
„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა - ინვესტიცია $120 მილიონია
ახალი ქარხანა - 135-წლიანი ისტორია!
IDS ბორჯომი საქართველო, როგორც დარგის ლიდერი და ნოვატორი კომპანია, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ქარხანას ხსნის. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია.
ახალი ქარხანა - აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია დარგში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.
საწარმოში დამონტაჟდა 4 ახალი, ულტრა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხაზი და წყლის ჩამოსხმის ინფრასტრუქტურა. კომპანიის პორტფელი გაფართოვდა და დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.
აფნან აჰსანი, კომპანია IDS ბორჯომი საერთაშორისოს ჯგუფის გენერალური დირექტორი:
„ახალი ქარხანა არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ბორჯომის“ საერთაშორისო ბაზრებზე გასაძლიერებლად. ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავამყაროთ პოზიციები საქართველოში და ამავე დროს თამამად გავაფართოვოთ ოპერაციები სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი. გლობალურად ჩვენი მიზანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება, გაფართოება და ზრდა, რათა გავხდეთ მნიშვნელოვანი, წარმატებული საერთაშორისო სასმელების კომპანია, „ბორჯომი“ კი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდად ვაქციოთ.“
ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:
„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელსაც კომპანია ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულ ყველაზე დიდ ინვესტიციას და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე - ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ ღირსეულად გაგვეგრძელებინა „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია და მეორე მხრივ შეგვექმნა სივრცე მომავლის პროექტებისთვის. ამიერიდან გაერთიანებულ, ახალ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება როგორც პორტფელში არსებული მინერალური წყლების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება ერთგვარი ხიდი „ბორჯომის“ მემკვიდრეობასა და მომავალს შორის.“
ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით მიმდინარეობდა. ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში დასაქმებულია 600 ადგილობრივი. საწარმოო პროცესი სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და აკმაყოფილებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ქარხანა აგებულია ენერგო ეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.