას. არაერთი ლოკალური წამყვანი რესტორანი, მომხმარებლებს ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ვარიაციებს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული კულინარია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც განვითარებას მუდამ განაგრძობს, ტრადიცია კი ის სიმყარეა, რომელიც მომავალში მოგზაურობისკენ გვიბიძგებს, ამ საოცარ თავგადასავალში კი ბორჯომი მუდამ იქნება ქართული სუფრის ღირსეული წევრი.

 

 

Share on social media