ბორჯომი - ქართული სუფრის მეხუთე ელემენტი
ქართული სუფრის მრავალფეროვანი გრადაცია ათასწლეულების ცოდნას და გამოცდილებას იტევს. ქართული სუფრა ფიზიკური მოთხოვნილების გარდა, ემოციური ტკბობის, ყოველდღიური სტრესის მოხსნის, სახლში ყოფნის, სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდაცაა. ერთგვარ ფსიქოთერაპიულ ფუნქციასაც ითავსებს.
სუფრის გაწყობა და სამზადისი ცალკე ხელოვნებაა. ყველა კერძს თავისი დანიშნულება აქვს, ყველა კერძი თავის როლს ირგებს ამ ულამაზეს წარმოდგენაში. ზოგიც ჭირის სუფრაზე გამოდის, ზოგიც - ლხინის, ყველა კერძს თავისი დრო და ადგილი აქვს. მხოლოდ ორი რამეა უცვლელი, რის გარშემოც მთელი წარმოდგენა უნდა გაიმართოს. პური და ღვინო! ისინი არიან ქართული სუფრის მთავარი მოქმედი პირები, ყველა დანარჩენი მაგათ უნდა მოერგოს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ასწლეულის მანძილზე ამ საკრალურ დუეტს ბორჯომის მაცოცხლებელი წყალიც შეუერთდა.
არცერთი სუფრა საქართველოში ბორჯომის გარეშე არ ჩაივლის. კერძები დღესასწაულების მიხედვით იცვლებიან: ახალ წელს - საცივი, აღდგომას - კვერცხი, პასქა, ჩაქაფული. ქორწილს თავისი მენიუ აქვს, ქელეხს - თავისი. იშვიათად ერთმანეთი გადაკვეთონ, გადიან და გამოდიან კერძები სცენიდან, მაგრამ ბორჯომი მუდამ დგას. დგას თავისთვის მოზომილ ადგილას, ამაყად, ისე, თითქოს ფესვები 8000 მეტრის სიღრმეში ჰქონდეს გადგმული. დგას როგორც ძვირფასი ქვა, ულამაზესი სამკაულის შუაგულში.
ბორჯომი ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილად იქცა. მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, ისე ორგანულად შეერწყა, თითქოს მუდამ აქ ყოფილიყოს. პრინციპში ასეც არის, ყველაფერი რაც სუფრაზე აწყვია, იმავე მიწით და წყლით არის ნასაზრდოები საიდანაც ბორჯომი ამოდის.
ანტიკური ფილოსოფოსები სამყაროს საიდუმლოების ამოხსნას ცდილობდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდნენ, რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ ოთხი სტიქიისგან შედგება: მიწა, ცეცხლი, წყალი, ჰაერი. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთქმედებით იქმნება სიცოცხლე და ამ ოთხი ელემენტითაა მოქსოვილი მთელი კოსმოსი. თუმცა, არისტოტელემ წინამორბედების ნაფიქრალს თავისი დაუმატა და იეჭვა, რომ რაღაც კიდევ უნდა ყოფილიყო, რომელიც ამ ოთხ ელემენტს ერთიანად შეკრავდა და აზრს მისცემდა. ფილოსოფოსმა კიდევ ერთი ელემენტი, ეთერი, იგივე სივრცე შემოიტანა. ანტიკური საბერძნეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, მეხუთე ელემენტის ცნება ჩნდება აღმოსავლურ ფილოსოფიაშიც, გაგიკვირდებათ და მეხუთე ელემენტის როლი, იქაც სივრცეს ერგება.
ბორჯომი თავის მხრივ ოთხივე ელემენტს აერთიანებს მთელი თავისი დიდებულებით. ვულკანური წარმოშობის ცეცხლი, 8000 მეტრის სიღრმიდან ამოხეთქილი, სხვადასხვა ქანებგამოვლილი და მინერალებით გამდიდრებული, ჟანგბადით სავსე წყალი სტიქიების სრულფასოვანი პალიტრაა. მაგრამ როგორც კი ბოთლში ჩამოისხმება და ქართულ სუფრაზე თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს, ის ხდება ქართული სუფრის მეხუთე ელემენტი, კვინტესენცია! შეიძლება ხანდახან შეუმჩნეველი, როგორც ეთერი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ ქართული სუფრის გემრიელი სიმძიმე შეამსუბუქოს და პურობა იმაზე უფრო სასიამოვნო გახადოს ვიდრე იქამდე იყო.