გასტრო კულტურა

გასტრო კულტურა

29 ივნისი, 2026

გამორჩეული ქართული რესტორნები მსოფლიოში

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მსოფლიო კულინარიის ერთ-ერთი განსაკუთრებული და ეგზოტიკური სამზარეულო ქართულია. ის გამორჩეულია თავისი მდიდარი გემოებით, ტრადიციული რეცეპტებითა და მრავალფეროვნებით, რომელიც საუკუნეების კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. სწორედ ამიტომ ქართული სამზარეულოს მიმართ სხვადასხვა ქვეყნის გურმანების ინტერესი დღითიდღე იზრდება. 

ქართული კულტურული და კულინარიული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე საუბრისას უპირველესად უნდა ვახსენოთ „ბორჯომი“ - ქართული მინერალური წყლის სიმბოლო - რომელიც არა მხოლოდ უნიკალური ბუნებრივი თვისებებითაა გამორჩეული, არამედ მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის კულინარიულ მემკვიდრეობასთან. საუკუნეების განმავლობაში ის ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო. დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე ქართულ რესტორნებში „ბორჯომი“ ქართული გასტრონომიული ტრადიციების ერთ-ერთი წარმდგენი და შეუცვლელი სიმბოლოა. 

სტატიაში სწორედ „ბორჯომთან“ ერთად გაგაცნობთ რამდენიმე რესტორანს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული კულინარიის ელჩებად გვევლინებიან და საერთაშორისო გურმანებს ავთენტური გემოებით აცნობენ ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს.

 

NUNUKA -  მადრიდი

მადრიდის ცენტრალურ უბანში მდებარე ქართული რესტორანი NUNUKA გამორჩეულ ადგილად იქცა მათთვის, ვისაც ქართული სამზარეულოს აღმოჩენა სურს. რესტორანი 2022 წელს გაიხსნა და მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა. NUNUKA ბისტროს ტიპის რესტორანია, რომელიც სტუმრებს სწორი ტექნიკით მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდება. 

NUNUKA-ს ინტერიერი შთაგონებულია სივრცის მფლობელის ბებიის ბათუმური სახლით, რომელიც ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ რესტორანს სახელიც სწორედ ბებიის პატივსაცემად დაერქვა. NUNUKA-ს სამზარეულოს მართვაში ჩართულია მადრიდში მცხოვრები ქართველი შეფმზარეული - დავით ნარიმანიშვილი. რაც შეეხება მენიუს - აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხაჭაპურის ვარიაციები, ხინკალი და სხვადასხვა კუთხის გამორჩეული ტრადიციული კერძები. NUNUKA-ს მენიუ ღვინის დიდ არჩევანსაც მოიცავს, რომელიც იდეალურად ერწყმის კერძების გემოვნურ თვისებებს. აღსანიშნავია, რომ მადრიდში NUNUKA  პირველი ქართული რესტორანია, რომელიც მიშლენის გზამკვლევში სამჯერ - 2023, 2024 და 2025 წლებში მოხვდა.

 

Little Georgia - ლონდონი

Little Georgia, რომელიც ორ ადგილას -  ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ლონდონში მდებარეობს, უკვე წლებია, ქართულ კულინარიულ ტრადიციებს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში აცოცხლებს. Little Georgia იქცა ადგილად, სადაც ტურისტები და ადგილობრივი ინგლისელები  მათთვის უცხო, საინტერესო და დაუვიწყარ კულინარიულ გამოცდილებას იღებენ, ქართველები კი თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. Little Georgia არის სივრცე, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან ისე, როგორც ეს ქართულ მრავალსტუმრიან ოჯახში ტრადიციების სრული დაცვით იციან. სწორედ ამიტომ Little Georgia ის ადგილია, სადაც ქართული კულტურა და კულინარია ყოველდღე ცოცხლდება. რაც შეეხება მენიუს, ის ყველა იმ ტრადიციულ კერძს აერთიანებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი სავიზიტო ბარათია. მათ შორის არის ხინკალი, ხაჭაპურის მრავალფეროვანი არჩევანი, ფხალეული, მჭადი, ქართული ყველის სახეობები და ასე შემდეგ. 

 

Oda House – ნიუ-იორკი

Oda House ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორანია, რომლის კარი პირველად 2013 წელს მანჰეტენზე გაიღო. მას შემდეგ რესტორნის სტუმართა რიცხვი მუდმივად იზრდება. 2020 წელს  მეორე ფილიალი ბრუკლინში გაიხსნა. Oda House სტუმრებს სთავაზობს ტრადიციული ქართული კერძების დიდ არჩევანს - ხაჭაპურიდან და ხინკლიდან დაწყებული, დესერტებით გაგრძელებული. იმისათვის, რომ სივრცემ ზუსტად გადმოსცეს ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მენიუში საგანგებოდ შერჩეულ ღვინოებსაც შეხვდებით. სტუმრებს აქ 20-ზე მეტი სახეობის ავთენტური ღვინით უმასპინძლდებიან. თითოეული მათგანი საქართველოში მზადდება. Oda House არის ადგილი მათთვის, ვისაც სურს, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად სასიამოვნო გარემოში უნიკალური კულინარიული გამოცდილება მიიღოს. აღსანიშნავია, რომ Oda House-მა ამ დრომდე არაერთი ცნობილი გამოცემის ყურადღება მიიპყრო და ავტორიტეტული ჟურნალების კულინარიულ სვეტში მოხვდა. მათ შორის არის The New York Times და The Wall Street Journal. 

 

 

Qartuli – დუბაი  

Qartuli დუბაიში მდებარე ქართული რესტორანია, რომელიც გამოირჩევა 4.8-ვარსკვლავიანი რეიტინგითა და 1400-ზე მეტი დადებითი შეფასებით. მისი უნიკალური სამზარეულო და ინტერიერი TimeOut Magazine-მა აღნიშნა და Qartuli 2024 და 2025 წლებში არაბეთის გაერთიანებული საემიროების 100 საუკეთესო რესტორანს შორის დაასახელა.

რესტორნის დამფუძნებლები — ნინო ჩანტლაძე და მარიამ შევარდნაძე — 2024 და 2025 წლებში ზედიზედ მოხვდნენ Caterer Middle East Awards-ის საუკეთესო 10 რესტორატორის სიაში, ხოლო 2025 წელს დასახელდნენ Top 50 Most Influential Women in F&B in the Middle East (ახლო აღმოსავლეთში კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში 50 ყველაზე გავლენიანი ქალი) სიაში Caterer-ის მიხედვით.

ამასთანავე, 2025 წელს რესტორანმა „Qartuli“ მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ჯილდო, როგორც საქართველოს საუკეთესო რესტორანმა საზღვარგარეთ.

Qartuli სტუმრებს კულინარიულ ტრადიციას მაღალი კლასის სერვისით აცნობს. მისი მენიუ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლასიკურ კერძებს მოიცავს. ავთენტურ ქართულ გემოებთან ერთად, სტუმრებს აქ განსაკუთრებული ატმოსფერო ხვდებათ - ჯაზისა და რეტრო მუსიკის ცოცხალი შესრულების ფონზე.

 

Colchide - პარიზი

Colchide პარიზში მდებარე ქართული რესტორანია, რომელსაც სამი ფილიალი აქვს. რესტორანი მსოფლიოს მთავარ ტურისტულ ქალაქში გურმანების საერთაშორისო აუდიტორიას ქართულ ავთენტურ გემოებს სიამაყით აცნობს. Colchide 2013 წელს გაიხსნა. რესტორნის პოპულარობამ 2016 წელს მეორე ფილიალის გახსნა განაპირობა, 2019 წელს კი Colchide-ს მესამე სივრცის კარი გაიღო სტუმრებისთვის. მენიუშია ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ჩაქაფული და სხვა. Colchide-ს ინტერიერი კომფორტული და მეგობრული გარემოთი გამოირჩევა, სადაც თანამედროვე სტილი ჰარმონიულად ერწყმის ქართულ ელემენტებს. რესტორანი ასევე ცნობილია სასმლის სელექციით, რაც კარგად გადმოსცემს ღვინის შექმნის ქართულ ტრადიციებს. 

მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ქალაქებში წარმატებით მომუშავე ქართული რესტორნები იმის დასტურია, რომ ჩვენი ქვეყნის ტრადიციული სამზარეულო საერთაშორისო გურმანების და გლობალური კულინარიული სცენისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მათი პოპულარობა არა მხოლოდ ქართული გემოებისა და გასტრონომიული მემკვიდრეობის უნიკალურობით აიხსნება, არამედ იმითაც, რომ ისინი წარმატებით ახერხებენ ტრადიციებისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის შერწყმას, რაც ქართული რესტორნების მომსახურებაშიც აისახება. 

Share on social media