გასტრონომიული მოგზაურობა საქართველოში
თუ სექტემბერში საქართველოში მოგზაურობას გეგმავ, ეს გზამკვლევი დაგეხმარება გასტრონომიული იდეებით.
სამი ტურისტული მიმართულება შევარჩიეთ - აჭარაში სექტემბერი მზიანი და თბილია, ამ დროს ზაფხულთან შედარებით ნაკლები ტურისტია, იდეალური დროა უქმეების დასაგეგმად. სვანეთში შემოდგომა ადრე იწყება, ხეები ათასფრად იფერება და მზიან ამინდებს თუ დაამთხვევ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდება. სექტემბერი კახეთის მოსანახულებლად საუკეთესო დროა, რადგან რთველი სწორედ ამ დროს იწყება.
აჭარა
აჭარული ხაჭაპურის გასინჯვის გარეშე ზღვაზე დასვენება წარმოუდგენელია, ისევე როგორც ბათუმის თევზის ბაზარში სტუმრობის და ადგილობრივი, შავი ზღვის თევზის დაგემოვნების გარეშე წამოსვლაა დანაშაული.
გამორჩეული აჭარული დესერტი ბაქლავაა, რომელიც აქაურ ყავასთან ერთად უნდა გასინჯო სანაპიროზე.
თუ მაღალმთიან აჭარას სტუმრობ აუცილებლად დააგემოვნე ბორანო, ეს აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია - ერბოში ჩამდნარი ადგილობრივი ყველი. საკმაოდ კალორიულია, თუმცა უგემრიელესი.
სინორი გამომცხვარი უსაფუვრო თხელი პურის ფირფიტებისგან მზადდება, დაჭრილ ლავაშებს კეცზე აწყობენ და აცხობენ ნადუღითა და კარაქით, ნოყიერი და გემრიელი კერძია.
არ დაგავიწყდეს აჩმის გასინჯვა - ეს ხაჭაპურის ნაირსახეობაა, რომელიც მოხარშული ცომის ფირფიტებით იწყობა, ფენებში ესმევა დამდნარი კარაქი და ყველი. იბრაწება ღუმელში, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.
სვანეთი
სვანური სამზარეულო მდიდარია ხორციანი კერძებით. აქ მოგზაურობისას აუცილებლად გასინჯე კუბდარი - ხორცის გულსართიანი ღვეზელი, რომელსაც ადგილობრივი სანელებლები უნიკალურ გემოს ანიჭებს.
თაშმიჯაბი ახალი ყველის და კარტოფილის კერძია, ნოყიერი და გემრიელი. ჭიშვდარი კიდევ ერთი ვეგეტარიანული კერძია სვანურ სამზარეულოში, მეგრული ჭვიშტარის ბიძაშვილი.
მოგზაურობიდან აუცილებლად გამოიყოლე სხვადასხვა სანელებლებით გაჯერებული სვანური მარილი, რომელსაც, სახლში დაბრუნებული, ყველა კერძს მოუხდენ. შეინახე ჰერმეტულად გრილ ადგილას და დიდხანს არ დაკარგავს არომატს.
კახეთი
კახეთში რთველზე უნდა ჩახვიდე და ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან ქართულ ტრადიციას დაესწრო. რთველისთვის მზიანი დღე შეირჩევა და ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცევა ხოლმე. რთველის შემდეგ ტრადიციულად სუფრა იშლება, სადაც წალამზე შემწვარი მწვადით, დედას პურებით, ყველით, სალათით გაგიმასპინძლდებიან.
თათარის მოდუღება და ჩურჩხელის ამოვლებაც სექტემბერში იწყება, გამოშრობას კვირები სჭირდება, მაგრამ ვერავინ უძლებს ცდუნებას ახალამოვლებული ჩურჩხელის გასინჯვისა.
კახური ხინკალი მთის ხინკლისგან განსხვავებით ძირათი და ნივრითაა შენელებული. ვეგეტარიანელებისთვის აუცილებლად გასასინჯი ხაჭოს ხინკალია, რომელსაც ტრადიციულად დამდნარ ერბოში ალაგებენ და ასე მიირთმევენ, თუმცა ერბოს გარეშეც გემრიელი და ნოყიერია.