გასტრო კულტურა

გასტრო კულტურა

15 აგვისტო, 2023

საშობაო კერძები და დესერტები მსოფლიოს გარშემო

საფრანგეთში სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად დაამშვენებს ფუა გრა და ხამანწკები, კერძები და დესერტები მდიდარია წაბლის არომატით, მთავარ დესერტად კი საშობაო მორია წარმოდგენილი, რომელიც მორთულია შოკოლადის განაშით და მერინგის სოკოებით. საშობაო მორი ტრადიციულად თეთრი ბისკვიტის და შოკოლადის კრემის კომბინაციაა, თუმცა, რა თქმა უნდა, უამრავი ვერსია არსებობს თანამედროვე სამზარეულოში.

ეს ნამცხვარი შუა საუკუნეების ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ტრადიციას უკავშირდება. შობის წინ, ოჯახის მამა შვილებთან ერთად გადიოდა ტყეში ყველაზე დიდი მორის საპოვნელად, რომელსაც საშობაოდ დაანთებდა. მორს უნდა ეგიზგიზა სულ ცოტა სამი დღის განმავლობაში, რაც ოჯახის კეთილდღეობის საწინდარი იქნებოდა მომავალ ახალ წელს. საფრანგეთში მორს ღვინოს აპკურებდნენ, რის გამოც ბუხართან საოცარი სურნელი ტრიალებდა, ფერფლს მიწას აფრქვევდნენ ნაყოფიერი მოსავლისთვის, ცოტაოდენს ინახავდნენ შემდეგი შობისთვის ახალი მორის ასანთებად. უზარმაზარი ბუხრების გაქრობასთან ერთად, ტყეში ნაპოვნი დიდი მორი გადაიქცა პატარა, ტკბილ, მორთულ ნამცხვრად საშობაო მაგიდის შუაგულში.

 

გერმანიაში საშობაო სუფრის მთავარი გმირი შემწვარი ბატია, მორთმეული ადგილობრივ გარნირებთან ერთად, როგორიცაა წითელი კომბოსტო, შპეცლე და ა.შ. დესერტად კი თაფლის ორცხობილები, სპეკულაციუსი და შტოლენი დაგხვდებათ. 

საშობაო შტოლენის ისტორია 700 წელს ითვლის.
ეს არის საფუარზე მომზადებული ტკბილი პური, ბევრი ცუკატით, თხილეულით და სანელებლით, რომელიც გერმანიაში, უკლებლივ ყველა ოჯახში, სადღესასწაულო სუფრაზეა წარმოდგენილი. შტოლენს შობამდე 2-3 კვირით ადრე აცხობენ, შემდეგ ფუთავენ და ინახავენ დასაძველებლად, უკეთესი ტექსტურის და არომატების მისაღებად.

 

შვედეთში, ისევე როგორც სხვა სკანდინავიურ ქვეყნებში, საშობაო სუფრა ე.წ smörgåsbord სტილშია გაწყობილი, რაც გულისხმობს ბუფეტის ტიპის სუფრას. ტრადიციული კერძებიდან წარმოდგენილია დამარილებული ქაშაყი, გამოყვანილი ორაგული, პური, ჭარხლის სალათა, კომბოსტო, ყველის ნაირსახეობა.

დესერტად შაფრანით შეფერილ ყვითელ ფუნთუშებს და ბრინჯის პუდინგს მიირთმევენ, პუდინგში ნუშის გულის მპოვნელი მომავალ შობამდე დაქორწინდება.

 

პოლონეთში შობის სუფრაზე ხორციან კერძებს ვერ შეხვდებით, მხოლოდ თევზის და ბოსტნეულის კერძებია წარმოდგენილი: 12 ტრადიციული კერძი, 12 მოციქულის პატივსაცემად.

ტრადიციული ბორშჩი, კობრი, ქაშაყი, სოკოს წვნიანი, მოშუშული კომბოსტოს მწნილი, კომბოსტოს ხვეულები, ყაყაჩოს ნამცხვარი, ჯანჯაფილის ორცხობილები და ჩირები. 

 

იაპონური შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი fast food-ია, თუ დანარჩენი სამყარო ოჯახური, ტრადიციული კერძებით ხვდება შობას, იაპონელების მთავარი საშობაო კერძი ქათმის შემწვარი ბარკლებია KFC- ს სწრაფი კვების ობიექტებიდან.

ეს ტრადიცია 1974 წლიდან იღებს სათავეს და წარმატებული მარკეტინგული კამპანიის შედეგია. იაპონელები შეკვეთებს ორი თვით ადრე ათავსებენ, რადგან თავიდან აირიდონ რესტორნის წინ რიგში საათობით დგომა.

პოპულარულია ასევე პიცის შეკვეთა შობის დღესასწაულზე. ბოლო რამდენიმე წელია პიცის მწარმოებლები ცდილობენ დამკვიდრებას ამ მიმართულებით, რადგან ქათმის კერძებზე მოთხოვნა დიდია და პიცა ისედაც ასოცირდება მეგობრულ თუ ოჯახურ შეკრებებთან, პიცაც დამკვიდრდა საშობაო კერძად იაპონიაში.

დესერტად მიირთმევენ საშობაო დეკორით მორთულ ტორტს თეთრი კრემით და მარწყვით. 
 

Share on social media