ნარინჯისფერი შემოდგომა
ყველა სეზონს საკუთარი ფერი აქვს, შემოდგომა უდავოდ ნარინჯისფერია. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ სეზონური ნარინჯისფერი პროდუქტების სიმრავლეა, რომელიც შემოდგომას კიდევ უფრო გვიფერადებს.
ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული პირველ რიგში ნიშნავს ჭარბ ბეტა-კაროტინს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში გადაიქცევა A ვიტამინად და გვეხმარება ჯანსაღი კანის, კარგი მხედველობის, რეპროდუქციული და იმუნური სისტემების გაჯანსაღებაში.
გოგრა საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია, თუმცა გამოირჩევა ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. სეზონურ ინფექციებთან საბრძოლველად სწორედ გოგრა და ბეტა-კაროტინის მაღალი კონცენტრაცია გვეხმარება. ასევე შეიცავს სპეციფიკურ ნუტრიენტებს გულის ჯანმრთელობისთვის.
გოგრისგან მრავალფეროვანი ტკბილი თუ მარილიანი კერძის მომზადებაა შესაძლებელი.
ბატატი - საშუალო ზომის ბოსტნეული მხოლოდ 100 კალორიას ითვლის და ბეტა-კაროტინის დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. გვამარაგებს საჭირო ვიტამინებით და მინერალებით, როგორიცაა C ვიტამინი, მაგნიუმი და ა.შ.
სტაფილოს სუპერძალა არის ჯანმრთელი მხედველობის უზრუნველყოფა. იცავს თვალებს მზისგან და ამცირებს ისეთი დაავადების რისკს, როგორიცაა კატარაქტა.
სტაფილო ასევე კალციუმის და K ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც ძვლების მოძლიერებაში გვეხმარება. ამცირებს კიბოს რისკებს, რადგან ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა აქვს.
ციტრუსი - ერთ ჭიქა ახლადგაწურულ ფორთოხლის წვენს C ვიტამინის დღიური ნორმის შევსება შეუძლია, რაც ასე მნიშვნელოვანია ამ სეზონზე, ფოლიუმის მჟავაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც ორსულობის პერიოდში ძალზედ მნიშვნელოვანია. მართალია ჩვენთან სეზონურად ფორთოხალი მხოლოდ შემოდგომის მიწურულიდან იწყებს დამწიფებას, თუმცა თითქმის ყველა უბნის მაღაზიაში შეგხვდებათ იმპორტირებული ციტრუსი.
ატამი შემოდგომაზე კიდევ უფრო წვნიანი და გემრიელია, გარდა საოცარი არომატისა, ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, მდიდარია A, E, და K ვიტამინებით. აჯანსაღებს იმუნურ სისტემას და მხედველობას.
კარალიოკს ღმერთების ხილსაც ეძახიან, რადგან გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით - A ვიტამინის ჭარბი შემცველობით, რაც ჯანსაღი მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინია, მდიდარია ბოჭკოთი, რაც მომნელებელი სისტემის უკეთეს მუშაობას ნიშნავს, ენერგიის მომნიჭებელი პროდუქტია, რასაც მასში შემავალი კალიუმი და დიდი რაოდენობით ელექტროლიტები უზრუნველყოფს.
ბეტა-კაროტინის უკეთ შეთვისებისთვის საჭიროა სასარგებლო ცხიმების მიღება, როგორიცაა ცივი დაწურვის ზეთები, სხვადასხვა თხილეული და ავოკადო.
სეზონური პროდუქტებით შთაგონების საპოვნელად, გასტრო გიდის არქივს გადაავლეთ თვალი.